იობი, თავი 33
აბა, მოისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ჩემს ყოველ სიტყვას მიუგდე ყური.
აჰა, დავძარი ბაგე, ალაპარაკდა ჩემი ენა ჩემს სასაში.
გულწრფელია ჩემი სიტყვები და ჩემი ბაგე ნათლად გამოაცხადებს ცოდნას;
ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე.
თუ შეგიძლია, მიპასუხე! მოემზადე, დაიცავი თავი!
აჰა, მეც შენი მსგავსი ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ მოზელილი.
ჩემი შიში შენ არ გაშინებს და ჩემი ხელი შენ არ გამძიმებს.
ჩემს გასაგონად ლაპარაკობდი და მე მესმოდა შენი სიტყვების ხმა:
სუფთა ვარ, უცოდველიო, არა მაქვსო ბრალი;
ჯავრი აქვს ჩემი, თავის მტრად შევურაცხივარო;
ხუნდებში გამაყრევინა ფეხები, ჩემს ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებსო.
აი, ამაში არა ხარ მართალი. მე გეუბნები, რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი.
რატომ ედავები? ის ხომ პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე.
ღმერთი ხომ ასეც ლაპარაკობს და ისეც, ვერავინ მიუხვდება.
სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე,
მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს,
რომ აარიდოს კაცი ავ საქმეს და დაიცვას ამპარტავნობისგან;
რომ იხსნას მისი სული წარწყმედისგან და მისი სიცოცხლე - მახვილით დაღუპვისგან;
სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები;
მის სიცოცხლეს შესძაგდება პური და მის სულს - გემრიელი საჭმელი;
დადნება ხორცი მისი, უხილავი გახდება; გამოჩნდებიან მისი ძვლები, უხილავნი რომ იყვნენ;
მიაწევს საფლავამდე მისი სული და მისი სიცოცხლე - სიკვდილის წლებამდე;
თუ აღმოჩნდა ათასში მისი მეოხე ერთი ანგელოზი, რომ ადამიანის სიწრფელე გამოაცხადოს,
შეიბრალოს და თქვას: ნუ გასწირავ საფლავად ჩასვლისთვის, ნაპოვნი მაქვსო გამოსასყიდი,
განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება.
ის ლოცვას აღუვლენს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას და სიხარულით შეხედავს მის სახეს, დაუბრუნებს მის სიმართლეს;
ის იმღერებს კაცთა წინაშე და ეტყვის: ვცოდე მე, სწორი გავამრუდე, მაგრამ არ მომაგო საკადრისადო.
იხსნა ჩემი სული საფლავში ჩასვლისაგან და, აჰა, ჩემი სიცოცხლე ნათლის ჭვრეტაშიაო.
აჰა, ყველაფერს ამას ორგზის, სამგზის უკეთებს ღმერთი ადამიანს,
რომ გამოაბრუნოს მისი სული საფლავიდან და სიცოცხლის ნათლით გაანათლოს.
ყური დამიგდე, იობ, მომისმინე, დადუმდი და მე ვილაპარაკებ.
თუ სათქმელი გექნება, მიპასუხე, რადგან მწადია შენი გამართლება.
თუ არა და, მე მისმინე, დადუმდი, მე გასწავლი სიბრძნეს.
არა ხოლო ეგრე, არამედ ისმინენ, იობ, სიტყუანი ჩემნი. ყურად-იხუენ თქმულნი ჩემნი.
აჰა, ესერა, აღვაღე პირი ჩემი და იტყოდეს ენაჲ ჩემი, წმიდა არს გული ჩემი სიტყუათაგან, და გულისჴმის-ყოფამან ბაგეთა ჩემთამან წმიდად ცნას.
სული საღმრთოჲ არს, რომელმან შემქმნა მე და სული ყოვლისა მპყრობელისაჲ, რომელი მასწავებს მე.
უკუეთუ ძალ-გიც, მომიგეთ მე სიტყუაჲ ამას ზედა, უკუეთუ არა, დამითმეთ მე.
დადეგ შენ ჩემდამო და მე შენდამი. თიჴისაგან შექმნილ ვართ მეცა და შენცა, მისვე თიჴისაგან დაბადებულ ვართ.
არა შიშმან ჩემმან შეგაძრწუნოს შენ, არცა ჴელმან ჩემმან დაგამძიმოს შენ.
ვითარმედ სთქუ ყურთა ჩემთა, ჴმაჲ სიტყუათა შენთაჲ მესმა.
რამეთუ იტყჳ: წმიდაჲ ვარი მე, და არა რაჲ მიცოდავს მე, უბრალო ვარ მე საქმითა, არა რაჲ უსჯულოჲ მიქმნიეს.
ბრალი ჩემ ზედა პოვა და შემრაცხა მე, ვითარცა მტუერი.
დაასხნა ჴუნდსა შინა ფერჴნი ჩემნი. დამიმარხნა ყოველნი გზანი ჩემნი.
რამეთუ აწ სთქუა: უკუეთუ მართალ ვარი მე და არა ისმინა? რამეთუ საუკუნე არს, რომელ-იგი კაცთა ზედა არს.
და იტყჳ: რასათჳს სასჯელისა ჩემისა სიტყუანი არა ისმინნა?
ერთჯერღა თქუა უფალმან, ხოლო მეორედ ჩუენებით,
ანუ სწავლასა ღამისასა, ვითარ-იგი მას ჟამსა დაეცის კაცთა ზედა ბოროტი შიში ძილსა შინა, საწოლსა ზედა.
მაშინ გამოაცხადნეს გონებანი კაცთანი, სახითა შიშისაჲთა ესევითარითა შეაშინა იგინი,
რათა მოაქციოს კაცი სიცრუვისაგან, და ჴორცნი მისნი დაცემისაგან იჴსნნა
და ჰრიდა სულსა მისსა სიკუდილისაგან, რათა არა დაეცეს იგი ბრძოლასა შინა.
მერმე კუალად ამხილა მას სნეულებითა სარეცელთა ზედა. და სიმრავლე ძუალთა მისთა დააბუშვა,
უკუეთუ საჭმელი საზრდელისა ვერ ჴელ-ეწიფების მიღებად და სულსა მისსა საზრდელისა გული უთქმიდეს,
ვიდრემდე დალპენ ჴორცნი მისნი და გამოაჩინნეს ძუალნი მისნი ცუდნი.
მიეახლა სული მისი სიკუდილსა და ცხორებაჲ მისი ჯოჯოხეთსა.
იყვნენღა თუ ათასნი ანგელოზნი მაკუდინებელნი, ერთმანცა მათგანმან ვერ წყლას იგი.
უკუეთუ ცნას გულითა თჳსითა მოქცევად უფლისა, და უთხრას კაცსა ბრალი თჳსი, და გონებაჲ თჳსი აჩუენოს და თავს-იდვას, რათა არა შევარდეს იგი სიკუდილსა.
და განაახლნეს ჴორცნი მისნი, ვითარცა საგოზლითა კედელი, და ძუალნი მისნი აღავსნეს ტჳნითა. და მოაჩჩუნეს სხეულნი მისნი, ვითარცა ყრმისა ჩჩჳლისანი, და კუალად მოაგოს იგი განმამაკაცებული კაცთა შორის.
ილოცოს უფლისა მიმართ, და შეისმინოს მისი, და შევიდეს იგი მხიარულითა პირითა აღსაარებით, და მიაგოს კაცთა სიმართლე.
მაშინ აბრალებდეს კაცი თჳთ თავსა თჳსსა და იტყოდის: რასა-ესე ვიქმოდე, და არა, ვითარ-იგი ვღირდი, მტანჯა მე, რავდენ-იგი შევსცოდე.
იჴსენ სული ჩემი, რათა არა შევიდეს განსარყუნელად, და ცხორებამან ჩემმან ნათელი იხილოს,
აჰა, ესერა, ყოველი ესე უქმნიეს ძლიერსა მას, სამი გზაჲ არს კაცისა თანა,
არამედ იჴსნა სული ჩემი სიკუდილისაგან, რათა ცხორებაჲ ჩემი ნათელსა შინა აქებდეს მას.
ყურად-იღე, იობ, და ისმინე ჩემი. დადუმენ და მე ვიტყოდე:
უკუეთუ არიან სიტყუანი, მომიგე მე, იტყოდე, მნებავს განმართლებაჲ შენი!
უკუეთუ არა, შენ ისმინე ჩემი, დადუმენ და მე გასწაო შენ სიბრძნე.