იობი, თავი 29
განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:
ნეტავ ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში, როცა ღმერთი მიფარავდა მე!
როცა მისი ლამპარი მინათებდა თავზე და მის შუქზე დავდიოდი ბნელში!
როგორც ვიყავი ჩემი სიყმაწვილის დღეებში ღვთის საფარველით ჩემს კარავზე!
როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი და ჩემი ყმაწვილები მეხვივნენ გარს!
როცა ჩემი ტერფები რძეში იბანებოდა და კლდიდან ზეთის ნაკადულები მოსჩქეფდა ჩემს წინაშე!
როცა კარიბჭიდან ქალაქში გავდიოდი და მოედანზე ვიმზადებდი დასაჯდომელს!
დამინახავდნენ ყმაწვილები და იმალებოდნენ, მოხუცებულნი წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ;
მთავარნი კრინტს არ ძრავდნენ და პირზე ხელი ჰქონდათ მიტანილი;
დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკრობოდათ ენა;
ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა;
რადგან მიხსნია გაჭირვებული, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა;
დასაღუპად განწირულის კურთხევა ჩემზე გადმოსულა და ქვრივის გული გამიხარებია;
მე სიმართლით ვიმოსებოდი და ის ჩემით იმოსებოდა; მოსასხამად და თავსაკვრელად ჩემი სამართალი მქონდა;
უსინათლოსთვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები - ხეიბრისთვის;
გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ და უცნობის საქმე გამომიძიებია;
ავკაცისთვის ყბა ჩამინგრევია და კბილებიდან მსხვერპლი გამომიგლეჯია.
მეგონა, სიბერეში მოვკვდებოდი და ქვიშასავით ურიცხვი იქნებოდა ჩემი დღეები;
ჩემი ფესვი გაიშლებოდა წყალში და ჩემ რტოებზე ღამეს გაათევდა ცვარი.
კვლავ აღმიდგებოდა ჩემი დიდება და მშვილდი განმიახლდებოდა ხელში.
მისმენდნენ და იყვნენ მოლოდინში, დუმდნენ ჩემს რჩევაზე.
ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს დასძენდნენ, თავზე ეწვეთებოდათ ჩემი ნათქვამი;
როგორც წვიმას, ისე მელოდნენ, და როგორც ისხარს, პირს მიშვერდნენ;
გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, ჩემი სახის ნათელი არასოდეს მოუღრუბლავთ.
გზებს ვურჩევდი და მთავრად ვიჯექი; ვემკვიდრე, როგორც მეფე ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი.
მერმე კუალად შესძინა იობ და თქუა იგავით:
ვინმე მყოს მე თუეთა მათებრ პირველთა დღეთა მათ, რომელთა მცვიდა უფალი?
ოდეს-იგი ბრწყინვიდა ნათელი მისი ზედა თავსა ჩემსა, ოდეს-იგი ნათელითა მისითა ვიდოდე ბნელსა შინა,
ოდეს-იგი ვიყავ დიდად შუებულ გზათა, ოდეს-იგი უფალი მოღუაწებასა ჰყოფდა სახლისა ჩემისასა,
ოდეს-იგი ვიყავ სიმართლითა დიდ ფრიად. და გარემოს ჩემსა მონანი ჩემნი,
ოდეს-იგი გამოდიოდა გზათა ჩემთა ერბოჲ და მთათა ჩემთა გამოეცემოდა სძე.
რაჟამს-იგი განვიდოდი ქალაქად მსთუად და უბანთა ზედა დაიდგმოდეს სავარძელნი ჩემნი,
მიხილეს მე ჭაბუკთა და დამემალნეს, მოხუცებულნი ყოველნი ზეაღმიდგიან;
მთავარნი დადუმნეს სიტყჳსაგან ჩემისა და ჴელი დაიდვეს პირსა მათსა.
ხოლო რომელთა ესმოდა ჩემი, მნატრიდეს მე და ენაჲ მათი სასასა მათსა აექუა,
რამეთუ ყურსა რომელსა ესმა, მნატრა, თუალმან, რომელმან მიხილა, მიმრიდა,
რამეთუ განეარინე გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა, და ობოლსა, რომელსა არა აქუნდა მწე, შევეწიე.
კურთხევაჲ წარწყმედულისაჲ ჩემ ზედა მოვიდოდა და პირი ქურივისა მაკურთხევდა მე.
სიმართლე შემემოსა და შევიმკუე სამართალი, ვითარცა სამოსელი.
თუალი ვიყავ ბრმათაჲ და ფერჴი მკელობელთაჲ,
რამეთუ ვიყავ მამაჲ ობოლთა, უძლურთაჲ; სასჯელი, რომელი არა ვიცოდე, გამოვიძიე.
შევმუსრენ შუანი ცრუთანი და შორის კბილთა მათთა ნატაცები გამოუღე.
ვთქუ: ვითარმედ ჰასაკი ჩემი დაბერდეს, ვითარცა ხე დანაკისკუდისაჲ მრავალ ჟამ ვცხონდე.
ძირნი განვირთხნე წყალთა ზედა და ცუარი იქცეოდის სამკალსა ჩემსა ზედა.
დიდებაჲ ჩემი ცუდად იქმნა ჩემ თანა და მშჳლდი ჩემი ჴელთა შინა ჩემთა არს.
ჩემი ესმოდა და მერჩდეს, დადუმნეს ზრახვასა ჩემსა
და სიტყუათა ჩემთა ზედა არღარა შესძინეს. და მხიარულ იქმნიან, უკუე სადა ვეტყოდი მათ,
ვითარცა ქუეყანაჲ წყურიელი, რომელი მოელინ წჳმასა, ეგრეცა ესენი სიტყუათა ჩემთა.
უკუეთუ განვიცინნი მათდა მიმართ, არა ჰრწამნ და ნათელი პირისა ჩემისაჲ არა დავარდებოდა.
გამოვიძიენ გზანი მათნი და დავჯედ მთავრად და დამკჳდრებულ ვიყავ, ვითარცა მეფე შორის ახოვანთა, ვითარცა ვნებულთა ნუგეშინის-ვსცემდ.