ესაია წინასწარმეტყველი, თავი 23
ტვიროსის განაჩენი. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან დაქცეულია ტვიროსი, აღარც სახლებია, აღარც მისასვლელი! ქითიმის ქვეყნიდან გამოეცხადა მას.
დადუმდით, ზღვისპირეთის მცხოვრებნო, და შენ, ვინც ივსებოდი ზღვათა დამლახველი ციდონელი ვაჭრებით!
დიდი წყლებით მისდიოდა შიხორის მარცვალი ნილოსის ნამკალი - მისი ჭირნახული, და იყო ხალხების ბაზარი.
გრცხვენოდეს, ციდონო! რადგან ზღვამ თქვა, ზღვის ძალა ამბობს: სალმობაში არ ვყოფილვარ და არც მიშვია, ვაჟკაცები არ გამომიკვებავს და ქალწულები არ გამიზრდია.
როგორც კი მიაწევს ხმა ეგვიპტემდე, შეძრწუნდებიან ტიროსის გამო.
თარშიშში წადით, ივალალეთ, ზღვისპირეთის მცხოვრებნო!
ეს არის თქვენი მოზეიმე ქალაქი, რომელსაც ძველ დღეებში აქვს დასაბამი? საკუთარი ფეხით გადაიხვეწება შორეთში!
ვინ გადაუწყვიტა ეს ტვიროსს, გვირგვინთა მიმნიჭებელს, რომლის ვაჭრები მთავრები არიან და მისი სოვდაგრები - ქვეყნის დიდებულნი?
ცაბაოთ უფალმა გადაუწყვიტა ეს, რომ გაეცუდებინა ყოველი მშვენების სიამაყე და დაემცირებინა ქვეყნის დიდებულნი.
გადაიარე ნილოსივით შენი მიწა, თარშიშის ასული, სხვა გასასვლელი აღარ არის!
ხელი მოუღერა ზღვას და შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა ქანაანზე, დაექციათ მისი ციხე-სიმაგრენი.
თქვა: ვეღარ იზეიმებ, ციდონის ქალწულო, დათრგუნულო, ადექი, ქითიმში გადადი, მაგრამ იქაც არ გექნება საშველი.
აჰა, ქალდეველთა ქვეყანა! ადრე არ იყო ეს ხალხი. აშურმა დააფუძნა ის ველურთაგან. მიადგეს კოშკები და დაამხეს მისი სასახლეები, ნანგრევებად აქციეს.
ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან იავარქმნილა თქვენი სიმტკიცე!
იმ დღიდან იქნება, რომ არავის ემახსოვრება ტვიროსი სამოცდაათ წელიწადს ერთი მეფის ზეობის კვალობაზე. სამოცდაათი წლის ბოლოს აუხდება ტიროსს მეძავის სიმღერა.
აიღე ქნარი, მოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო; დაუკარ ტკბილად, ბევრი იმღერე, რომ გაგიხსენონ!
სამოცდაათი წლის თავზე მოხედავს უფალი ტვიროსს და ისიც დაიბრუნებს თავის გასამრჯელოს; დაიწყებს ბოზობას ქვეყნიერების ყველა სამეფოსთან დედამიწის ზურგზე.
მისი ნავაჭრი და გასამრჯელო უფლისათვის იქნება შეწირული. არც დაუნჯდება, არც დაიბეჭდება, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი ნავაჭრი, რომ მაძღრისად ჭამონ და დიდებულად შეიმოსონ.
ვალალაებდით ნავნი კარქიდონისანი, რამეთუ წარწყმდეს, და არღა მერმე მოვლენ ქუეყანისაგან კიტიელთასა, მოიყვანნეს ტყუენი.
ვისსა მსგავს იქმნნეს დამკჳდრებულნი ჭალაკსა ამას შინა? ვაჭარნი ფინიკიათა, წიაღმვლელნი ზღჳსანი წყალსა ზედა მრავალსა,
თესლი ვაჭართა მათ, ვითარცა სალეწავისა შემოღებულისა, მფრდელნი ნათესავთა.
რცხუენოდენ სიდონსა, - თქუა ზღუამან, - ხოლო ძალმან ზღჳსამან თქუა: არა მელმოდა, არცა ვშობდ, არცა აღვზარდენ ჭაბუკნი, არცა აღვამაღლენ ქალწულნი.
ხოლო ოდეს სასმენელ იქმნეს ეგჳპტისა, მიიხუნეს იგინი სალმობამან ტჳროსისა ძლით.
წარვედით კარქიდონად, ვალალაებდით დამკჳდრებულნი ჭალაკსა ამას შინა.
არა იგი იყო გინებაჲ თქუენი პირველითგან პირველ მიცემად მისდამდე. წარიყვანებდენ მას ფერჴნი მისნი შორიელად გარდასახლებად.
ვინ განიზრახა ესენი ტჳროსსა ზედა? ანუ კნინებ არსა, ანუ ვერ ძალუც? ვითარცა ვაჭარნი მისნი მთავარნი ქანანისანი და მფრდელნი მისნი დიდებულ ქუეყანისანი.
უფალმან საბაოთ განიზრახა განქარვებად გინება დიდებულთა და უპატივო-ყოფად ყოველი დიდებული ქუეყანასა ზედა.
იქმოდე ქუეყანასა შენსა, და რამეთუ ნავნი არა მერმეცა მოვლენ კარქიდონით.
ხოლო ჴელი შენი არღა მერმე შემძლებელ არს ზღჳსა მიმართ განმაძჳნებელი მეფეთა, უფალმან საბაოთ ამცნო ქანანისათჳს წარწყმედად ძალი მისი.
და თქუან: არღა მერმე არა შევსძინოთ გინებად და მძლავრებად ქალწული, ასული სიდონისაჲ, არამედ აღჴდე ფერჴითა ზღუასა და უკეთუ მიხვიდე კიტიელთამი, არცა მუნ იყოს განსუენება შენი.
და ქუეყანად ქალდეველთად ერი არღარა დაშთა; ასური დაემკჳდრა და წარტყუენეს იგინი, რამეთუ ზღუდე მისი დაეცა.
ვალალებდით ნავნი კარქიდონისანი, რამეთუ წარწყმდა სიმაგრე თქუენი.
და იყოს მას დღესა შინა, დატევებულ იქმნეს ტჳროსი წელთა სამეოცდაათთა, ვითარცა ჟამსა მეფისა ერთისასა, ვითარცა ჟამსა კაცისასა. და იყოს შემდგომად სამეოცდაათთა წელთასა, იყოს ტჳროსი, ვითარცა ჴმანელობა მეძვისა.
მიიღე ქნარი, იშუებდ ქალაქი მეძავი დატევებული, კეთილად მექნარეობდ, მრავლად ჴმანელობდ, რაჲთა საჴსენებელი შენი იქმნეს.
და იყოს შემდგომად სამეოცდათთა წელთასა, მოხედვა-ყოს უფალმან ტჳროსისა და კუალად მოეგოს პირველებრვე. და იყოს სავაჭრო ყოველთა მეფობათა მკჳდროვნისათა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.
და იყოს ვაჭრობა მისი და სასყიდელი წმიდაჲ უფლისაჲ; არა სამისოდ შეკრებულ იქმნეს, არამედ დამკჳდრებულთად წინაშე უფლისა. იერუსალიმს შინა იყოს ყოველი ვაჭრობა მისი ჭამად და სუმად და გაძღომად დასანიშნავად საჴსენებელისა წინაშე უფლისა.