იობი, თავი 32
შეწყვიტა ამ სამმა კაცმა პასუხის გაცემა იობისთვის, რადგან გაიმართლა მან თავი.
მაშინ განრისხდა ელიჰუ, ძე ბუზელი ბარაქიელისა, რამის საგვარეულოდან; იობზე განრისხდა იმის გამო, რომ მან ღმერთზე მართლად ჩათვალა თავი.
თავის სამ მეგობარზეც განრისხდა იმის გამო, რომ პასუხი ვერ გასცეს იობს და ამით გაამტყუნეს ღმერთი.
ელიჰუ აცლიდა იობს ლაპარაკს, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ ასაკით.
დაინახა ელიჰუმ, რომ არ გამოვიდა პასუხი ამ სამი კაცის პირიდან, და განრისხდა.
მიუგო ელიჰუმ, ბუზელი ბარაქიელის ძემ, და უთხრა: წლებით უმრწემესი ვარ მე, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომაც მომერიდა და ვერ გავბედე მომეხსენებინა თქვენთვის ჩემი აზრი.
ვიფიქრე, დღეებმა ილაპარაკონ და წელთა სიმრავლემ ასწავლოს-მეთქი სიბრძნე;
ნამდვილად კი, კაცში მყოფი სული და სუნთქვა ყოვლადძლიერისა განასწავლის მას.
დღეგრძელნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ მოხუცებულნი არ მიხვედრილან სიმართლეს.
ამიტომ ვამბობ: მომისმინეთ, მეც გამოვთქვა ჩემი აზრი.
მე ვუცდიდი თქვენს სიტყვებს, ყურს ვაპყრობდი თქვენს მსჯელობას, როცა ეძებდით სათქმელს.
გაკვირდებით და, აჰა, არ არის თქვენს შორის მამხილებელი, რომ პასუხი მიაგოს იობს.
ნუ გგონიათ, სიბრძნისათვის მიგეგნოთ, როცა ფიქრობთ, ღმერთმა გააწბილოს იგი და არა ადამიანმაო.
ჩემს წინააღმდეგ არ მოუმართავს სიტყვები და მეც თქვენსავით არ ვუპასუხებ.
გაოგნდნენ, ვეღარ უპასუხეს, დაელიათ სათქმელი;
მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპრაკს. რაკი დადგნენ და აღარ პასუხობენ,
მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ-მეთქი ჩემს აზრს.
რადგან სავსე ვარ სიტყვებით და შიგნიდან მაწვება სული;
აჰა, თავმოუხდელ ღვინოსავით არის ჩემი შიგანი, გასკდომაზეა ახალი ტიკივით.
ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა; გავხსნი ბაგეებს და პასუხს გავცემ.
პირფერობას არ დავუწყებ კაცს და ადამიანს არ მიველაქუცები;
რადგან მე ლაქუცი არ ვიცი, უმალ ღმერთმა წამიღოს აქედან!
და დასცხრა იობ სიტყუად მათგან. დასცხრეს სამნიცა იგი მეგობარნი მისნი სიტყჳს-გებად იობისა, რამეთუ იყო იობ მართალ წინაშე მათსა.
განრისხნა ელიუს ბარაქეელისი ბუზელი, ნათესავისაგან არამისა, ევსიტელთა სოფლისა. განურისხნა იობს ფრიად, რამეთუ გამოიჩინებდა თავსა მართლად წინაშე უფლისა.
და სამთა მათცა ზედა მეგობართა მისთა განრისხნა ფრიად, რამეთუ ვერ უძლეს სიტყჳს-მიგებად იობისა და შეჰრაცხეს იგი, ვითარცა უღვთოჲ.
ხოლო ელიუს დაითმენდა სიტყჳს-მიგებად იობისა, რამეთუ უხუცეს მისსა იყვნეს დღითა.
და იხილა ელიუს, რამეთუ არა იყო სიტყჳს-გებაჲ პირისაგან სამთა მათ კაცთასა, და განურისხნა მათ გულისწყრომით.
მიუგო ელიუს ბარაქეელისამან ბუზელმან და ჰრქუა: უჭაბუკეს ვარ მე თქუენსა ჟამითა, ხოლო თქუენ მოხუცებულნი ხართ. ამისთჳს დავდუმენ და მეშინოდა თხრობად თქუენდა სწავლულებისა ჩემისა.
და ვთქუ, ვითარმედ: ჟამი სამე არს, რომელი იტყჳნ, და მრავლისა წლისათა იციან სიბრძნე.
არამედ სული ვიდრემე არს კაცთა შორის, და იგი სული ყოვლისა მპყრობელისა არს, რომელი ასწავებს მათ.
არა თუ მრავლისა ჟამისანი არიან ბრძენ, არცა ბრძენთა იციან სამართალი.
ამისთჳს ვთქუ: ისმინეთ ჩემი და გითხრა თქუენ, რავდენი-რაჲ ვიცი.
და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, ისმინოთ თუ თქუენ, ვიდრემდე განიკითხნეთ სიტყუანი, და ვიდრე თქუენდამდე გულისჴმა-ვყო.
და, აჰა, ესერა, არა ვინ არს იობისა მამხილებელ და სიტყჳს-მიმგებელ სიტყუათა მისთა წილ თქუენგანი,
რათა არა სთქუათ: ვპოეთ სიბრძნე, შე-რაჲ-ვეძინენით უფალსა.
და კაცსა უტევეთ სიტყუად ესევითართა სიტყუათა.
შეძრწუნდეს და არღარა მიუგეს მას. და დააცადნეს მათგან სიტყუანი.
დადუმნეს და არღარა იტყოდეს, დადგეს და არა რაჲ მიუგეს.
მიუგო ელიუს და ჰრქუა: მერმე ვიტყოდივე,
რამეთუ სავსე ვარ სიტყჳთა, განვსთქდები სულითა მუცლისათა,
ხოლო მუცელი ჩემი, ვითარცა თხიერი ტკბილითა სავსე შეკრული, და ვითარცა საბერველი მჭედლისაჲ რაჲ განსთქდებინ.
ვიტყოდი, რათა განვისუენო და აღვახუნე ბაგენი ჩემნი.
კაცისა არა შევირცხჳნო, არცაღა ჴორციელისა შევიკდიმო,
რამეთუ არა ვიცი თუალთ-ღებაჲ პირისაჲ, უკუეთუ არა, მეცა მღილთა შემჭამონ.