იობი, თავი 28
ხომ აქვს ვერცხლს საბადო და ოქროს - ადგილი, სადაც წმედენ მას;
რკინას მიწიდან იღებენ და სპილენძი გადამდნარი ქვაა.
ადამიანმა საზღვარი მიუჩინა სიბნელეს და ქვეყნის კიდემდე ეძებს ბნელეთისა და წყვდიადის ქვას;
მაღაროს თხრის უკაცრიელში, კაცის ფეხთაგან მივიწყებულ ადგილებში;
მიწაა, პურს რომ აღმოაცენებს, მისი ქვეშეთი კი თითქოს ცეცხლისგან არის სახეცვლილი;
საფირონის საბადოა მისი ქვები და მასთან ოქროს ქვიშა იპოვება!
მისი ბილიკი არ იცის ონავარმა ფრინველმა და ქორის თვალსაც არ დაუნახავს;
ამაყ მხეცებს იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს არ გაუვლია;
კაჟისკენ გაიშვერს ხელს, ფესვებიანად აყირავებს მთებს;
კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს ჭვრეტს მისი თვალი.
მდინარეთა ნიაღვარს აკავებს და დაფარული სინათლეზე გამოაქვს.
სად იპოვება სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
მისი გზა არ იცის ადამიანმა და ცოცხალთა ქვეყნად ის არ იპოვება.
უფსკრული ამბობს: ჩემში არ არისო; ზღვა ამბობს: ჩემთან არ არისო.
არ გაიცვლება ოქროს ზოდში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად;
არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსით და არც საფირონით;
ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი; წმიდა ოქროს ჭურჭელი მისი საღირალი არ არის;
არ არის სახსენებელი მარჯანი და ბროლი; მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე.
ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, წმიდა ოქროთი არ აიწონება.
საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?
უხილავია ყოველი ცოცხალის თვალისათვის და დაფარულია ცის ფრინველთათვის;
ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო მისთვის.
ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი;
რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელს ცისქვეშეთს ხედავს.
როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს დონეს უსაზღვრავდა,
როდესაც წვიმას წესი დაუდგინა და მეხის გვრგვინვას გზა გაუკაფა,
მაშინ იხილა ის და გამოაცხადა, დააფუძნა და კიდეც გამოსცადა.
უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება.
რამეთუ არს ადგილი ვეცხლისაჲ, ვინაჲ იქმნების, და ადგილი ოქროჲსაჲ, ვინაჲ გამოვალს,
რამეთუ რკინაჲ ქუეყანით იქმნების და სპილენძი, ვითარცა ქვაჲ გამოიკუერვის.
წესი დაუდვა ბნელსა და ყოველი დასასრული მან გამოიკითხოს, ლოდი ბნელისაჲ და აჩრდილი სიკუდილისაჲ.
განკუეთაჲ ჴევისაჲ მტუერისაგან, ხოლო რომელთა დაივიწყნეს გზანი მართალნი, მოუძლურდეს კაცთაგან.
ქუეყანისაგან გამოვიდეს პური, ქუეშე მისსა იქცევის, ვითარცა ცეცხლი.
ადგილი საფირონისაჲ ქვანი მისნი და მიწად ოქროჲ მისი.
ალაგნი მისნი არა იცნის მფრინველმან და არა იხილა იგი თუალმან ორბისამან.
არა დათრგუნეს იგი ძეთა ლაღთათა, არა წარვლო ლომმან.
კლდისა მწუერვალთა ზედა განიპყრნა ჴელნი მისნი და დააქცინა საფუძველითგან მთანი ძნელნი.
მოქცევნი მდინარეთანი განხეთქნა, ყოველი პატიოსანი იხილა.
და სიღრმენი მდინარეთანი გამოაჩინნა და გამოაცხადა ძალი თჳსი ნათლად.
ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ რომელი ადგილი არს მეცნიერებისა?
არა იცის კაცმან გზაჲ მისი, არცა იპოების კაცთა შორის.
უფსკრულმან თქუა: არა არს ჩემ შორის, და ზღუამან თქუა: არა არს ჩემ თანა.
არა სცეს შეყენება მის წილ, ვერცა ესწორების მას ვეცხლი ნაცვალად მისა,
ვერცა ესწოროს მას ოქროჲ ოფაზისაჲ: ფრცხილი, ანთრაკი და საფირონი,
ვერცა ესწოროს მას ოქროჲ და მანი და ნაცვალად მისა ჭურჭელი ოქროჲსაჲ,
განსაცხრომელი და მდაბალი არა მოიჴსენოს, და მოიზიდე სიბრძნე უფროს შინაგანისა.
არა ესწოროს მას პაზიონი ჰინდოეთისა, ოქროსა თანა წმიდისა ვერ შეესწოროს.
ხოლო სიბრძნე ვინაჲ იპოვა? ანუ სადა იყოს ადგილი გულისჴმისყოფისა?
დაავიწყდა ყოველსა კაცსა და მფრინველთაგან ცისათა დავფარა.
წარსაწყმედელმან და სიკუდილისამან თქუეს, ვითარმედ: გუასმიეს მისი სიკეთე.
უფალმან კეთილად დაამტკიცა გზაჲ მისი.
და მან თავადმან იცის ადგილი მისი, რამეთუ იგი ყოველსავე, რაჲ-არს ცასა ქუეშე, ხედავს და იცის ყოველივე,
რავდენი ქმნა ქუეყანასა ზედა ქართა სასწორი და წყალთა საწყევო,
ოდეს ქმნა ესრეთ, იხილა და განრაცხნა და გზაჲ განმარტებით ჴმითა
მაშინ იხილა და გამოთქუა იგი, გაჰმზადა, გამოიკულია იგი,
და ჰრქუა კაცსა: აჰა, ესერა, ღმრთისმსახურება არს სიბრძნე, ხოლო განშორებაჲ ბოროტისაგან არს მეცნიერებაჲ.