ესაია წინასწარმეტყველი, თავი 49
მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი.
გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა.
მითხრა: ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას.
მე კი ვამბობდი: ამაოდ დავშვერ, ფუჭად და უსაზმნოდ დავხარჯე ძალა. ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან - ჩემი საზღაური!
ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად, რომ თავისკენ მიაქციოს იაკობი და ისრაელი თავისთან შეკრიბოს, რათა ვიდიდო უფლის თვალში და ჩემი ღმერთი იყოს ძალი ჩემი.
თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს.
ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა, დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას: მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია.
ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად,
გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი.
არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს.
ყოველ მთას ჩემსას გზად გადავაქცევ და ჩემი შარაგზები მაღლა აიწევა.
აჰა, ესენი შორიდან მოდიან, აჰა, ესენი - ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ესენი კი - სინიმის ქვეყნიდან!
გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი.
თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო.
განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ.
აჰა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული, შენი კედლები მუდამ ჩემს წინაა.
აჩქარდებიან შენი მშენებელნი; შენი დამაქცევარნი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან.
თვალი მოატარე ირგვლივ და იხილე: ყველანი შეკრებილან, შენთან მოდიან! როგორც მე ვარ ცოცხალი, ამბობს უფალი, ასე შეიმოსავ სამკაულად ყველას და მოირთვები მათით, როგორც პატარძალი.
რადგან შენს ნაოხარში და უკაცრიელ ადგილებში, შენს აკლებულ მიწაზე, ახლა ნამდვილად ვიწროდ იქნები მის მცხოვრებთა გამო. შენი ჩამყლაპავნი კი გაგშორდებიან.
კიდეც გეტყვიან ყურში კვლავ შეძენილი შენი შვილები: მევიწროება ადგილი. მიმიშვი, რომ ვიცხოვრო!
იტყვი გულში; ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ შვილმკვდარი ვიყავი, ბერწი, განდევნილი და მოწანწალე. ვინ გამიზარდა? მარტო რომ ვიყავი დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ?
ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხალხებისკენ გავიწვდი ხელს და ერებს აღვუმართავ ჩემს დროშას; უბით წამოიყვანენ შენს ვაჟებს და შენი ასულეხი მხრებზე ეყოლებათ აყვანილი.
მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან, მათი დედოფლები კი - შენი ძიძები; პირქვე დამხობით გცემენ თაყვანს და შენ ფეხთა მტვერს დაუწყებენ ლოკვას, რათა გაიგონ, რომ მე უფალი ვარ და არ შერცხვება ჩემს მოიმედეს.
თუ წართმევია ოდესმე ძლიერს ნადავლი ან თუ წასვლია ტყვე გამარჯვებულს?
ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: რომც წაერთვას ტყვე ძლიერს და ნადავლი წაუვიდეს ძალმომრეს, გამოგესარჩლები შენს მოსარჩლესთან და შენს შვილებს გადავარჩენ.
საკუთარ ხორცს შევაჭმევ მჩაგვრელებს და, როგორც მაჭრით, ისე დათვრებიან საკუთარა სისხლით. მაშინ გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
ისმინეთ ჭალაკთა და მოიხილეთ წარმართა, მრავლით ჟამითგან დეგით, - იტყჳს უფალი, - მუცლითგან დედისაისათ გიწოდა შენ სახელი ჩემი.
და დადვა პირი ჩემი, ვითარცა მახჳლი მკუეთი, და საფარველსა ქუეშე ჴელისა მისისასა დამფარა მე. დამდვა მე, ვითარცა ისარი რჩეული, და კაპარჭსა შინა მისსა დამფარა მე.
და მრქუა მე: მონაჲ ჩემი ხარ, ისრაილ, და შენ შორის ვიდიდო.
და მე ვთქუ: ცუდად დავშუერ, ამაოთა მიმართ და არარათა მიმართ მივეც ძალი ჩემი, ამისთჳს საშჯელი ჩემი უფლისა მიერ და შრომა ჩემი წინაშე ღმრთისა ჩემისა.
და აწ ესრეთ იტყჳს უფალი, აღმზელელი ჩემი, მუცლითგან მონად თავისა თჳსისა: შესაკრებელი იაკობისი, და ისრაილ მის თანა შევკრიბო, და ვიდიდო მე წინაშე უფლისა. და ღმერთი ჩემი იყოს ძალ ჩემდა.
და თქუა ჩემდამო: დიდ არს შენდა ესე წოდებაჲ შენი მონად ჩემდა დადგენად ტომთა იაკობისთა და განთესულებასა ისრაილისასა მოქცევაჲ. აჰა, დაგდევ შენ აღთქუმად ნათესავთა, ნათლად წარმართთა, ყოფად მაცხოვარებად ვიდრე უკუანასკნელამდე ქუეყანისა.
ესრეთ იტყჳს უფალი, მჴსნელი ღმერთი ისრაილისა: წმიდა-ყავთ, რომელი ბიწიან-ჰყოფს სულსა მისსა, მოძაგებული წარმართთა მიერ მონათა მთავართასა, მეფეთა იხილონ იგი და აღდგენ მთავარნი და თაყუანი-სცემდენ უფალსა, რამეთუ სარწმუნო არს წმიდა ისრაილისა, და გამოგირჩიე შენ.
ესრეთ იტყჳს უფალი: ჟამსა შეწყნარებულსა შევისმინე შენი, და დღესა შინა მაცხოვარებისასა შეგეწიე შენ, და მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა, დაწყნარებად ქუეყანისა და დამჳდრებად სამკჳდრებელთა უშენთა.
მეტყუელად წარმართთა საკრველთშინანი გამოვედით და ბნელისშინანი გამოჩნდით, შორის ყოველთა გზათა ძოვდენ და შორის ყოველთა ალაგთა საძოვარი მათი.
არ მოემშიოს, არცა მოეწყუროს, არცა დასცნეს იგინი სიცხემან, არცა ავნოს მზემან, არამედ, რომელსა ეწყალიან იგინი, ნუგეშინის-სცემენ მათ. წყაროებისა მიმართ წყალთაჲსა მიიყვანნეს იგინი.
და დავდვა ყოველი მთაჲ ბზად და ყოველი ალაგი საძოვრად მათდა.
აჰა, ესენი შორით მოვლენ, ესენი ჩრდილოსაგან და ზღჳსა, ხოლო სხვანი ქუეყანისაგან სპარსთასა.
იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა, დამოადინეთ მთათა შუებაჲ და ბორცუთა სიმართლე, რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი, და მდაბალთა ერისა მისისათა ნუგეშინის-სცა.
თქვა სიონმან: დამიტევა მე უფალმან და უფალმან დამივიწყა მე.
ნუ დაივიწყოს დედაკაცმან ყრმისა თჳსისა, ანუ არ შეიწყალნეს ნაშობნი მუცლისა მისისანი, დაღათუ ესენიცა დაივიწყნეს დედაკაცმან, გარნა მე არ დაგივიწყო შენ, - იტყჳს უფალი, -
აჰა, ჴელითა ჩემითა გამოვხატენ ზღუდენი შენნი და წინაშე ჩემსა ხარ მარადის.
და მალიად აღიშენო მის წილ, რომელ დაირღუე და მომაოჴრებელნი შენნი განვიდენ შენგან.
აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი და იხილენ ყოველნი: აჰა, შეკრბეს და მოვიდეს შენდამო. ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ ყოველნი იგი გარეშეიმოსნეს და მოიბლარდნნეს იგინი, ვითარცა სამკაული სძლისა.
რამეთუ ოჴერნი შენნი. განხრწნილნი და დაცემულნი, აწ შეიწრდენ დამკჳდრებულთა მიერ. და განგეშორნეს შენგან შთამთქმელნი შენნი,
რამეთუ თქვან ყურთა მიმართ შენთა ძეთა შენთა, რომელნი წარსწყმიდენ იწრო არს ჩემდა ადგილი, მექმენ მე ადგილ, რომელთა დავიმკჳდრო.
და თქუ გულსა შინა შენსა: ვინ მიშვნა მე ესენი? რამეთუ მე უშვილო ვარ და ქურივ, მწირ და მოკლებულ, ხოლო ესენი ვინ აღმიზარდნა მე? რამეთუ მე დავშთი მარტოჲ. ხოლო ესენი ჩემდა სადა იყვნეს?
ესრეთ იტყჳს უფალი უფალი: აჰა, აღვიღებ ჴელსა ჩემსა წარმართთა მიმართ და ჭალაკთა მიმართ აღვიღო სასწაული, და მოჰყვანდენ ძენი წიაღთა მიერ, ხოლო ასულნი შენნი მჴართა ზედა აღიხუნენ და მოაქუნდენ.
და იყვნენ მეფენი მძუძე შენდა. ხოლო მმთავრობნი მზარდულ შენდა. პირსა ზედა ქუეყანისასა თაყვანის-გცემდენ შენ და მიწასა ფერჴთა შენთასა ლოშნიდენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, და არა ჰრცხუენეს, რომელთა დამითმონ მე.
ნუ მი-მე-ვინ-იღისა გმირისაგან ნატყუენავი? უკეთუ წარმოსტყუენოს ვინმე უსამართლოდ, განერესა?
ესრეთ იტყჳს უფალი: უკუეთუ ვინ წარტყუენოს გმირი, მიიღონ ნატყუენავი, ხოლო მიმღებელი ძლიერისაგან განერესა? ხოლო მე საშჯელი შენი ვსაჯო, და მე ძენი შენნი ვიჴსნნე.
და ჭამდენ მაჭირვებელნი შენნი ჴორცთა მათთა. და სუმიდენ, ვითარცა ღჳნოსა ახალსა, სისხლსა მათსა, და დაითრვნენ. და მგრძნობელ იქმნეს ყოველი ჴორცი, ვითარმედ მე ვარ უფალი, მჴსნელი შენი, და შემწე ძალისა იაკობისი.