იობი, თავი 31
აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა;
რა არის ღვთის წილი მაღლიდან და ხვედრი ყოვლადძლიერისა ზესკნელიდან?
განა დაღუპვა არ არის უკეთურთათვის და სატანჯველი ბოროტმოქმედისთვის?
განა არ ხედავს ის ჩემს გზებს და არ ითვლის ყოველ ჩემს ნაბიჯს?
თუკი სიცრუით მივლია და სამზაკვროდ აჩქარებულა ჩემი ფეხი,
ამწონოს მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება;
თუკი ოდესმე გზიდან გადაეხვიოს ჩემს ნაბიჯებს, თვალებს აჰყოლოდეს ჩემი გული და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს,
მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი!
თუკი ოდესმე ჩემი გული მოცთუნებულიყოს დედაკაცით ან ჩემი მეზობლის კართან მეთვალთვალოს,
მაშინ სხვას უფქვას ჩემმა დედაკაცმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე!
რადგან ეს გარყვნილებაა და სამსჯავრო დანაშაული;
რადგან ცეცხლია ეს, რომელიც ჭამს საბოლოო გაცამტვერებამდე, და ამოძირკვავს მთელს ჩემს საბადებელს.
თუკი ოდესმე აბუჩად ამეგდოს ჩემი მონისა და მხევლის სამართალი, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან,
რა ვქნა მაშინ, როცა ადგება ღმერთი? როცა დამკითხავს, რა ვუპასუხო?
განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?
თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბ-ღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით დამექანცოს?
ანთუ მარტოს გამეტეხოს ლუკმა და ობოლს არ ეჭამოს ჩემთან ერთად?
(რადგან ჩემი ყრმობიდანვე ჩემთან იზრდებოდა, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი).
თუკი ოდესმე დამენახოს სიკვდილს მიწურვილი კაცი უსამოსლოდ და საპყარი უმოსასხამოდ,
და არ დაელოცოს ჩემი საზარდული, არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის მონაპარსით?
თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა მხარდაჭერის მოიმედეს?
ზურგს მოწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს მკლავი!
რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებდი.
თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს!
თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელმა!
თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა
იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისთვის!
ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი.
თუ ოდესმე გამხარებოდეს ჩემი მოძულის უბედურება და მეზეიმოს მის ცუდ ამბავზე!
არ ჩავადენინე ცოდვა ჩემს ენას, რომ წყევლით მოესწრაფა მისთვის სიცოცხლე.
თუ არ ეთქვას ჩემი კარვის ხალხს, ვინ არ გამძღარაო მისი ხორცით?
მწირს გარეთ არ გაუთევია ღამე, კარი ღია მქონდა მგზავრისათვის.
თუ ოდესმე დამეფაროს ადამივით ჩემი შეცოდება, რომ საიდუმლოდ შემენახა ჩემი დანაშაული!
რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და ნათესავთა ზიზღი მაშინებდა; ვდუმდი, კარში არ გავდიოდი.
ნეტავ მომისმენდეს ვინმე! აჰა, ჩემი ნიშანიც! მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და დაწეროს საბუთი ჩემმა მოსარჩლემ.
ზურგით ვატარებდი, გვირგვინივით შემოვიხვევდი!
გავუმხელდი ჩემს ყოველ ნაბიჯს და, როგორც მთავარს ვისმე, მივეახლებოდი.
თუკი ოდესმე მიწას დაეჩივლოს ჩემზე და მისი თუნდაც ერთი ხნული ატირებულიყოს,
თუკი ოდესმე მუქთად მეჭამოს მისი დოვლათი და მისი მუშაკნი შემეწუხებინოს,
ხორბლის ნაცვლად ეკალი ამოვიდეს და ქერის ნაცვლად ღვარძლმა იხაროს! დასრულდა იობის სიტყვები.
აღთქმაჲ აღუთქუ თუალთა ჩემთა და არა გულისჴმა-ვყო ქალწულსა ზედა.
და გან-რა-უყო უფალმან ზეგარდამო და სამკჳდრებელი უნაკლულოჲ მაღლით გამო.
ვაჲ წარწყმედასა ცრუსასა და უცხოსა საქმესა, რომელნი იქმან უსჯულოებასა.
ანუ არა თავადმან იხილნეს გზანი ჩემნი და ყოველნი გზანი ჩემნი აღრაცხნეს?
უკუეთუ სრულ ვიყავ მე მლაღობელთა თანა, გინათუ ისწრაფა ფერჴმან ჩემმან ზაკუასა?
რამეთუ ვდეგ უღელსა ზედა მართალსა, და იცის უფალმან უმანკოებაჲ ჩემი.
უკუეთუ გარდა-სადა-აქცია ფერჴმან ჩემმან გზისაგან მისისა, გინათუ მისდევდა თუალთა ჩემთა გული ჩემი, ანუ თუ ჴელითა ჩემითა შევახე ქრთამსა?
მითესავსმცა და სხუანი ჭამენ, და უძირომცა ვარ ქუეყანასა ზედა.
უკეთუ მისდევდა გული ჩემი ცოლსა სხჳსასა, ანუ თუ და-სადა-ვჯედ მზირად კართა მისთა?
სათნომცა ეყოფის ცოლიცა ჩემი სხუათა და ყრმანი ჩემნი დამდაბლდენ,
რამეთუ გულისწყრომაჲ რისხვისაჲ არს დაუპყრობელი შეგინებაჲ ქმრისცოლისაჲ.
რამეთუ ცეცხლი არს აღგზებული ყოვლით კერძოვე, ვიდრეცა ვიდეს, რამეთუ, რომელმან თუალ-აგნეს ქალწულსა, ძირითურთ წარწყმიდა,
ანუ თუ ვდრიკე სასჯელი მონისა ჩემისაჲ და მჴევლისა ჩემისაჲ, იშჯიედ რაჲ ჩემ წინაშე?
რაჲმე ვყო, უკუეთუ განკითხვასა ჩემსა ჰყოფდეს უფალი? გინათუ მოხედვას ჰყოფდეს, რაჲმე სიტყუა-უგო?
ანუ არა, ვითარცა მე, ეგრეცა იგინი იყუნეს საშოსა შინა? ვიყუენით მასვე შინა მუცელსა.
უძლურთა, ოდეს სადა რაჲ უჴმდა, არარაჲ დააკლდა, და თუალნი ქურივთანი არა დავაურვენ.
აღვიღე პური ჩემი, ვჭამე მარტომან და ობოლსა არა ვეც,
რამეთუ სიჭაბუკითგან ჩემით ვზრდი მათ, ვითარცა მამაჲ და დედის მუცლითგან უძღოდე მათ.
ანუ თუ უგულებელს-ვყავ შიშუელი და დავრდომილი და არა შევმოსე?
უძლურნი მაკურთხევდეს მე, რამეთუ ნარისუევითა ტარიგთა ჩემთათა განტფებოდეს ბჭენი მათნი.
ანუ გან-სადა-ვირთხ ობოლსა ზედა ჴელი ჩემი გულპყრობით, ვითარმედ მრავალი შეწევნაჲ არს ჩემ თანა?
წარ-მცა-ვარდების მკლავი ჩემი მჴრითგან, და ჴელი ჩემი იდაყჳთგან შეიმუსრენ,
რამეთუ შიშსა უფლისასა შევეპყარ მე, და სიტყუათა მისთა ვერ დაუთმო.
გინათუ დავფალ ოქროჲ ჩემი მიწასა ქუეშე, ანუ ანთრაკთა პატიოსანთა ვესევდ?
ანუ თუ ვიხარებდ დიდძალსა ზედა სიმდიდრესა ჩემსა, ანუ ურიცხუთა ზედა დავსდევ ჴელი ჩემი?
ანუ ვხედევდ მზესა აღმოსავალსა და დამავალსა, მთუარესა აღსავსესა და მოკლებულსა?
რამეთუ არა ამათ ზედა არს, ანუ თუ სცთა სადა იდუმალ გული ჩემი, ანუ თუ ჴელი ჩემი დავიდევ პირსა ჩემსა და ვაკოცე?
და ესეცამცა უსჯულოებად დიდად შემერაცხების, რამეთუ ვტყუე წინაშე უფლისა მაღლისა.
ანუ თუ მომცხრებოდა მე დაცემაჲ მტერთა ჩემთაჲ და თქუა გულმან ჩემმან: ვაშა?
ესმისმცა ყურთა ჩემთა წყევაჲ ჩემი, სათხრობელმცა ვარ ერისაგან ძჳრ-ძჳრად.
უკუეთუმცა მრავალგზის თქუეს სადამე მჴევალთა ჩემთა: ვინ მომცეს ჩუენ ჴორცთაგან მისთა განძღებად? რამეთუ ფრიად ტკბილ ვიყავ მე.
გარეშე უცხოჲ არა სადა დაადგრა სახლსა ჩემსა და კარი ჩემი ყოვლისათჳს მომავალისა განღებულ იყო.
გინათუ ვცოდე სადამე არა ნებსით და დავმალე ცოდვა ჩემი?
რამეთუ არა შევიკდიმე სიმრავლესა წინაშე ერისასა, ვითარმცა არა აღვიარე წინაშე [!] მათსა, ანუ თუ უძლური განუტევე განსლვად წიაღითა ცალიერითა?
ვინმცა მასმინა მე ესე? რამეთუ ჴელისათჳს უფლისა მე შენდა ჴელითწერილი თუ ვისიმე მაქუნდა,
მჴართა ჩემთა ზედა დავიდევ, ვითარცა გჳრგჳნი და აღმოვიკითხე.
და განვხეთქე იგი და მივსცი. და არარაჲ მოვიღო თანამდებისაგან.
არცა ქუეყანამან სადამე სულთ-ითქუნა ჩემ ზედა, ანუ თუ ორნატნი მისნი ტიროდეს ერთბამად?
გინა თუ ძალი მისი შევჭამე მარტომან, ანუ თუ და-ვისი-ვიპყარ ქუეყანაჲ, და სული მის უფლისა ქუეყანისაჲ შევაწუხე?
იფქლისა წილმცა აღმომიცენდების ჯინჭარი და ქრთილისა წილ მაყუალი.