ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 39

1

თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი? ფურირმის მყვირალობა თუ შეგინიშნავს?

2

თუ დაგითვლია მისი მაკეობის თვეები? ან თუ იცი ჟამი მოგებისა?

3

ჩაიმუხლებენ, გამოაგდებენ ნაშიერთ, უამდებათ შობის ტკივილები.

4

მაგრდებიან მათი შვილები, იზრდებიან ტრიალ მინდორზე, იფანტებიან და უკან აღარ უბრუნდებიან.

5

ვინ გაუშვა ნებაზე კანჯარი და ველურ ვირს საბელი ვინ გაუხსნა,

6

რომელსაც უდაბნო მივეცი სახლად და სამყოფლად - მლაშობი?

7

ქალაქის ხმაურს არად აგდებს და გამრეკის შეძახილებს არ უსმენს.

8

მთებზე საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს.

9

თუ ისურვებს მარტორქა შენს სამსახურს? შენს ბაგებთან თუ დაიღამებს?

10

ბაწრით თუ დააკავებ მარტორქას ხნულთან? თუ დაგიფარცხავს ნახნავებს შენს უკან?

11

თუ დაენდობი მის ძლიერებას და შენს საშრომელს თუ მიანდობ?

12

თუ გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს და კალოზე დაგიხვავებს?

13

ხალისობენ სირაქლემას ფრთები, მაგრამ სიყვარულის ნაკრეტენი და ბუმბულია ისინი?

14

რადგან მიწაზე დებს თავის კვერცხებს და ქვიშაში ათბობს მათ;

15

ავიწყდება, რომ ფეხით გაიჭეჭყება და ველის მხეცი გათელავს მას.

16

სასტიკად ექცევა თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ ყოფილიყვნენ; ამაოა მისი გარჯა სიფრთხილის გარეშე;

17

რადგან ღმერთმა დაუკავა მას ჭკუა და წილად არ არგუნა გონება;

18

რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მხედარს.

19

შენ ახტუნებ კალიასავით? მისი დიდებული ჭიხვინი ზარდამცემია!

20

21

მიწას თხრის ველზე და ხარობს, ძლიერი ჭენებით მახვილს ეგებება.

22

შიშს დასცინის, არ ფრთხება და მახვილისგან პირს არ აბრუნებს;

23

მის თავზე ჟღრიალებს კაპარჭი, ელავს შუბისწვერი და ჰოროლი.

24

გრიალ-დგანდგარში ყლაპავს მიწას და ბუკის ხმა ვერ აკავებს;

25

ბუკის ცემაზე, იტყვის: აჰა! და შორითვე იყნოსავს ბრძოლას, სარდლის შეძახილებს და ყიჟინას.

26

შენს ჭკუაზე ნავარდობს ქორი და სამხრეთისკენ მიფრინავს ფრთაგაშლილი?

27

შენს ბრძანებაზე აღმაფრენს არწივი და იკეთებს მაღლა თავის ბუდეს?

28

კლდეზე სახლობს და ათევს ღამეს, კლდის ქიმია მისი ციხე-სიმაგრე;

29

იქიდან ეძებს საკვებს, შორიდანვე ჭვრეტს მისი თვალი;

30

მისი მართვენი სისხლს ხვრეპენ და სადაც ლეშია, იქ გაჩნდება.

1

მიუგო უფალმა იობს და უთხრა:

2

რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს.

3

მიუგო იობმა უფალს და უთხრა:

4

აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული.

5

ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და - დავდუმდები.

1

უკუეთუ სცნა ჟამი შობისაჲ ირემვაცთაჲ შინა, ანუ შენ დაუმარხეა სალმობაჲ ირემთა?

2

და აღრაცხენ თთუენი შობისა მათისანი სავსებით, ანუ სალმობანი მათნი შენ განჰჴსნენა?

3

და განჰზარდენ მართუენი მათნი თჳნიერ შიშისა? და სალმობანი მათნი მოუვლინენ?

4

დასთხინენ შვილნი მათნი და განმრავლდენ შობითა. განვიდენ და არღარა მოიქცენ თავით თჳსით.

5

ანუ ვინ განუტევა კანჯარი თავისუფლად, და საკრველნი მათნი ვინ განჴსნა?

6

ვყავ საყოფლად მათდა უდაბნოჲ და საძოვარად მათდა ქუეყანაჲ მარილოვანი.

7

ეკიცხენ სიმრავლესა ქალაქისასა და ბრძოლაჲ ხარკის-მკრებელთაჲ არა ესმინ მათ.

8

განიმსტურნიან მთანი საძოვრად მათდა და შემდგომად კუალსა ყოვლისა მდელოჲსასა ეძიებედ.

9

ანუ ინებოსმეა მარტორქამან მონებად შენდა, ანუ დაწოლად ბაგასა შენსა?

10

ანუ შე-მე-უკრა საბლითა უღელი მისი, ანუ ზიდვიდესმეა ორნატსა შენსა ველსა ზედა?

11

გინათუ ესვიდე მას, რამეთუ დიდ არს ძალი მისი. და მიუტეო მას საქმე შენი.

12

გრწამსა, ვითარმედ მოგაგოს შენ თესლი შენი და შემოიღოს კალოსა შენსა?

13

ფრთითა განსცხრებინ მჭურინავი, უკუეთუ მიუდგეს სირაქლემი და იხჳ,

14

რამეთუ დაუტევნეს ქუეყანასა ზედა კუერცხნი მისნი და მიწასა ზედა აცხობნ მათ,

15

და დაავიწყდეს, სადა-იგი დააბნინა, და მჴეცთა ველისათა დათრგუნნეს იგინი.

16

განფიცხნეს შვილნი მისნი, ვითარცა არა მისნი, ცუდად დაშურა თჳნიერად შიშისა,

17

რამეთუ დაადუმა უფალმან მისმან სიბრძნე მისი და არა განუწილა მას გულისჴმის-ყოფაჲ.

18

ჟამად-ჟამად სიმაღლისა აღიმაღლის, ეკიცხევნ ცხენზედა და ზედამჯდომელსა.

19

ანუ შენ შეჰმოსეა ძალი ცხენსა და შეარტყ ქედსა მისსა შაში?

20

და შეჰმოსე საჭურველი და დიდებაჲ მკერდსა მისსა და კადნიერებაჲ?

21

აღმოითხრინ ფერჴითა და იბეკნ ველსა ზედა, იზახებნ და განვალნ ველად.

22

შემთხუევასა ისრისასა ეკიცხევნ და არა გარემიიქცის მახჳლისაგან.

23

მის ზედა ოხრინ რაჲ მშჳლდი და მახჳლი, ლახურისა და ჰოროლისა ძრვაჲ.

24

და რისხვითა განჰრყუნინ ქუეყანასა და არა ჰრწამნ, ვიდრემდე დაჰბერონ. ნესტუმაღა ჴმა-ყვის.

25

მან თქჳს: ვაშა, ვაშა! შორითავე სული ეცის ბრძოლისაჲ და ზედამისლვა და ღაღადებაჲ.

26

ანუ შენითა სწავლითა დადგის ქორი? განიპყრნის ფრთენი თჳსნი და შეუძრველად დგან და იხედავნ ჩრდილოჲთ კერძო.

27

ანუ შენითა ბრძანებითა აღმაღლდის ორბი და ყანჩი დაჯდის მართუეთა ზედა?

28

და იქცევინ მწუერვალთა ზედა კლდისათა ფარულად,

29

მუნ არნ და ეძიებნ საზრდელსა, შორით თუალნი მისნი ხედვენ,

30

მართუენი მისნი შეიბღალნიან სისხლითა, სადაცა არს მძორი, მეყსეულად მუნ იპოვნიან.

1

და მიუგო უფალმან ღმერთმან იობს და ჰრქუა:

2

აწ ნუუკუე შენ სასჯელსა შემძლებელისა თანა ერიდები, რომელი ამხილებდეს ღმერთსა, მიეგოს მას სიტყუაჲ.

3

მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა:

4

და მე რაჲ სიტყუაჲ უპოო ესოდენისა მიმართ, ჴელი დავიდვა პირსა ჩემსა?

5

ერთგზის ვიტყოდი და მერმე არღარა შევსძინო.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142