იობი, თავი 15
მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:
ფუჭ რჩევას უნდა იძლეოდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?
უნდა უცილობლობდეს უსაფუძვლო ლაპარაკით და ფუჭი სიტყვებით?
შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის წინაშე.
რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია;
შენივე ბაგე გდებს ბრალს; მე კი არა, შენი პირი იმოწმება შენს წინააღმდეგ,
პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ?
ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია?
რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? რას მიხვდი ისეთს, რაც ჩვენთან არ არის?
თმათეთრიც და მოხუცებულიც არის ჩვენს შორის, მამაშენზე უხსენი.
გეცოტავება ნუგეში ღვთისგან? ან იქნებ რაღაც საიდუმლო სიტყვაა შენთან?
საითკენ გეწევა გული და რას ახამხამებ თვალს?
რას მიგიმართავს შენი სული ღვთის წინააღმდეგ და რა სიტყვები ამოდის შენი პირიდან?
რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს? ან მართალი იყოს დიაცის ნაშობი?
აჰა, თავისი ანგელოზებისაც არა სწამს მას და ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში!
რამდენად ბილწი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას!
გეტყვი და მომისმინე, გიამბობ, რაც ვნახე,
რაც ბრძენებს შეუტყვიათ და არ დაუმალავთ თავისი მამა-პაპისგან განაგონი;
მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა და უცხოს არ გაუვლია მათ შორის;
იტანჯება ბოროტი მთელი სიცოცხლე და წელთა რიცხვი დაფარულია მძლავრთათვის;
შიშისზარია მათ ყურებში, მშვიდობიანობის დროს ესხმის თავს მძარცველი.
იმედი არა აქვს, რომ გაექცევა წყვდიადს და შემართულია მასზე მახვილი;
ლუკმა პურასათვის დახეტიალობს, მაგრამ სად არის? იცის, შავი დღე შერჩება ხელში.
აშინებს მას გასაჭირი და იწროება, თავს ესხმის ომში გასულ მეფესავით.
რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
ეჭრებოდა მას ქედმაღლურად თავისი ფარების სქელი ზურგებით
რადგან თავისი ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თირკმელებზე.
მკვიდრობს დაქცეულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც განწირულია დასანგრევად.
ვერ გამდიდრდება, ვერ შენარჩუნდება მისი დოვლათი, ვერ დააფენს ჩრდილს მიწაზე.
ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი გამოაშრობს მის ყლორტებს და ქარისგან დაცვივა ყვავილი.
ამაოდ ნუ ერწმუნება გზადაკრგული, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური.
უდროოდ გათავდება და მისი რტო ამწვანებას ვერ მოასწრებს.
როგორც ვაზს ჩამოგლეჯენ მკვახე ყურძენს და ზეთისხილივით დააბერტყინებენ ყვავილს.
რადგან ბერწია უღვთოთა საკრებულო და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს.
მუცლადიღო ტანჯვა და დაბადა სიავე, ახლა მუცელი მათი სიცრუეს ამზადებს.
მიუგო ელიფას თემანელმან და თქუა:
აწ უკუე ბრძენმან სიტყუაჲ მოუბის გულისჴმის-ყოფისა სულისაჲ და აღავსო სალმობითა მუცლისათა.
ამხილებ სიტყჳთა, რომელ არა ჯერ-იყო სიტყჳთა, რომელ არა სარგებელ?
და აღასრულენ სიტყუანი ესევითარნი წინაშე უფლისა. თანამდებ ხარ სიტყუათა პირისა შენისათა,
არარაჲ განიკითხენ სიტყუანი ძლიერთანი.
გამხილენ შენ პირმანვე შენმან და ნუმედა ბაგეთა შენთა შეგწამონ შენ.
აწ რაჲ? ნუ უწინარეს კაცთა შენ იყავ? ანუ უწინარეს მთათა დაებადე?
ანუ პირველად ბრძანებაჲ უფლისაჲ შენ გესმა? ანუ შენ ზედა ხოლო მოიწია სიბრძნე?
ანუ შენ რაჲ იცი, რომელი ჩუენ არა ვიცით? ანუ შენ რაჲმე გულისჴმა-გიყოფიეს, რომელ ჩუენ არა?
და მოხუცებულ და უძუელეს ჩუენსა და უმრავლეს ჩუენსა და უმრავლეს მამისა დღითა.
მცირედ რავდენ-იგი სცოდე, იტანჯები, არამედ დიდძალად და გარდარეულად იტყოდე:
ვითარ იკადრა გულმან შენმან, ანუ რაჲ იხილეს თუალთა შენთა,
რამეთუ გულისწყრომაჲ აღმოსთქუ წინაშე უფლისა და პირისაგან წარმოიხუენ ესევითარნი სიტყუანი?
ვინმე უკუე არს კაცთაგანი, რომელიმცა იყო უბრალო. ანუ ყოფილმე ვინ არს მართალ ნაშობი დედაკაცისაჲ?
უკუეთუ წმიდათა მიმართ არა ჰრწამს და ცაჲ არაწმიდაჲ არს მის წინაშე.
აცადეთ საძაგელი და არაწმიდაჲ კაცი, რომელი სუამს სიცრუესა სწორად სასუმლისა.
ხოლო გითხრა შენ და ისმინე ჩემი და, რაჲ-იგი ვიხილე, გაუწყო შენ,
რაჲ-იგი ბრძენთა თქუან და არა დაუმალეს მამათა მათთა,
მათ ხოლო მოეცა ქუეყანაჲ და არა მოვიდა უცხოთესლი მათ ზედა.
ყოველივე ცხორებაჲ უღმრთოთა ზრუნვით, წელნი რიცხჳთ მოცემულ არიან ძლიერისა მისგან;
ხოლო შიში მისი ყურთა მისთა, რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ მშჳდობით არს, მაშინღა მოიწიოს მის ზედა დაქცევაჲ.
ნუ ჰრწამნ მას გარემოქცევად ბნელისაგან, რამეთუ ბრძანებულ არს მის მიერვე ჴელთა მახჳლისათა მიცემად.
და განჩემებულ არს საჭმლად ორბთა და იცის თავისა თჳსისაჲ, რამეთუ ელის დაცემად, და დღემან ბნელისამან შეაძრწუნოს იგი.
ურვამან და ჭირმან შეიპყრას იგი, ვითარცა ერისთავი მთავრად მდგომარე რაჲ დაეცის,
რამეთუ აღიპყრნა ჴელნი მისნი წინაშე ღმრითისა და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა.
ქედი აღმართა და იქცეოდა წინაშე მისსა გინებით სიზრქითა საჭურველისა მისისათა,
რამეთუ დაჰფარა პირი მისი ცმელსა თჳსსა და ქონსა ყელე მისი ბარკალსხვილით.
იქცეოდენ იგი ქალაქთა ოჴერთა და შევედინ სახლსა უმკჳდროთა და, რაჲ-იგი განიმზადეს, სხუათა წარიღონ.
არცა განმდიდრდეს, არცა დაადგრეს ნაყოფი მისი, არა დაადგრეს ქუეყანასა ზედა აჩრდილი მისი,
არცა განერეს ბნელსა, მცენარე მისი დააჭნვენ ხორშაკმან და დასცჳვენ ყუავილი მისი.
ნუ ჰრწამნ, ვითარმედ დათმოს, რამეთუ ცუდი ცუდად გარდაექცეს მას.
მოკაფული მისი უწინარეს ჟამისა განირყუნეს და მორჩი მისი არა განედლდეს.
და მოისთულონ იგი, ვითარცა კაწახი ნჟამოდ და დასცჳვენ, ვითარცა ყუავილი ზეთისხილისა,
რამეთუ საწამებელი უღმრთოთა სიკუდილი არს, ხოლო ცეცხლმან დაწუნეს სახლნი მოქრთამეთანი.
და მუცლად-იღენ სალმობანი, შეემთხჳენ მას ცუდი ცუდსა ზედა და მუცელმან მისმან შთაიკრიბოს ზაკუაჲ.