ესაია წინასწარმეტყველი, თავი 65
მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; აღმოვუჩნდი მათ, ვისაც არ ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი, ხალხს, რომელსაც არ უხსენებია ჩემი სახელი.
დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე;
ხალხისაკენ, რომელიც დაუფარავად შეურაცხმყოფს გამუდმებით, მსხვერპლს სწირავს ჭალებში და აგურებზე საკმეველს აკმევს.
დამჯდარა საფლავებს შორის და გამოქვაბულებში აღამებს, ჭამს ღორის ხორცს და მურდალი შეჭამადი უდგათ ჭურჭლებში.
ამბობენ: განვედ, არ მომეკარო, რადგან შენზე წმიდა ვარო! ეს კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლი, რომელიც მთელი დღე გიზგიზებს.
აჰა, დაწერილია ჩემს წინაშე: არ დავდუმდები, ვიდრე საზღაურს არ მივაგებ; საზღაურს მივაგებ მათ უბეს.
მათი ცოდვებისთვის და მათი მამა-პაპის ცოდვებისთვის ერთიანად, ამბობს უფალი, ყველას, ვინც საკმეველს აკმევდა მთებზე და გორაკებზე, და მგმობდნენ მე; უბეში მივუზომავ მათ წარსულ საქმეებს.
ასე ამბობს უფალი: როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება, ამბობენ: ნუ გააფუჭებ, რადგან კურთხევაა მასში. ასევე მოვიქცევი მეც ჩემს მორჩილთა გულისათვის, რათა ყველა არ დავღუპო.
გამოვიყვან იაკობისგან თესლს და იუდადან ჩემი მთების მემკვიდრეს; დაიმკვიდრებენ მათ ჩემი რჩეულნი და ჩემი მორჩილნი და დასახლდებიან იქ.
გახდება შარონი ცხვრის საძოვარად და ყაქორის ხეობა - საქონლის სადგომად, ჩემი ერისათვის, რომელიც მომძებნის.
თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, ჩემი წმიდა მთის დამვიწყებელნო, გადისათვის სუფრის გამშლელნო და მენისათვის თასის ამვსებნო,
სამახვილოდ გაგწირავთ და ყველანი დასაკლავად დაიჩოქებთ, რადგან გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით.
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით!
აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!
დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს, მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს.
ვინც კურთხეული იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთისგან იქნება კურთხეული; ვინც მოფიცარი იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთის მოფიცარი იქნება; რადგან დავიწყებული იქნება წარსული სალმობანი და ჩემს თვალებს მიეფარება.
რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა.
მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს - გასახარებლად.
მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა.
არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება.
ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ.
არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები.
ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანავე იქნებიან.
ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე.
მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი.
საჩინო ვექმენ ჩემთა არმეძიებელთა. ვეპოე ჩემთა არგამომკითხველთა. ვარქუ: აქა ვარ! - ნათესავსა, რომელთა არა ხადეს სახელსა ჩემსა.
განვიპყრენ ჴელნი ჩემნი ყოველსა დღესა ერისა მიმართ ურჩისა და მაცილობელისა, რომელნი არა ვიდოდეს გზასა კეთილსა, არამედ შემდგომად ცოდვათა მათთა.
ერი ესე განმაძჳნნებელი ჩემი წინაშე ჩემსა, მარადის ესენი აკუმევენ მტილებთა შინა და უკმევენ ალიზთა შინა
ეშმაკთა, რომელნი არა არიან და საფლავთა შინა და ქუაბთა შინა დაიძინებენ სიზმართათჳს, რომელნი ჭამენ ჴორცსა ღორისასა და წუენსა ნაგებთასა, შეგინებულ არიან ყოველნი ჭურჭელნი მათნი
რომელნი იტყჳან: შორს ჩემგან, ნუ შემომეხები მე, რამეთუ წმიდა ვარ. ესე კუამლი გულისა წყრომისა ჩემისაჲ, ცეცხლი აღატყდების მის შორის ყოველთა დღეთა.
აჰა, დაწერილ არს წინაშე ჩემსა: არ დავიდუმო, ვიდრემდისცა მივაგო და კუალად ვაგე წიაღთა მათთა
ცოდვანი მათნი და მამათა მათთანი ერთბამად, - იტყჳს უფალი, - რომელნი უკუმევდეს მთათა ზედა და ბორცუთა ზედა, მაყუედრეს მე; კუალად ვაგნე საქმენი მათნი წიაღსა მათსა.
ესრეთ იტყჳს უფალი: ვითარსახედ იპოვების კუფხალი ტევანსა შინა და იტყჳან: ნუ განჰრყუნი მას, რამეთუ კურთხევა უფლისაჲ არს მის შორის, ეგრეთ ვყო მმონებელისათჳს ჩემისა, ამისათჳს არა წარვწყმიდნე ყოველნი,
და გამოვიყვანო იაკობისაგან თესლი და იუდაჲსაგან და დაიმკჳდროს მთაჲ წმიდაჲ ჩემი, და დაიმკჳდრონ რჩეულთა ჩემთა და მონათა ჩემთა და დაეშენნენ მუნ.
და იყვნენ მაღნარსა შინა ეზონი სამწყსოთანი და ჴევი აქორისი განსასუენებელად მროწეულთა ერისა ჩემისათა, რომელთა გამომიძიეს მე.
ხოლო თქუენ, დამტევებელნი ჩემნი და დამვიწყებელნი მთისა წმიდისა ჩემისანი და განმზადებულნი ეშმაკისათჳს ტაბლისანი და აღმავსებელნი ბედისათჳს განზავებულისანი,
მე განგცნე თქუენ მახჳლისა მიმართ, ყოველნი კლვითა დაეცნეთ, რამეთუ გიწოდე თქუენ და არ შეისმინეთ. ვიტყოდე და ურჩ იქმნენით და ჰყავთ ბოროტი წინაშე ჩემსა, და რომელნი არ მინდეს, გამოირჩიენით.
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მმონებელნი ჩემნი ჭამდენ, ხოლო თქუენ გშიოდის. აჰა, მმონებელნი ჩემნი სუმიდენ, ხოლო თქუენ გწყუროდის. აჰა, მმონებელნი ჩემნი იშუებდენ, ხოლო თქუენ გრცხუენოდის.
აჰა, მმონებელნი ჩემნი იხარებდენ მხიარულებით, ხოლო თქუენ ჰღაღადებდეთ ტკივილისათჳს გულისა თქუენისა და შემუსრვისაგან სულისა ჰვაებდეთ.
რამეთუ დაუტევეთ სახელი თქუენი სამაძღროდ რჩეულთა ჩემთა, ხოლო თქუენ მოგსრავს უფალი, ხოლო მმონებელთა ჩემთა ეწოდოს სახელი ახალი,
რომელი იკურთხოს ქუეყანასა ზედა. აკურთხევდენ ღმერთსა ჭეშმარიტსა და მფუცავნი ქუეყანასა ზედა ფუცვენ ღმერთსა ჭეშმარიტსა, რამეთუ დაივიწყონ ჭირი მათი პირველი და არა აღვიდეს გულსა ზედა მათსა,
რამეთუ იყოს ცაჲ ახალი და ქუეყანა ახალი. და არღა მოიჴსენონ პირველთა მათ, არცა არა მოუჴდეს გულსა მათსა ზედა,
არამედ შუებაჲ და მხიარულებაჲ პოონ მას შინა, რამეთუ, აჰა, მე ვჰყოფ იერუსალიმსა სიხარულად და ერსა ჩემსა შუებად.
და ვიხარებდე იერუსალიმსა ზედა, და ვიშუებდე ერსა ჩემსა ზედა, და არღა ისმეს მის შორის მერმე ჴმაჲ ტირილისა, არცა ჴმაჲ ყივილისა.
არცა იქმნეს მუნ უჟამოჲ და მოხუცებული, რომელმან არა აღავსოს ჟამი თჳსი, რამეთუ იყოს ჭაბუკი ასთა წელთა, ხოლო, რომელი მოკუდეს ცოდვილი, არა ასთა წელთა დაწყეულ იყოს.
და აშენებდენ სახლთა, და იგინი დაემკჳდრნენ, დაჰნერგვიდენ ვენაჴთა, და იგინი ჭამდენ ნაყოფთა მათთა.
და არა აღაშენნენ და სხვანი დაემკჳდრნენ, და-არა-ჰნერგვიდენ და სხვანი ჭამდენ, რამეთუ დღეთაებრ ხისა ცხოვრებისათა იყვნენ დღენი ერისა ჩემისანი, საქმეთა ნაშრომთა მათთასა დააძუელებენ,
რამეთუ რჩეულნი ჩემნი არ დაშურებიან ცუდად, არცა შვილ-ისხმენ საწყევარად, რამეთუ თესლი კურთხეული არს ღმრთისა მიერ და შვილისწულნი მათნი მათ თანა იყუნენ.
და იყოს, პირველ, ვიდრე ჴმობადმდე მათდა, მე ვისმინო მათი, ჯერეთ თქუმასაღა მათსა ვჰრქუა: რაჲ არს?
მაშინ მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად და ლომი, ვითარცა ჴარი ბზესა ჭამდეს. ხოლო გუელი ქუეყანასა, ვითარცა პურსა, და არა ავნებდენ, არცა განჰრყუნიდენ მთასა წმიდასა ჩემსა, - იტყჳს უფალი.