ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 21

1

მიუგო იობმა და უთხრა:

2

კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვა და ეს იყოს თქვენგან ნუგეშისცემა:

3

ჯერ მე დამაცადეთ ლაპარაკი და, როცა ვიტყვი სათქმელს, დამცინეთ.

4

განა ადამიანს ვუჩივივარ მე? როგორ შევძლია, რომ სულმოკლე არ ვიყო?

5

შემომხედეთ და შეძრწუნდით; პირზე დაიდევით ხელი.

6

ამის გაფიქრებაც კი მზარავს, შიშისზარი იპყრობს ჩემს ხორცს.

7

რატომ არის, რომ ბოროტეულნი ცოცხლობენ, ბერდებიან და უფრო მძლავრდებიან?

8

მათი მონაგარი მყარად დგას მათ წინაშე და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა.

9

მათი სახლები შიშისგან დაცულია და არც ღვთის კვერთხია მათზე დაღირებული;

10

მისი ბუღა ბუღობს, არ ააცდენს; მისი ფური იგებს, არ უკვდება;

11

ცხვრებივით გარეკავენ თავიანთ ბავშვებს და კუნტრუშობენ მათი შვილები;

12

უკრავენ დოლსა და ქნარს და მხიარულობენ სალამურის ხმაზე;

13

განლევენ განცხრომით თავიანთ დღეებს და ანაზდეულად ჩახდებიან შავეთში;

14

ღმერთს ეუბნებიან: ჩამოგვეცალე! არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზებიო;

15

რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო?

16

აჰა, მათ ხელში არ არის მათი კეთილდღეობა? ბოროტეულთა რჩევა შორს არის ჩემგან!

17

რამდენგზის ჩამქრალა ბოროტეულთა ლამპარი? რამდენგზის დასტეხიათ უბედურება? ის ანაწილებს ხვედრს თავის რისხვის ჟამს.

18

იქნებიან ჩალასავით ქარის წინაშე და ქარბორბალასგან მოტაცებულ ბზესავით.

19

განა ინახავს ღმერთი სატანჯველს მისი შვილებისთვის? მხოლოდ მას მიუზღავს და ეცოდინება.

20

მისმა თვალებმა იხილონ მისი თასი და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა.

21

რადგან რაღა საზრუნავი ექნება თავის სახლში სიკვდილის შემდეგ, რადგან მისი თვეები უკვე დათვლილია?

22

განა ღმერთს ესწავლება ჭკუა, როცა ის ანგელოზებს ასამართლებს?

23

ზოგი სრულ სიმრთელეში კვდება, ყოვლად მშვიდი და უზრუნველი;

24

მისი შიგანი სავსეა ქონით და მისი ძვლები ტვინით არის დაპოხილი.

25

ზოგი სულგამწარებული კვდება და არ უნახავს სიკეთის გემო.

26

ერთად წვანან ისინი მიწაში და ჭიაღუებით არიან დაფარულნი.

27

აჰა, მიგიხვდით ფიქრებს და მზაკვრობას, რასაც მიმზადებთ.

28

რადგან ამბობთ: სად არის ქველი კაცის სახლი და სად არის ბოროტეულთა კარავ-სადგომიო?

29

შეეკითხეთ გზაზე ჩამვლელებს და მათ მოწმეებს ნუ უარყოფთ:

30

დაღუპვის დღეს დაცულია ბოროტი კაცი, გარიდებულია რისხვის დღეს.

31

ვინ ამხილებს მას პირში მისი საქციელის გამო? ვინ მიუზღავს ნამოქმედარისთვის?

32

სასაფლაოზე წაასვენებენ და მცველად დაუდგება საფლავის ბორცვი.

33

ეამება ხევის კოლბოხები და ყოველი კაცი მას მიჰყვება. იმათ კი სათვალავი არა აქვთ, ვინც მის წინ იყვნენ.

34

როგორღა მანუგეშებთ ამაოებით? მტკნარი სიცრუეა თქვენი პასუხები.

1

მიუგო იობ და ჰრქუა:

2

ისმინეთ, ისმინეთ სიტყუათა ჩემთა, ნეტარ თუმცა არა იყოს თქუენ მიერ ესე ჩემდა ნუგეშინის-ცემაჲ?

3

მაცადეთ მე და ვიტყოდი, უკუეთუ არა მეკიცხევდეთ მე.

4

აწ რაჲ? კაცისა მიერ ნუ არსა მხილებაჲ ესე ჩემი? ანუ ვითარ არა განვრისხნე?

5

მხედევდით მე და გიკჳრდინ, ჴელნი დაისხენით პირსა

6

უკუეთუ მოვიჴსენენ, ვისწრაფო, ეგრე ჰქონან ჴორცნთა [?] ჩემთა სალმობანი.

7

აწ რასათჳს უღმრთონი ცხოველ არიან და დაძუელებულ არიან სიმდიდრესა ზედა?

8

თესლი მათი ნებისაებრ მათისა, შვილნი მათნი წინაშე თუალთა მათთა.

9

სახლნი მათნი სავსე არიან, შიში არავინაჲ არს მათა, ტანჯვაჲ უფლისა მიერ არა არს მათ შორის.

10

ფურმან მათმან არა მოაგდო, განერა მაკე იგი მათი და არა შეეცოდა.

11

ჰგიან იგინი ვითარცა ცხოვარნი საუკუნენი და ყრმანი მათნი იმღერიან.

12

აუღებიეს ებანი ღა ქნარი და იხარებენ ჴმითა სახიობისათა,

13

რათა აღასრულნენ კეთილსა შინა დღენი მათნი და განსასუენებელსა ჯოჯოხეთისასა დაიძინეს.

14

ჰრქჳს უფალსა: გარეიქეცი ჩემგან, გზათა შენთა ცნობადვე არა მნებავს.

15

რაჲ სარგებელ, რამეთუ ვჰმონებდეთ მას? და ანუ რაჲ შესაძინელ, რამეთუ მივეგებვოდეთ მას?

16

რამეთუ ჴელთა მათთა შინა იყო კეთილი იგი მათი. და საქმეთა უღმრთოთა იგი არა ხედავს.

17

არა ხოლო ეგრე, არამედ უღმრთოთაცა სანთელი და-ვე-შრტეს და მოიწიოს მათ ზედა დაქცევაჲ და სალმობამან შეიპყრნეს იგინი რისხვისაგან.

18

და იყვნენ იგინი ვითარცა ბზენი წინაშე ქარსა, ანუ ვითარცა მტუერი, რომელი აღიღის ნიავქარმან.

19

მოაკლდეს ძეთა მისთა ნაყოფი მისი, მიაგოს მათ და ცნას.

20

იხილედ თუალთა მისთა კლვაჲ თჳსი და უფლისა მიერ ნუ განერებინ,

21

რამეთუ ნებაჲ მისი სახლსა შინა მისსა იყო მის თანა და რიცხუნი თუეთა მისთანი განიყუნეს,

22

ვითარ უკუე აწ არამე უფალი არს, რომელმან ასწავის გულისჴმისყოფაჲ და მეცნიერებაჲ? და იგი თავადი კაცისმკლველთა განიკითხავს.

23

ესე მოკუდეს სიმტკიცითა უგნურებისა მისისათა, რამეთუ ყოვლადვე ფუფუნეულ და წარმომართებულ იყო.

24

და ნაწლევნი მისნი სავსე იყვნეს ცრემლითა. ტჳნი მისი განფენილ იყო.

25

ხოლო ესე აღესრულა სიმწარითა სულისაჲთა. არარაჲ ჭამა არცა ერთ რაჲ კეთილ.

26

და ერთბამად მიწასა ზედა დაიძინეს და მყრალობამან იგინი დაფარნა

27

ვითარ-ესე გიცნი თქუენ, კადნიერად ზედამომივალთ მე,

28

ვითარმედ სთქუათ სამე, ვითარმედ: სადა არს სახლი იგი მთავრისა? და სადა არს საყოფელი იგი უღმრთოთა?

29

ჰკითხეთღა თანაწარმავალთ გზისათა და სასწაული იგი მათი არა უცხო იყოს,

30

რამეთუ დღედ წარწყმედისა მიეცემის უკეთური იგი, დღედ რისხვისა მისისა მიიყვანენ.

31

ვინმე უთხრას წინაშე პირსა მისსა გზაჲ მისი? და მან ქმნა და ვინმე კუალად მოაგოს მას?

32

და იგი თავადი საფლავად მიეცა და სამარესა შინა იღჳძებდა.

33

დასტკბნეს მას ღჳნჭანი ჴევისანი და შემდგომად მისა ყოველი კაცი მივიდეს და უწინარეს მისსა ურიცხუნი.

34

ვითარ ნუ გეშინის-მცემთ მე ცუდსა ნუგეშინის-ცემასა? ხოლო დაცხრომაჲ თქუენგან არა არს.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142