იობი, თავი 11
მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა:
განა ბევრ სიტყვას პასუხი არ გაეცემა? განა მჭევრმეტყველება კაცს ამართლებს?
შენი ფუჭსიტყვაობა ჩააჩუმებს ადამიანებს? დაცინვას მოჰყვები და არავინ იქნება შემარცხვენელი?
შენ ამბობ, მართლად განვსჯიო და სუფთა ვართო მის თვალში.
ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს მიმართ!
გაგიცხადებდა სიბრძნის საიდუმლოებებს, რადგან ორგემაგეა სიბრძნე. იცოდე, რომ დაივიწყა ღმერთმა ზოგიერთი შენი შეცოდება.
ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? ჩასწვდები ყოვლადძლიერის სრულყოფილებას?
ცათა მწვერვალებია, რა გამოგივა? ქვესკნელზე უღრმესია, რას შეიცნობ?
დედამიწაზე გრძელია ზომით და ზღვაზე ვრცელი.
თუ ჩაივლის, დაატუსაღებს და მსჯავრს დასდებს - წინ ვინ აღუდგება?
რადგან ის ცნობს ცრუ ხალხს; ის ხედავს ბოროტებას და იმახსოვრებს.
ქარაფშუტა კაცი განისწავლება და ველური ვირის ჩოჩორიც კი ადამიანად იქცევა!
თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ,
თუ ცოდვა აქვს შენს ხელს, განიშორე და არ დაასადგურო უკეთურება შენს კარვებში,
მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება.
რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ;
შუადღესავით ინათებს წუთისოფელი და ბნელი დილასავით იქნება;
დამშვიდდები, რადგან არის სასო, დასადგურდები და იმედიანად დაიძინებ;
იწვები და არავინ შეგაშინებს, მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას.
ბოროტმოქმედთა თვალნი დაივსებიან, დაეკარგებათ თავშესაფარი და გაქარწყლდება მათი იმედები.
მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:
რომელი მრავალსა იტყჳნ, მან კუალადცა ისმინისვე სიტყუაჲ. ანუ კეთილად მეტყუელი იგი ჰგონებნმე, ვითარმედ მართალ იყოს?
კურთხეულ არს ნაშობი დედათა მცირედ ცხორებული, ნუ ფრიად სიტყუასა შინა ხარ, რამეთუ არავინ არს სიტყჳს-მგებელ შენდა.
ნუ ეგრე იტყჳ, ვითარმედ წმიდაჲ ვარ მე საქმითა და უბრალოჲ წინაშე უფლისა,
არამედ ვითარძი უფალი იტყოდის შენდამი და აღახუნეს ბაგენი მისნი შენ თანა.
მაშინ გეთხრას შენ ძალი სიბრძნისა, რამეთუ ორ წილ იყოს შენსა და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ, რაჲ-იგი შესცოდე მას.
ანუ კუალი უფლისაჲ ჰპოვემე, ანუ დასასრულსა მისწუდეა, რომელი-იგი ქმნა ყოვლისა მპყრობელმან?
მაღალ არიან ცანი და შენ რაჲმე ჰყო?, ანუ უღრმესი ჯოჯოხეთს შიდა რაჲ იცი?
ანუ უგრძესი საზომისა მის ქუეყანისაჲ, ანუ სივრცე ზღჳსა?
უკუეთუ დააქციოს ყოველი ერთბამად, ვინ ჰრქუას მას: რა-ეგე ჰყავ?
რამეთუ მან იცნის საქმენი უსჯულოთანი, იხილა უჯეროებაჲ და არა უგულებელს-ჰყო.
ხოლო კაცი სხუად სახედ აქცევს სიტყუასა, კაცი შობილი დედაკაცისაჲ. სწორ არს კანჯრისა მის უდაბნოჲსა.
უკუეთუ შენ წმიდა-ჰყავ გული შენი და განიპყრნე ჴელნი შენნი მისა მიმართ,
უკუეთუ უსჯულოებაჲ რაჲმე არს ჴელთა შენთა, შორად განიშორე შენგან და სიცრუე საყოფელსა შენსა ნუ იქცევინ.
და ესრეთ გამობრწყინდეს პირი შენი, ვითარცა წყალი წმიდაჲ. განიძარცო მწიკულევანებაჲ და არა გეშინოდის.
და შრომანი დაივიწყნე, ვითარცა ღელვანი წარჴდენ და არა შესძრწუნდე,
ხოლო ლოცვაჲ შენი, ვითარცა მთიები, იყოს და შუასამხრის გამოგიბრწყინდეს შენ ცხორებაჲ. და გულპყრობილ იყო, ვითარმედ არს შენდა სასოება, გულისსიტყჳსაგან და ზრუნვისა გამოგიჩნდეს შენ მშჳდობაჲ.
დაეყუდო და არავინ იყოს მბრძოლ შენდა,
მოაქციოს და მრავალნი გევედრებიან შენ და ცხორებაჲ მათ მოაკლდეს,
რამეთუ სასოებაჲ მათი წარწყმედაჲ არს, ხოლო თუალნი უღმრთოთანი დადნენ.