ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 30

1

დამცინიან ჩემზე უმრწემესნიც, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებში არ გავრევდი;

2

რაღაში მარგია მათი მკლავის ძალა? სიბერე ეწია მათ.

3

შიმშილისგან გაძვალტყავებულნი გარბიან გვალვიან უდაბნოში, დიდი ხნის მიტოვებულ ტრამალებში;

4

ქათანაცარას წიწკნიან ბუჩქებდაან და კურდღლისცოცხას ფესვებია მათი პური;

5

ადამიანთაგან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰყვებიან;

6

რომ ხევ-ხუვებში და მიწის მღვიმეებში იცხოვრონ;

7

ბუჩქებს შორის ყროყინებენ და ჯაგნარების ქვეშ იყუჟებიან;

8

არამზადებივით, უგვანი ბრბოსავით, განიდევნენ ქვეყნიდან;

9

ახლა მათი სამღერელი და სალაპარაკო გავხდი;

10

ვეზიზღები, გარბიან ჩემგან და წამდაუწუმ მაფურთხებენ სახეში,

11

რადგან ახსნეს ჩემი თოკი და შემაჭირვეს, ლაგამი დამიგდეს წინ.

12

მარჯვნივ ნაბიჭვარი აღმიდგა და ფეხებში მცემენ, ჩემი დაღუპველი გზები მოასწორეს;

13

დამინგრიეს გზა-სავალი ჩემს დასამხობად, შემწეც არ უნდათ;

14

თითქოს ფართე ხვრელით მოდიან, გრიალით მოექანებიან;

15

საშინელებები დამატყდა თავს, ქარივით გაიქროლა ჩემბა დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დოვლათი;

16

და ახლა იღვრება ჩემი სული, გაჭირვების დღეები მეწიენ მე;

17

ღამით მტეხავს ძვლები და მოსვენება არა აქვს ჩემს სახსრებს;

18

ძლივძლივობით მეხდება ტანსაცმელი, პერანგის საყელოსავით მაქვს შემოჭერილი;

19

ტალახში მისროლა და მტვერსა და ნაცარს დავემსგავსე;

20

შველას გთხოვ და ხმას არ მცემ, ვდგავარ შენს წინაშე და ვერ მამჩნევ;

21

მტარვალად მექეცი, შენი ძლიერი მკლავით მებრძვი;

22

ამწიე და ქარზე შემაგდე, ქარიშხალს მიმეცი გასაცამტერებლად.

23

ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში;

24

განა ნანგრევიდან არ იწვდიან ხელს და უბედურებაში არ ითხოვენ შველას?

25

განა არ მიტირია ბედშავზე? განა არ მიწუხნია გაჭირვებულზე?

26

ჰოდა, სიკეთეს ველოდი და ბოროტება მოვიდა, ნათელს ვთესავდი და ბნელი მოვიდა;

27

შიგნეული მიდუღს შეუწყვეტლივ, ვაების დღეები დამიდგა;

28

ჩაშავებული დავდივარ - არა მზისგან, კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ;

29

ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად - სირაქლემებს;

30

კანი გამიშავდა და ამეტყავა, სიცხისაგან მივარვარებს ძვლები;

31

მოთქმად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად ჩემი სალამური!

1

აწ, ესერა, მეცინიან. უნაკლულევანესნი აწ, ესერა, მასწავებენ მე ზოგს-რასმე, რომელთანი შეურაცხ-მეყუნეს მამანი მათნი, რომელნი არა შემერაცხნეს სწორად ძროხათა მძოვართა ჩემთასა.

2

და ძალი იგი ჴელთა მათთა რავდენ არს ჩემდა? მათ ზედა წარწყმდა აღსასრული.

3

ნაკლულევანებასა და სიყმილსა შინა იყვნეს, რომელნი ივლტოდეს ურწყულსა გუშინ იწროებისაგან და უბადრუკებისა,

4

რომელნი მდელოსა კრებდეს მთათა შინა, რომელთაჲ მხალი იყო მათა საზრდელად, უპატიონი და განქარვებულნი, ნაკლულევანნი ყოვლისაგან კეთილისა,

5

რომელნი ძირსაცა ხეთასა იცოხნიდეს სიყმილისაგან დიდისა, ჩემ ზედა აღდგომილ არიან მპარავნი,

6

რომელთანი სახლნი მათნი იყვნეს ჴურელნი კლდეთანი, შორის საოხრელთა ღაღადებდეს.

7

რომელნი ქარქუეტითა ველისათა იზარდებოდეს, უგუნურთა.

8

შვილთაგან უპატიოჲ სახელი და მორჩილებაჲ დაშრეტილი ქუეყანით.

9

აწ, ესერა, ქნარი მათი მე ვარ, და მე სასიტყუელად ვაქუ.

10

მომიძაგეს მე და განდგეს ჩემგან შორად, და პირსა წინაშე ჩემსა არა მერიდნეს ნერწყუად;

11

აღახუნა კაბარჭთა მისთა და განმაბოროტა მე, და აღჳრნი ამასხნა პირსა ჩემსა.

12

მარჯუენით მცენარისა აღდგომილ არიან. ფერჴი მისი განირთხა და გზა-უყო ჩემდამო ალაგთა წარსაწყმედელთა მისთა.

13

შეიმუსრნეს ალაგნი ჩემნი, განმძარცუა სამოსელი ჩემი, რამეთუ ისარნი მისნი დამასრინა მე.

14

და მიზამს მე, რაჲცა უნებს, სალმობათა შინა შებღალულ ვარ,

15

კუალად მომექცევიან მე სალმობანი ჩემნი: წარჴდა სასოებაჲ ჩემი, ვითარცა ქარი და ვითარცა ღრუბელი, ცხორებაჲ ჩემი.

16

და აწ ჩემგან განვიდეს სული ჩემი. მოცემულ არიან ჩემდა დღენი სალმობისანი.

17

ღამე ძუალნი ჩემნი შეიწუიან და ძარღუნი ჩემნი დაჴსნილ არიან.

18

დიდითა ძალითა შებმა-უყო სამოსელსა ჩემსა, ვითარცა საყელე კუართისა ჩემისაჲ გარემომადგეს მე.

19

შემრაცხა მე სწორად თიჴისა, მიწისა თანა და ნაცრისა დადვა ნაწილი ჩემი.

20

ვღაღადებ შენდამი და არა ისმენ ჩემსა, დავდეგ და არა განმიცადეს მე.

21

და ზედამომიჴდეს მე უწყალოდ, ჴელითა მტკიცითა მტანჯავ მე.

22

და განაწესენ ჩემ ზედა სალმობანი და განმაგდე მე ცხორებისაგან.

23

ვიცი, რამეთუ სიკუდილმან შემმუსროს მე, რამეთუ სახლ ყოვლისა მოკუდავისა მიწაჲ არს.

24

უკუეთუმცა ვითარ ძალ-მედვა თავსა ჩემსა ჴელისა შეყოფა, გინათუმცა ვის ვევედრე სხუასა და მიყო ესე,

25

რამეთუ მე ყოველთა ზედა უძლურთა ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ, ვიხილე კაცი ურვასა შინა.

26

მოველოდე კეთილსა და აჰა, ესერა, შემემთხჳნეს მე დღენი ბოროტნი.

27

მუცელი ჩემი დუღს და არა დადუმნეს; მომეწიფნეს მე დღენი სიგლახაკისანი,

28

სულთქმით ვალ მე თჳნიერ ჭირისა. და ვდგა მე კრებულსა შორის და ვღაღადებ.

29

ძმაჲ ვიქმენ ურჩხულთა და მოყუას სირთა.

30

ტყავი ჩემი დაბნელებულ არს დიდძალად და ძუალნი ჩემნი სიცხისაგან.

31

გარდამექცა სიხარული ჩემი გლოვად და მხიარულებაჲ ჩემი ტირილად.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142