ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 10

1

მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო სულგამწარებულმა.

2

ვეტყვი ღმერთს: ნუ მადანაშაულებ! მაცოდინე, რისთვის მედავები?

3

კარგია შენთვის, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენ ხელთა ქმნილება და ბოროტეულთა რჩევით ანათებ?

4

ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები?

5

განა ადამიანის დღეებივითაა შენი დღეები? განა შენი წლები კაცის დღეებივითაა?

6

რას ეძებ ჩემს დანაშაულს? ჩემს ცოდვებს რას კითხულობ?

7

ხომ იცი, რომ არ შემიცოდავს, მაგრამ შენი ხელიდან ვერავინ მიხსნის.

8

შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია, და შენვე გამანადგურე.

9

გაიხსენე, თიხისგან რომ შემქმენი და მტვრად რომ მაქცევ!

10

განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე?

11

ტყავითა და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე.

12

სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენი ზრუნვა ინახავდა ჩემს სულს.

13

ეს გქონდა დაფარული გულში; მივხვდი, რომ ეს შენთან იყო.

14

როცა შევცოდე, დამიდარაჯდი და არ მომიტევე დანაშაული.

15

თუ დამნაშავე ვარ, ვაიმე ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავს ვერ ვწევ მაღლა, რადგან სავსე ვარ სირცხვილით. ნახე ჩემი სივაგლახე!

16

წამოვიწევი და ლომივით მედევნები, კვლავ და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე.

17

განაახლებ მოწმეებს ჩემს წინააღმდეგ და უფრო და უფრო მრისხანებ ჩემზე; ჯარი მოდის და მოდის ჩემს წინააღმდეგ.

18

რისთვის გამომიყვანე დედის საშოდან? მოვმკვდარიყავი, რომ არავის თვალს არ ვეხილე!

19

ვყოფილიყავი როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩავსულიყავი.

20

ხომ დღემოკლე ვარ? დამაყენე, მომეშვი, რომ გავიხარო ცოტათი მაინც,

21

სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად ბნელეთისა და შავეთის ქვეყანაში,

22

წყვდიადის ქვეყანაში, როგორც შავეთის უკუნეთში, სადაც არ არის წესრიგი და ნათობს უკუნი.

1

და ვშურები სულითა ჩემითა, იწროებით აღმოუტევნე მის ზედა სიტყუანი ჩემნი, ვიტყოდი სიმწარითა სულისა ჩემისათა ურვით.

2

და ვჰრქუა უფალსა: ნუ უღმრთოებასა მასწავებ მე, და რასათჳს ესრეთ დამსაჯე მე?

3

ანუ კეთილ არს შენდა, უკუეთუ შეგცოდო, რამეთუ განიშორე ქმნილი ჴელთა შენთა და ზრახვასა უღმრთოთასა მოჰხედე.

4

ანუ ვითარცა კაცი ხედავნ, ეგრე ხედავ შენ, ანუ კაცისა ხილვისაებრ იხილო შენ, ანუ ცხოვრებაჲ შენი კაცობრივი არს,

5

ანუ წელნი შენნი კაცისანი,

6

რამეთუ გამოიძიენ უსჯულოებანი ჩემნი და ცოდვანი ჩემნი გამოიკულიენ.

7

ვიცი, რამეთუ არა უღმრთო ვიქმენ, არამედ ვინმე არს, რომელმან ჴელთაგან შენთა განმარინოს მე.

8

ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე და ამისსა შემდგომად მიმაქციე და დამეც მე.

9

მოიჴსენე, რამეთუ თიჴაჲ დამბადე მე და მერმე კუალად მიწადვე მიმაქცევ მე.

10

ანუ არა ვითარცა სძე, მომწუელე მე? და შემყავ მე, ვითარცა ხაჭუაჲ,

11

ტყავი და ჴორცი შემმოსე მე, ძუალითა და ძარღჳთა შემამაგრე მე.

12

ცხორებაჲ და წყალობაჲ დასდევ ჩემ ზედა და მოღუაწებაჲ შენი სცვიდა სულსა ჩემსა.

13

ესე მაქუს შენ მიერ და ვიცი, რამეთუ ყოველივე, რომელ გიც, და უძლურებაჲ არარაჲ არს შენ თანა.

14

დაღათუ ვცოდე, და-ვე-მიცევ მე და უსჯულოებისაგან არა უბრალომყავ მე.

15

უკუეთუ უღმრთო ვიქმნე, ვაჲ მე. დაღათუ მართალ ვიყო, ეგრეცა ვერვე ძალ-მიც მე აღხილვად, რამეთუ სავსე ვარ გინებითა.

16

და მონადირებულ ვარ, ვითარცა ლომი კლვად, და მიმაქცევ და კუალად ბოროტად მტანჯავ მე.

17

და განაახლებ ჩემ ზედა განკითხვათა ჩემთა, და რისხვითა დიდითა მრისხავ მე და მოაწიენ ჩემ ზედა განსაცდელნი.

18

ანუ რაჲსათჳს მუცლითვე დედისა ჩემისათ გამომიყვანე მე და მუნვე არა მოვკუედი მე, თუალმანცა არა მიხილა მე?

19

და ვითარცა არაყოფილიმცა შევიქმენ, ანუ რაჲსათჳს საშოთვე საფლავად არა მივიქეც?

20

ანუ არა მცირედ არს ჟამი ცხორებისა ჩემისა? მაცადე მე და განვისუენო მცირედ,

21

ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, ვინაჲ არღა მოქცევად ვარ ქუეყანად ბნელისა,

22

ქუეყანასა უკუნსა საუკუნისასა, და არა არს ნათელი, არცა ხილვად ცხორებაჲ კაცთაჲ.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142