იობი, თავი 41
აჰა, უმტყუნებს მას იმედი, მის ერთ შეხედვაზე დაეცემა.
მის აღძვრას ვერავინ ბედავს თუ მე ვინღა დამიდგება წინ?
ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია ცისქვეშეთში.
არ შევწყვეტ სიტყვას მისი სხეულის ასოებზე, მის ძლიერებაზე და მისი აღნაგობის სილამაზეზე.
ვინ გახდის მას ზედა სამოსელს? მის ორ ყბას შუა ვინ შეაღწევს?
მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა!
მისი ზურგი დელამფართა წყებაა, მჭიდრო ბეჭდებით შეკრული;
ერთი მეორეზეა მიჯრილი და ქარი არ ატანს მათ შორის;
ერთმანეთს შეეწებნენ, შედუღდნენ და აღარ სცილდებიან;
მისი დამცხიკვება შუქს აფრქვევს, მისი თვალები განთიადის წამწამებია;
მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერჩხლები ცვივიან;
ნესტოებიდან კვამლს უტევებს, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი;
მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი გამოდის;
მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში;
ხორცის ნაკვთები მისი შენივთულია ერთმანეთთან, მკვრივად აფენია, შეუძვრელად;
ქვასავით მკვრივია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით.
წამოიმართება და ფრთხებიან ძლიერნი, თავზარდაცემისგან გონს კარგავენ;
მახვილი ვერ უძლებს მას, ვერც შუბი, ვერც ჰოროლი, ვერც ჯავშანი;
რკინა ჩალად უჩანს და ფუტურო ხედ - რვალი;
ვერ გააქცევს მას მშვილდის ნასხლეტი, თივის ბულულია მისთვის შურდულის ქვები;
ბზედ უჩანს ლახტი და ლახვრის შხუილზე ეღიმება;
წამახული ქვები აქვს მუცლის ქვეშ, განრთხმულია კევრივით ჭონჭყოში;
ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის კოჭობად აქცევს;
თავის უკან ასხივებს ბილიკს, ჭაღარად ჩნდება ზღვის მორევი;
არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი;
ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე.
ანუ არა ჰგონებ, რამეთუ განმზადებულ არს ჩემდა? ვინმე უკუე არ წინაადმდგომ? ანუ ვინ წინააღმიდგეს მე და დამითმოს?
რამეთუ ყოველივე ცასა ქუეშე ჩემი არს?
არა დავდუმნე მისთჳს, და სიტყუამან ძლიერებისამან შეიწყალოს სწორი მათი.
ვინმე გამოაცხადოს პირი შემოსილებისა მისისაჲ? და შეწებულთა მკერდისა მისისათა ვინმე შევიდეს?
ანუ ბჭენი პირისა მისისანი ვინმე განახუნეს? გარემო კბილთა მისთა შიში.
ნაწლევნი მისი ასპიდი რვალისანი ნაწევარი მისი, ვითარცა მყარი ლოდი.
ერთი ერთსა შეყოფილ, სული ვერ განვიდეს მას. კაცი ძმასა თჳსსა შეეყოს.
შეეყუნენ და არა განაშორნენ.
კცენასა მისსა გამოჰკრთებიან ნათელნი, ხოლო თუალნი მისნი, ვითარცა ხილთაჲ მთიებისაჲ.
პირისა მისისაგან გამოვლენ ლამპარნი მგზებარენი, და გამოსცჳვიან შანთნი ცეცხლისანი.
ცხჳრთა მისთაგან გამოვალს საჴმილი აღგზებული ცეცხლისა ნაკუერცხალისაჲ.
სული მისი ნაკუერცხალ არს. ალი პირისა მისისაგან გამოვალს.
ქედსა მისსა ზედა დადგრომილ არს ძალი, წინაშე მისსა რბინ წარსაწყმედელი.
ჴორცნი გუამისა მისისანი შეყოფილ არიან, წარმო-თუ-ეცეს მის ზედა დარღუნაჲ.
არა შეიძრნენ, გული მისი დამყარებულ არს, ვითარცა ლოდი და ჰგიეს იგი, ვითარცა გურდემლი განუჭედელი.
გარემოქცევასა მისსა შიში მჴეცთა ოთხფერჴთაჲ, ქუეყანასა მავალთაჲ.
უკუეთუ შეემთხჳნენ მას ლახუარნი, რაჲ უყონ მას
სათხედი და თორნი? (!) შეურაცხიეს მას რკინაჲ გზედ, ხოლო რვალი ვითარცა ძელი.
ვერ მოწყლას იგი მშჳლდმან რვალისამან, შეურაცხიეს მას კლდეთაგან ქვაჲ თივად.
და ვითარცა ლერწამი შეურაცხია მას ურონი. ეკითხევნ იგი ძრვასა ცეცხლშემოსილსა.
სარეცელნი მისნი, ისრისპირნი, მახჳლნი და ყოველნი ოქრონი ზღჳსა მის ქუეშე, ვითარცა თიჴა ურიცხჳ.
აღადუღის უფსკრული, ვითარცა ქუაბი. შეურაცხიეს ზღუაჲ საცხებელად ოდენ.
ხოლო ტარტაროსი უფსკულისაჲ, ვითარცა ტყვე, შერაცხა უფსკრული სამოთხველად.
და არარაჲ არს არცაღა ერთ მსგავსი მისი ქუეყანასა ზედა. და შექმნილ არს იგი სამღერელად ანგელოზთა ჩემთათჳს.
ყოველსა მაღალსა ხედავს, და იგი არს მეუფე ყოველთა, რაჲ არიან წყალთა შინა.