იობი, თავი 36
განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
ცოტა მაცალე და გაგიცხადებ, რომ კიდევ არის სიტყვები ღვთის გასამართლებლად:
შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და ჩემს შემქმნელს მივაგებ სიმართლეს.
რადგან, ჭეშმარიტად, არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში, წრფელია ჩემი ფიქრები შენს წინაშე.
აჰა, ძლიერია ღმერთი, მაგრამ არავინ სძულს, ის სიბრძნის ძალით არის ძლიერი;
ის არ აცოცხლებს ბოროტეულს და დაჩაგრულებს სამართალს აძლევს;
მართალს თვალს არ არიდებს, მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ და აღზევდებიან ისინი;
თუ ვინმეს ადევს ბორკილები და სივაგლახის საკვრელებით არის შეკრული,
გამოუცხადებს მათსავე ნამოქმედარს და ცოდვებს. თუ რაოდენ დამძიმდნენ ისინი;
გაუხსნის ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რომ განერიდონ უკეთურებას;
თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს - ნეტარებაში;
თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაიღუპებიან და უგუნურად დაიხოცებიან;
გულხენეშნი რისხვით არიან ატანილნი, შველას არ ითხოვენ, როცა ბორკავს მათ;
სიყრმეშივე კვდება მათი სული და გარყვნილებაში გადის მათი სიცოცხლე;
ის იხსნის გაჭირვებულს გასაჭირითვე და სატანჯელით ყურს უხსნის მათ.
შენც გამოგიყვანდა სივიწროვიდან სიფართოვეში, გაშლილ ადგილზე და შენი სუფრა სავსე იქნებოდა ნუგბარი საჭმელებით;
შენ კი სავსე ხარ ბოროტეულის ბრალით, ხოლო ბრალი და სასჯელი კი ერთმანეთს არიან მოჭიდებულნი.
ბრაზმა სასაცილოდ არ გაგხადოს, დიდმა გასამრჯელომ არ გადაგხაროს.
თუ გიშველის ყვირილი გასაჭირში ან მთელი შენი ძალისხმევა?
ნუ ესწრაფი ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან;
ფრთხილად იყავი, არ მიიქცე ბოროტისკენ, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ.
აჰა, ღმერთი ზეობს თავისი ძლიერებით, ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი?
ვის დაუწესებია მისთვის გზები? ვის უთქვამს, ბოროტება გაქვსო ჩადენილი?
გახსოვდეს, რომ ადიდო მისი საქმენი, რომელთაც უგალობენ ადამიანები.
მთელი კაცთა მოდგმა ხედავს მათ და შორადანვე ამჩნევს კაცი.
აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შეგვიცვნია; აღურაცხელია მისი დროჟამი.
შემოიკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ორთქლად აფრქვევს მათ;
რაც ღრუბლებიდან იღვრება, ხალხთა სიმრავლეს ესხურება;
თუ მიხვდება ვინმე ღრუბელთა ხლეჩას, ჭექა-ქუხილს მისი კარვიდან?
აჰა, გამოუტევებს ნათელს თავის გარშემო და ჩამალავს ზღვის უფსკრულებში;
რადგან მით განსჯის ხალხებს და უხვად იძლევა საზრდოს;
ელვა ფარავს მის ხელებს და გზავნის მას მტრების წინააღმდეგ;
თავისი გრგვინვით აცხადებს თავს, ჯოგი წინათგრძნობს მის მოახლოებას.
მიუგო ელიუს და ჰრქუა:
მგებდ მცირედღა, და გასწაო შენ, რამეთუ არიანღა მერმეცა ჩემ თანა სიტყუანი.
და აღვიღო მეცნიერებაჲ ჩემი შოვრად საქმითა ჩემითა, სამართალი ვთქუა.
ჭეშმარიტებით, არა სიცრუვისა სიტყჳთა, ხოლო შენ ნაცილად გულისჴმა-ჰყოფ.
ესე უწყოდე, რამეთუ უფალმან არა განიშოროს უბიწოჲ იგი, ძლიერმან მან ძალითა.
გულითა უღმრთოჲ იგი არა აცხოვნოს და სასჯელი გლახაკსა გამოსცეს.
არა გამოაშორნეს მართალსა თუალნი მისნი და მეფეთა თანამოსაყდრედ დასცნეს იგინი მძლედ, და აღმაღლდენ.
და კრულნი იგი ჴელბორკილითა შეიკრნეს საბლითა სიგლახაკისათა.
და უთხრნეს მათ საქმენი მათნი და შეცოდებანი მათნი, რამეთუ განძლიერდენ.
და მართლისა მის ისმინოს და თქუას, ვითარმედ: მოიქცენ სიცრუვისაგან.
უკუეთუ ისმინონ, ჰმონებდენ. აღასრულნენ დღენი მათნი კეთილსა შინა და წელნი მათნი შეუნიერებით.
ხოლო უღმრთონი ვერ განერნენ, რამეთუ არა ჰნებავს მათ ცნობად ღმერთი და რამეთუ სწავლასა შინა ურჩ იყვნეს.
და ორგულთა გულითა დაამტკიცონ გულისწყრომაჲ. ვერცა დაღადყონ, რამეთუ შეკრნა იგინი.
მოკუედინ სიჭაბუკესა სული მათი და ცხორებაჲ მათი იწყალნ ანგელოზთაგან.
ამისთჳს, რამეთუ აჭირებდეს ჭირვეულთა და უძლურთა. და სამართალი მშჳდთა გამოსცეს.
და ამას თანა შეგაცთუნა შენ პირისაგან მტერისა უფსკრულისა მოფენაჲ ქუეშე მისსა. და დაემჴუა ტაბლაჲ შენი სავსე სიპოხითა.
ხოლო არა მოაკლდეს მართალთაგან სამართალი, ხოლო გულისწყრომაჲ იყოს უღმრთოთა ზედა.
უღმრთოებით, რომელ ქრთამსა მიიღებდეს ნაწილად.
ნუ სადა გარდაგაქცევნ ნებსით გონებაჲ შენი ვედრებასა ჭირსა შინა მყოფთა უძლურთასა, და ყოველთაგან, რომელნი მტკიცე იყუნენ ძალითა.
ნუ გამოიყვანებ ღამე ერსა აღსლვად მათ წილ.
ეკრძალე, ნუ იქმ უჯეროსა, რამეთუ ამათგან განერე გლახაკებასა,
აჰა, ესერა, ძლიერმან განამტკიცოს იგი ძალითა თჳსითა. ვინმე უკუე არს ძლიერ მისებრ?
ანუ ვინმე არს განმკითხველ საქმეთა მისთა? ანუ ვინ არს მეტყუელ მისა, ვითარმედ: ქმნა რაჲმე სიცრუით?
მოიჴსენე, რამეთუ დიდ არიან საქმენი მისნი, რომელთა ზედა მთავრობდეს კაცნი მართალნი.
ყოველმან კაცმან იხილა მას შინა, ვითარცა წყლულნი არიან ყოველნი კაცნი,
აჰა, ესერა, ძლიერი იგი დიდ არს და ვერ გჳცნობიეს რიცხჳ წელთა დაუსრულებელ.
აღრაცხილ არიან მისა ნაწუეთნი წჳმისანი და მოჰფინედ წჳმად ღრუბელთა.
და დიოდიან დაძუელებად, დაწყჳდიან, ექმნენ მრავალთა ზედა კაცთა, და აჩრდილობდეს ღრუბელი ურიცხუთა ზედა კაცთა. ჟამი განუწესა პირუტყუთა და იციან საწოლისა წესი. ამას ყოველსა ზედა არა განუკჳრდებისა გონებასა შენსა, არცა დაგეგების გული შენი ჴორცთაგან შენთა?
და უკუეთუ გულისჴმა-ჰყო განწესებაჲ ღრუბელთაჲ და სწორებაჲ საყოფელისა მისისაჲ,
აჰა, ესერა, განმარტის მას ზედა გზაჲ და ძირნი ზღჳსანი დაჰფარნა,
რამეთუ მათ შინა განსაჯნეს ერნი, და მოსცეს საზრდელი ძლიერსა.
ჴელითა დაფარა ნათელი და ამცნო მისთჳს, რომელი მოეგებვოდის მას,
უთხრას მისთჳს მეგობართა თჳსთა და მონაგებთა სიცრუვისათჳს.