იობი, თავი 16
მიუგო იობმა და უთხრა:
ბევრი მსმენია ამისთანები; ფუჭი ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი.
თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რამ გაგამწარა, ასეთ პასუხს როძ იძლევი?
მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით? დაგიხვავებდით ამდენ სიტყვებს და თავის ქნევას დაგიწყებდით?
გაგამხნევებდით ჩემი პირით და ჩემ ბაგეთა მოძრაობა განუგეშებდათ.
თუ ვლაპარაკიაბ, ტკივილი არ მიამდება, ვდუმვარ და რა მშორდება?
მაგრამ ახლა შემაღონა მან. შენ დამიქციე ერთიანად ჩემი სახლი!
ნაოჭები გამიჩინე და მოწმედ მყვანან; ჩემი სიგამხდრე ჩემი პირისახით მემოწმება.
მფლეთს თავისი რისხვით და მძულვარებს, კბილებს მიხრჭიალებს, მტერი თვალს ლესავს ჩემზე;
პირი აქვთ დაღირებული ჩემზე, მაგინებენ და სახეში მცემენ, ხროვად შეთქმულან ჩემს წინააღმდეგ.
უკეთურს შემატოვა ღმერთმა და ჩამაგდო ბოროტეულთა ხელში.
უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა.
გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე დამინთხია ნაღველი.
გამანგრია და მანგრევს და მანგრევს, მეომარივით გამორბის ჩემსკენ.
ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვთხვარე ჩემი დიდება.
სახე დაწითლებული მაქვს ტირილისგან და ჩემს წამწამებზე სიკვდილის აჩრდილია.
თუმცა მოძალადე არ ვყოფილვარ და ჩემი ლოცვაც სუფთა იყო!
მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს და ჩემი მოთქმა ნუ დაბრკოლდება!
ახლაც კი, აჰა, ზეცაშია ჩემი მოწმე და ჩემი მეოხე ზესკნელშია!
ჩემო დამცველნო, ჩემო მეგობრებო! ღვთის მიმართ იღვრება ჩემი ცრემლი,
რომ ადამიანი ღმერთთან დაიცვას, როგორც კაცი თავის მოყვასთან.
რადგან ჩამოთავდებიან წლები და უკანმოუქცეველ გზას დავადგები.
მიუგო იობ და ჰრქუა:
მესმეს ეგევითარი მრავალი, ნუგეშინის-მცემელნო უკეთურნო ყოველნო.
აწ რაჲ? ნუუკუჱ დაწესებულებაჲ რაჲ არს სიტყუათა შინა სულისათა? ანუ რაჲ შეგაურვა შენ, რამეთუ სიტყუას-მიგებ?
მეცა თქუენ ზედა ვიტყოდე, უკუეთუმცა ამას შინა იყო სული თქუენი სულისა ჩემისა წილ.
იყავნ ძალი პირსა ჩემსა და განძრვად ბაგეთა ჩემთა არა ვერიდო.
ვიტყოდი: ღათუ არა მელმოდის წყლულებაჲ ჩემი, და-ღათუ-ვდუმნე, რაჲმე უმცირეს ვიწყლა,
ხოლო აწ შრომა-მცა მე განცჳბრებულსა და დამპალსა, და შემიცევ მე, და აღდგეს ჩემ ზედა სიცრუენი ჩემნი წინაშე პირისპირ.
კუალად მომიგო, რისხვაჲ მოაწია და დამამჴუა მე,
და დაიღრჭინნა ჩემ ზედა კბილნი მისნი, ისარნი განსაცდელთანი ჩემ ზედა დამსჭუალნა, ისრისპირნი მისნი თუალთა ჩემთა განმაწონნა,
მახჳლი მცა მუჴლთა ჩემთა, და ერთბამად მეწინეს მე.
მიმცა მე უფალმან ჴელთა ცრუსათა და უღმრთოთა შემაგდო მე.
მშვიდობასა შინა განმაქარვა მე, მიპყრნა თმანი ჩემნი და დამფხურნა მე, დამადგინა მე ვითარცა მსტოარი.
გარემომადგეს მე ლახუროსანნი და განმწონნეს თირკუმელთა ჩემთა,
ურიდად დასთხიეს ქუეყანასა ზედა ნავღელი ჩემი, დამცეს მე დაცემაჲ დაცემასა ზედა, მოარბიეს ჩემ ზედა მძლავრთა.
ძაძაჲ შემაკერეს ტყავსა ჩემსა, ხოლო ძალი ჩემი ქუეყანასა ზედა დაშრტა;
მუცელი ჩემი შეიწუების ტირილითა და წარბთა ჩემთა ზედა აჩრდილი სიკუდილისა.
სიცრუე არარაჲ იყო ჴელსა ჩემსა, ლოცვაჲ ჩემი წმიდაჲ იყო.
ქუეყანაო, ნუ დაჰფარავ სისხლთა ზედა ჴორცთა ჩემთასა, ნუცა იყოფინ ადგილი ღაღადებისა ჩემისაჲ.
და აწ, ესერა, ცათა შინა არს მოწამე ჩემი და რომელმან იცის ჩემი მაღალთა შინა!
მიიღენ ლოცვაჲ ჩემი უფლისა და წინაშე მისსა წთოდენ თუალნი ჩემნი.
იყავნ მამხილებელ კაცისა წინაშე უფლისა და ძე კაცისა მოყუსისა თჳსისა.
წელნი რიცხუთანი მოწევნულ არიან და გზასა მას, რომელსა არღარა მოქცევად ვარ, მოვალ მე.