იობი, თავი 18
მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:
როდისღა დაუდებთ სამანს თქვენს სიტყვებს? იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ.
რატომ შევირაცხენით პირუტყვებად და გავუწმიდურდით თქვენს თვალში?
ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენს გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე?
ბოროტეულთა ნათელიც ჩაქრება და აღარ იელვებს მისი ცეცხლის ნაპერწკალი;
სინათლე დაბნელდება მის კარავში და სანათური ჩაქრება მის თავზე;
დამოკლდება მისი ძლიერი ნაბიჯები და დაამხობს საკუთარი რჩევა;
რადგან ჩავარდნილი აქვს ფეხი ბადეში და ხლართებში დაიარება;
ხაფანგს ქუსლით ჰყავს დაჭერილი, მოჭერილი აქვს საკვრელები;
იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე;
საშინელებები აფრთხობენ ირგვლივ და ფეხდაფეხ ედევნებიან;
დაიმშევა მისი ძალა და დაღუპვა მზად არის მისი ფერდებისთვის;
ნაწილ-ნაწილ შეუჭამს კანს, ასოებს შეუჭამს სიკვდილის პირმშო;
ამოიძირკვება მისი საიმედო კარვიდან და წაათრევენ მას საშინელებათა მეუფესთან;
მისიანი არავინ დასახლდება მის კარავში, გოგირდი გადაეყრება მის საცხოვრებელს;
ძირს ფესვები გაუხმება და მაღლა ტოტები დაუჭკნება;
მისი სახსენებელი გაქრება ქვეყნად და სახელი აღარ ექნება მოედანზე;
განდევნიან ნათლიდან ბნელში და ქვეყნიერებას მოაშორებენ;
არც ნაშიერი ეყოლება, არც შთამომავალი თავის ხალხში და არც ნატამალი დარჩება საცხოვრებელზე.
მისი დღის გამო გაოგნდებიან დასავლელნი და აღმოსავლელებს შეიპყრობს ძრწოლა.
ნამდვილად, ასე დაემართება უკუღმართთა საცხოვრებელს და იმათ ადგილს, ღმერთს რომ არ სცნობენ!
მიუგო ბალდად სავქელმან და ჰრქუა:
ვიდრემდე არა დასცხრები? დადუმენ, რათა ჩუენცა ვიტყოდით:
რაჲსა ვითარცა პირუტყუნი დადუმებულ ვართ შენ წინაშე?
და გიჴმევიეს შენ რისხვაჲ! აწ რაჲ? უკუეთუ შენ მოჰკუდე, უშენი დაშთესა ცასა ქუეშე, ანუ დაიქცენ მთანი საფუძვლითურთ?
და ნათელი უღმრთოთა დაშრტეს, ანუ არა შეემთხჳოს მათ.
ნათელი მათი ბნელად გარდაიქცეს საყოფელსა მათსა, ხოლო ნათელი იმათი დაშრტეს მათ ზედა.
წარიღეთ უმწემესთა ნაყოფი მათი; ცთომილ იყუნედ ზრახვანი მათნი.
შევრდომილ არს ფერჴი მათი საბრჴესა და მახესა წარეგრაგნენ.
მოვიდენ საბრჴენი მის ზედა, განძლიერდედ მის ზედა წყურილნი; დარწყულ არს ქუეყანასა ზედა საბელი მისი ალაგთა ზედა.
გარემოადგედ მას სალმობანი მრავალნი, საბრჴე მოიწიოს მის ზედა.
მიეცეს იწროსა სიყმილსა, დაცემაჲ განმზადებულ არს მის ზედა განსაკჳრვებელი, შეიჭამოს ძალი ფერჴთა მისთა.
შეიჭამნედ წყჳლნი, განლიენ შუენიერებაჲ მისი სიკუდილმან.
განეშორენ საყოფელთა მისთა განკურნებაჲ, შეემთხჳენ მას ჭირი და ბრალი სამეუფოჲ.
დაიმკჳდროს საყოფელსა მისსა ღამემან, დაეთესნედ შუენიერნი წუნწუბით.
და ქუეშე კერძო ძირნი მისნი განჴმელ და ზედა კერძო ნაყოფი მისი დასცჳვეს.
საჴსენებელი მისი წარწყმდინ ქუეყანით და არა იყოს სახელი მისი პირსა წინაშე სხუათაგან.
ეჭენენ მას სანთლისაგან ბნელად და არა იყოს საცნაურ ერსა შორის მისსა.
და არცა განრინებულ ცასა ქუეშე სახლი მისი, არამედ მისთა მათ შინა ცხონდებოდიან უცხონი.
მის ზედა სულთ-ითქუმიდეს უკანასკნელი, ხოლო პირველთა მათ უკჳრდა.
ესენი არიან სახლნი ცრუთანი და ესე არს ადგილი მათი, რომელთა არა იციან უფალი.