ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 12

1

მიუგო იობმა და უთხრა:

2

ნამდვილად! რადგან ხალხნი ხართ, თქვენთან ერთად მოკვდება სიბრძნეც.

3

მეც თქვენსავით მაქვს გონება, თქვენზე ნაკლები არც მე ვარ. ვის არ გაუგონია მსგავსი ამბები?

4

მოყვასის დასაცინი შევიქენი მე, ღვთის მხმობელი და მისგან პასუხნაცემი; დასაცინი შევიქენი მართალი, წაფელი.

5

სირცხვილის მაშხალა ამპარტავნის ფიქრებს! სიმტკიცე ფეხმობარბაცეს!

6

სიმშვიდე სუფევს მძარცველთა კარვებში და უშიშრად არიან ღვთის მგმობელნი, ვინც ღმერთი მოიყვრა თავისი ხელით;

7

ერთი ჰკითხე პირუტყვს და გასწავლის, ცის ფრინველს და გამცნობს.

8

ანდა შესჩივლე მიწას და გასწავლის, მოგახსენებენ ზღვის თევზები.

9

ვინ არ იცის ყველა ამათ შორის, რომ ღვთის ხელმა შექმნა ეს?

10

ვის ხელშიც არის ყოველი სულდგმულის სამშვინველი და მთელი კაცთა მოდგმის სული?

11

განა ყური არ განიცდის სიტყვას და სასა არ გრძნობს საჭმლის გემოს?

12

განა მოხუცებშია სიბრძნე და დღეგრძელებში ჭკუა?

13

მასთან არის სიბრძნე და ძალი, მისია რჩევა და ჭკუა.

14

აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, ჩაკეტავს კაცს და ვეღარ დაიხსნება.

15

დააკავებს წყლებს და დაშრებიან, გაუშვებს და მიწას დაღარავენ.

16

მასთან არის ძალი და ძლევა, მისია ცთუნებული და მაცთუნებელი.

17

მრჩეველნი ტყვედ მიჰყავს, მსაჯულებს აბრიყვებს;

18

მეფეებს სარტყელს შემოახსნის და წელზე ძონძებს შემოარტყამს;

19

ტყვედ მიყავს მღვდლები და ამხობს ძალმოსილთ;

20

ართმევს მეტყველებას, სარწმუნო ხალხს და გაგების უნარს მოხუცებულებს;

21

თავსლაფს ასხამს დიდებულებს და ძლიერებს სარტყელს უმსუბუქებს;

22

აცხადებს იდუმალებებს წყვდიადიდან და სინათლეზე გამოჰყავს ბნელი;

23

აძლიერებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და უძღვება;

24

ჭკუას ურევს ქვეყნის ერის თავკაცებს და უგზოუკვლო უდაბნოში ახეტიალებს;

25

ხელის ცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ, მთვრალებივით ახეტიალებს.

1

მიუგო იობ და თქუა:

2

აწ თქუენცა სამე კაცნივე ხართა, ანუ თქუენ თანა აღესრულოს სიბრძნე?

3

რამეთუ ჩემიცა გული თქუენებრივე არს და არა უუგნურეს ვარ თქუენსა,

4

რამეთუ მართალი კაცი და უბრალოჲ იქმნა საკიცხელ,

5

რამეთუ ჟამად დაწესებულად განმზადებულ იყო დაცემად სხუათაგან და სახლნი მათნი გამოტყუენვად უსჯულოთაგან,

6

ხოლო ნუვე ვინ ესავნ, რომელი-იგი უკეთური იყოს, ვითარმცა უბიწოჲ იყო, რომელნი-იგი განარისხებენ უფალსა, ვითარმცა განკითხვაჲ მათი არა იყო,

7

არამედ ჰკითხეთა ოთხფერჴთა, უკუეთუ რაჲმე გითხრან შენ, ანუ მფრინველთა ცისათა, უკუეთუ რაჲმე გაუწყონ შენ?

8

მიუთხარ ქუეყანასა, უკუეთუ თქუას რაჲმე, გინათუ გამო-რაჲ-გითხრან შენ თევზთა ზღჳსათა.

9

ვინმე არა უწყის ამათ ყოველთა შორის, რამეთუ ჴელმან უფლისამან შექმნა ესე ყოველი?

10

არამე ჴელსა შინა მისსა არს სული ყოველთა ცხოველთაჲ და სული ყოვლისა კაცისაჲ?

11

რამეთუ გონებამან სიტყუანი განიკითხნის და სასამან გემოჲ ცნის ჭამადისაჲ.

12

მრავალთა ჟამისათა სიბრძნე პოვიან და მრავალსა შინა ცხორებასა მეცნიერებაჲ.

13

მის მიერ არს სიბრძნე და ძალი მისი არს ზრახვაჲ და გულისჴმისყოფაჲ.

14

უკუეთუ მან დაამჴუას, ვინმე აღაშენოს? ანუ დაჴშას კაცთათჳს ვინმე, სხუამან განაღოს?

15

უკუეთუ დააყენოს წყალი, განაჴმოს ქნეყანაჲ, უკუეთუ მიუტეოს ერთბამად, წარწყმიდოს იგი და დააქციოს.

16

მის მიერ არს სიმტკიცე და ძალი, მისი არს მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ.

17

წარსცის მზრახვალნი ტყუედ. და მსაჯულნი ქუეყანისანი განაკჳრნის.

18

დასცნის მეფენი საყდართა ზედა და შეარტყის სარტყელი ძლიერებისა მათისა.

19

განავლინნის მღდელნი ტყუედ და ძლიერნი ქუეყანისანი დაამჴუნა.

20

დააგნის ბაგენი მორწმუნეთანი და გულისჴმის-ყოფაჲ მოხუცებულთა იცის.

21

მიჰფინის უპატიობაჲ მთავართა და მდაბალნი განკურნნა.

22

გამოაცხადნის სიღრმენი ბნელისაგან და გამოიყვანნის ნათლად აჩრდილთაგან სიკუდილისათა.

23

შეაცთუნნის წარმართნი და განუტევნის იგინი, გარნა მოიყვანნის ძენი ნათესავთანი და წარმოუძღჳს მათ.

24

დააგნის გულნი მთავართა ქუეყანისათანი და შეაცთუნნა იგინი გზასა, რომელ არა იცოდეს.

25

ჰრევდედ იგინი ბნელსა და ნუ ნათელსა, შესცთედ იგინი ვითარცა მართალნი.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142