იობი, თავი 20
მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა:
ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვიჩქარი.
ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონებიდან მპასუხობს სული:
ხომ იცი, ასე ყოფილა უკუნითიდან, რაც რომ კაცი დადგინდა ქვეყანაზე:
ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი.
თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს,
თავისი განავალივით გაქრება საბოლოოდ; იკითხავენ მისი მნახველნი, სად არისო?
გაფრინდება როგორც სიზმარი და ვერავინ იპოვნის; ღამის ჩვენებასავით გაუჩინარდება;
თვალი, რომელიც ხედავდა მას, ვეღარ იხილავს; ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას ვერასოდეს;
მისი შვილები შეუვრდებიან გაღატაკებულთ და თავისი ხელით დაუბრუნებენ დოვლათს;
სიჭაბუკით სავსე მისი ძვლები მასთან ერთად ჩაესვენებიან მიწაში;
თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ ინახავს მას,
თუმცა ენანება გადმოსაგდებად და სასაში იჩერებს,
უნასის შხამად ექცევა საჭმელი ნაწლავებში.
ყლაპავს დოვლათს და ისევ ამოარწყევს, მუცლიდან გამოუდევნის მას ღმერთი.
უნასთა შხამს მოსწოვს ის, იქედნეს ენა მოკლავს მას.
ვერ იხილოს მან თაფლისა და რძის ნაკადულები, მდინარეები და ნიაღვრები!
დააბრუნებს ნაჭირნახულევს და ვერ გადაყლაპავს; გაიღებს თავისი დოვლათის ფასს და ვერ გაიხარებს;
რადგან ჩაგრავდა, არ ახსოვდა ღარიბ-ღატაკები, ძარცვავდა სახლებს, რომლებიც არ უშენებია;
რადგან მოსვენება არ იცოდა თავის შიგანში, სასურველს ვერაფერს გადაარჩენს;
ნამცეციც არ დარჩენია შეუჭმელი, ამიტომაც ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა;
თავის სიუხვეში ვიწროდ იქნება, ყოველი მაშვრალის ხელი მისწვდება მას.
მუცლის ამოსავსებად თავისი რისხვის ცეცხლს ჩამოუგზავნის და საჭმელად აწვიმებს მასზე;
გაექცევა რკინის იარაღს და განგმირავს მას სპილენძის მშვილდი;
შუბი გააღწევს მის გვამში, ელვარე მახვილი - მის გულ-ბოყვში; და შიშის ზარი დაეცემა მას.
მთელი წყვდიადი მის საგანძურად ინახება, შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, განადგურდება მის კარავში ნატამალი;
ამხილებს ცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ;
წალეკავს წარღვნა მისი სახლის დოვლათს და ნიაღვრები - ღვთის რისხვის დღეს.
ეს არის ხვედრი ბოროტეულისა ღვთისაგან და მემკვიდრეობა, ღვთის ნაანდერძევი.
მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა:
არა ეგრეთ ვჰგონებდ წინააღდგომასა შენსა და არა გულისჴმა-გიყოფიეს უფროს თქუენ, ვითარცა-ესე მე.
სწავლაჲ კდემულებისა ჩემისაჲ ვისმინო და სულმან გულისჴმის-ყოფისაგან მიუგოს მას.
ნუ ესე გიცნობიესა ამიერითგან და მიმართ, ვინაჲთგან შეიქმნა კაცი ქუეყანასა ზედა?
რამეთუ სიხარული უღმრთოთა დაცემა განსაკჳრვებელ და მხიარულებაჲ უსჯულოთაჲ წარწყმედა არს,
დაღათუ მიიწიოს ზეცად მსხუერპლი მისი და შესაწირავი მისი ღრუბელთა მიეახლოს.
და რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ დამტკიცებულ არს, მაშინ სრულიად წარწყმდეს, ხოლო რომელთა ცოდეს იგი, თქუან: ვითარმედ აწ სადა არს იგი?
ვითარცა სიზმარი განფრინებული ვერ იპოვა, აღფრინდა ვითარცა საოცარი ღამისაჲ.
თუალმან იხილა და არღარა შესძინა. არცა იცნას იგი ადგილმან თჳსმან.
შვილნი მისნი მოსრნენ უდარესთა და ჴელთა მისთა ცეცხლებრ შეიკრიბონ სალმობაჲ.
ძუალნი მისნი აღივსნენ სიჭაბუკითა მისითა და მის თანა მიწასა ზედა დაისხნენ.
უკუეთუ დატკბნეს პირსა მისსა უკეთურებაჲ [!], დაიფაროს იგი ქუეშე ენასა მისსა,
არა ჰრიდოს მას და არცა დაუტეოს იგი ქუეშე ენასა მისსა.
და ვერ უძლოს შეწევნად თავისა თჳსისა, ნავღელი ასპიდისაჲ მუცელსა მისსა.
სიმდიდრე, სიცრუვით შეკრებული, წარუთხიოს სახლისა მისისაგან; გამოიღოს იგი ანგელოზმან.
გულისწყრომამან ვეშაპთამან გამოწოვენ; მოკალნ იგი ენამან გუელისამან.
ნუ იხილოს წუელაჲ მძოვართაჲ, ნუცა ნაყოფი თაფლისა და ერბოჲსაჲ
ცუდად და ამაოდ დაშურა სიმდიდრესა, რომლისაგან გემო არა იხილოს, ვითარცა ხეკერი განუცოხნელი და შთაუთქამი.
რამეთუ მრავალთა უძლურთა სახლნი დაარღჳნა, როჭიკი მისტაცა და არა მისცა;
არა არს განრინებაჲ მონაგებთა მისთა, გულისთქმითა თჳსითა ვერ ცხონდეს იგი.
არცა არს ნეშტ საზრდელთა მისთა, ამისთჳს არა ყუაოდის მტილი იგი მისი.
ოდესღა ჰგონებდეს დასრულებასა, მაშინ იჭირვოდეს და ყოველივე ურვაჲ მის ზედა მოიწიოს.
უკუეთუ ვითარ გან-ოდენ-იძღოს მუცელი თჳსი, მოივლინენ მის ზედა გულისწყრომაჲ რისხვისაჲ, სწჳმდინ მას ზედა სალმობაჲ.
და ვერ განერეს ჴელსა მახჳლისასა, წყლულნი იგი მშჳლდისა რვალისანი.
განვედინ გულსა მისსა ისარი; ვარსკულავნი საყოფელთა მისთა იქცეოდედ; მოვიდენ მის ზედა შიში.
და ყოველი ბნელი მის ზედა იყავნ; შეჭამენ იგი ცეცხლმან უშრეტმან; ბოროტი უყავნ მწირმან სახლსა მისსა.
გამოაცხადენ ცამან უსჯულოებაჲ მისი, ქუეყანაჲ აღიძარნ მის ზედა.
მიიზიდენ წარსაწყმედელმან სახლი მისი სრულიად; დღე რისხვის, მოვედინ მის ზედა.
ესე არს ნაწილი კაცისა უღმრთოჲსაჲ უფლისა მიერ და მონაგები ნაყოფთა მისთაჲ ყოველთა მხედველისაგან.