ლოცვანი
აპლიკაცია

იობი, თავი 22

1

მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:

2

რას არგებს ღმერთს კაცი, როცა ბრძენიც კი თავისი თავისთვის არის სასარგებლო.

3

რაში სჭირდება ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რა გამორჩენა ექნება, თუ შენ წრფელი გზებით ივლი?

4

განა შენი მოშიშების გამო დაგიწყებს მხილებას და წავა შენთან ერთად სამსჯავროზე?

5

განა დიდი არ არის შენი სიბორეტე? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს?

6

რადგან ტყუილუბრალოდ იხუთავდი შენი მოძმისაგან და ტანისამოსს ხდიდი შიშველ-ტიტველს;

7

მწყურვალს წყალს არ ასმევდი და მშიერს პურს უკავებდი;

8

მძლავრისაა ეს ქვეყანა და აღზევებული მკვიდრობს იქ;

9

ქვრივები ხელცარიელი გაგისტუმრებია და ობლებს მკლავები მოსწყვეტია.

10

ამიტომ არის შენს ირგვლივ ხაფანგები და ანაზდეული შიში გაძრწუნებს;

11

წყვდიადი გიშლის ხედვას თუ წყლის ნიაღვარმა გადაგფარა?

12

განა ღმერთი ცაზე მაღლა არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!

13

შენ ამბობ, რა უნდა იცოდეს ღმერთმა, ბურუსიდან რა უნდა განსაჯოსო?

14

ღრუბელი აქვს საფარველად და ვერ იხედება, ცარგვალს უვლისო გარშემო.

15

ნუთუ ძველ გზას ადგახარ, ავკაცები რომ დადიოდნენ?

16

რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.

17

ღმერთს ეუბნებოდნენ: გაგვეცალე! რას გვარგებსო ყოვლადძლიერი?

18

მან კი სახლები აღვსო დოვლათით. შორს იყოს ჩემგან ბოროტეულთა რჩევა!

19

უყურებდნენ მართალნი და ხარობდნენ, დასცინოდა მათ უმწიკვლო კაცი.

20

ხომ გაცამტვერდა ჩვენი მტერი და მათი ნატამალი ხომ ცეცხლმა შეჭამა!

21

შეეთვისე მას და მშვიდობით იქნები, ამით მოვა შენთან ნეტარება;

22

მიიღე მისი ბაგიდან რჯული და გულში ჩაიდევი მისი სიტყვები;

23

თუ მიიქცევი ყოვლადძლიერისკენ, აშენდები; მოაშორე უკეთურება შენს კარვებს;

24

მტვერში დაფანტე ოქრო და რიყის ქვებში გაურიე ოფირის ბაჯაღლო;

25

ყოვლადძლიერი იყოს შენი ოქრო და ელვარე ვერცხლი შენთვის.

26

რადგან მაშინ ყოვლადძლიერში ჰპოვებ ნეტარებას და ღვთისკენ აღმართავ სახეს;

27

ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შეასრულებ შენს აღთქმებს;

28

რასაც ჩაიფიქრებ, აგიხდება და შენს გზებზე ნათელი იბრწყინებს.

29

თუ დაამცირეს, შენ მის აღზევებას იტყვი; თვალდახრილს იხსნის იგი.

30

ბრალიანსაც კი გადაარჩენს, შენი უმწიკვლო ხელით გადარჩება.

1

მიუგო ელიფას თემანელმან და ჰრქუა:

2

აწ არამე უფალი არსა, რომელმან ასწავის გულისჴმის-ყოფაჲ და მეცნიერებაჲ?

3

რაჲმე უკუე ხარკ უფლისაჲ, შენ თუ იყავ საქმითა შენითა უბიწო? ანუ რაჲ სარგებელ, რამეთუ წრფელ იყავ გზათა შენთა?

4

ანუ სიტყუაჲმე ყოსა შენდა მიმართ და გამხილოს შენ და შენ თანა შევიდეს საშჯელად?

5

აწ არამეა უკეთურებანი შენნი მრავალ არიან? და ურიცხუ არიან ცოდვანი შენნი?

6

მო-სამე-იხუთევდ ძმათა შენთა ცუდად, სამოსელი შიშუელთა მოუღე,

7

არცა წყალი წყურიელთა ასუ, არამედ მშიერთა მოუღე პური.

8

თუალთვეამე-აღებ პირთა მათთა და მსხემ ჰქმნენ ქუეყანისანი,

9

ქურივნი განავლინენ ცალიერნი და ობოლთა ბოროტსა უყოფდ.

10

აწ უკუე გარემოგადგეს შენ საფრჴენი და მოიწია შენ ზედა ბრძოლაჲ განსაკჳრვებელი.

11

ნათელი შენი ბნელად გარდაგექცა და ძილსა შინა შენსა წყალმან დაგფარა შენ.

12

ანუ არა, რომელი- იგი მაღალთა მსტოარ არს, იგი ხედავს, და რომელნი-იგი გინებით იქცევიან, დაამდაბლნა?

13

ჩას თუ რაჲმე ცნა ძლიერმან მან, ანუ წყუდიადით სჯიდეს.

14

ღრუბელი არს საფარველ მისა და ვერ იხილა ვინ და გარემოჲს ცათა ვიდოდის.

15

ანუ ალაგნი საუკუნენი დაიცვნე, რომელსა-იგი ვიდოდეს კაცნი მართალნი,

16

რომელ-იგი შეიპყრეს უჟამოდ? მდინარე მოდინებულ საფუძველნი მათნი.

17

რომელთა თქჳან: უფალმან რაჲ მიყოს ჩუენ? ანუ რაჲ მოაწიოს ჩუენ ზედა ყოვლისა მპყრობელმან,

18

რომელმან აღავსნა სახლნი მათნი კეთილითა? ზრახვანი უღმრთოთანი შორს არიან მისგან.

19

იხილეს მართალთა და განიცინნეს, ხოლო უმანკომან შეურაცხ-ყო;

20

რამეთუ განირყუნა ძალი მათი. და ნეშტი მათი შეჭამა ცეცხლმან.

21

იქმენღა ფიცხელ, უკუეთუ და-ვითარ-უთმო, გინათუ ნაყოფი შენი იყოს კეთილთა შინა.

22

გამოიხუენ პირისაგან მისისა სიტყუანი და დაიკრიბენ სიტყუანი მისნი გულსა შენსა.

23

უკუეთუ მოიქცე და დაიმდაბლო თავი შენი წინაშე უფლისა, მაშინ განიშორენ საყოფელთაგან შენთა სიცრუენი.

24

დაემტკიცე მიწასა ზედა კლდესა შინა, ვითარცა ჴევსა სოფირისასა.

25

და იყოს შენდა შემწე ყოვლისა მპყრობელი მტერთაგან შენთა. და წმიდად მოგაგოს შენ ვეცხლი გამოჴურვებული.

26

და მაშინ განცხადებულებაჲ ჰპოვო წინაშე უფლისა და აღიხილნე თუალნი ზეცად მხიარულებით.

27

ილოცვიდე რაჲ შენ მისსა მიმართ, ისმინოს შენი და მობცნეს შენ კუალად-გებად ლოცვანი შენნი.

28

და მოგაგოს შენ სასყიდელი სიმართლისა და გზათა შენთა შენ თანა იყოს ნათელი,

29

რამეთუ დაამდაბლა იგი და სთქუა: ამპარტავანებდა. და მდაბალი იგი თუალითა აცხოვნოს,

30

იჴსნას უბიწოჲ იგი და განერეს წმიდითა ჴელითა შენითა.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142