ესაია წინასწარმეტყველი, თავი 11
ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს.
დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა.
ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას.
სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს.
სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე,
დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ.
ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათა შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას.
ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს.
არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული.
იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი.
იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს.
დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას.
გაქარწყლდება ეფრემის შური და იუდას მტრები აღარ იქნებიან, ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი და იუდა აღარ უმტრობს ეფრემს.
მხარდამხარ გაფრინდებიან ფილისტიმელთაკენ დასავლეთით, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთლებს, ხელს დაადებენ ედომს და მოაბს, და ყამონელნი მათი მორჩილნი გახდებიან.
ამოაშრობს უფალი ეგვიპტის ზღვის სრუტეს, ხელს აღმართავს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ტოტად განწვალავს მას, რომ ფეხშემოსილმა გადაიაროს.
გამოუჩნდება გზა-სავალი მისი ერის ნატამალს, რომელიც აშურს გადაურჩება, როგორც გამოუჩნდა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან ამოდიოდა.
და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს.
და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა,
სულმან შიშისა ღმრთისამან აღავსოს იგი. არა დიდებისაებრ საჯოს, არცა ზრახვისაებრ ამხილოს,
არამედ საჯოს სიმართლისა მიერ მდაბლითა საშჯელითა და ამხილოს წარმართებულებით დიდებულთა ქვეყანისათა. და დასცეს ქვეყანა სიტყჳთა პირისა მისისათა და სულითა ბაგეთა მიერ მოაკუდინოს უთნოჲ.
და იყვნენ სიმართლით მორტყმულ წელნი მისნი და ჭეშმარიტებით ცხებულ გუერდნი მისნი.
მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა, და ვეფხი თიკანთა თანა განისუენებდეს, და ზუარაკი და ლომი და კუროჲ ერთად ძოვდენ, და ყრმამან მცირემან მოიყვანნეს იგინი.
და ჴარი დათჳსა თანა ძოვდენ, და თანად იყვნენ ყრმანი მათნი. ლომი, ვითარცა ჴარი, ბზესა ჭამდეს.
და ყრმამან მცირემან ჴურელსა ზედა ასპიტისასა და საწოლსა ზედა ნაშობთა ასპიტისათა ჴელი დასდვას
და არარაჲ ძვირი უყონ, არცა არ შეუძლონ წარწყმედად ვერცა ერთისა მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, რამეთუ აღივსო თანა ყოველი ქვეყანაჲ მეცნიერებითა უფლისათა, ვითარცა წყალმან მრავალმან და-რაჲ-ფარნის ზღუანი.
და იყოს მას დღესა შინა ძირი იესესი, და აღდგომად იგი მთავრად წარმართთა; მისდამი წარმართნი ესვიდენ, და იყოს განსუენება მისი პატივით.
და იყოს მას დღესა შინა, შესძინოს უფალმან ჩვენებად ჴელი მისი შურვებად დაშთომილსა ერისასა, რომელი უკუეთუ დაშთეს ასსურასტანელთაგან და ეგჳპტისაგან, და ბაბილონისაგან და ეთიოპიისაგან, და ელამიტელთაგან და მზისაღმოსავალთაგან, და არაბიასაგან და ჭალაკთაგან ზღჳსათა.
და აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ, და შეკრიბნეს წარწყმედულნი ისრაჱლისანი და განთესულნი იუდაჲსნი შეკრიბნეს ოთხთაგან ფრთეთა ქუეყანისათა.
და მოისპოს შური ვფრემისი, და მტერნი იუდაჲსნი წარწყმდენ. ეფრემ არა ეშურვოს იუდას, და იუდამან არა აჭირვოს ეფრემს.
და ფრინვიდენ ნავებითა უცხოტომთათა, ზღვასა ერთბამად ტყუენვიდენ, და მზისაღმოსავალით კერძოთა და იდუმეასა; და მოაბსა ზედა პირველად მიყონ ჴელები, ხოლო ძეთა ამმონისთა პირველად შეისმინონ.
და მოაოჴროს უფალმან ზღუაჲ ეგჳპტისა, და მიყოს ჴელი მისი მდინარესა ზედა სულითა მაიძულებელითა. და დასცეს იგი შჳდთა ჴევნებთა მიმართ, ვიდრემდის განვლამდე მისსა ფერჴშესასხმელითა.
და იყოს საგზაურ დაშთომილისა ერისა ჩემისა ეგჳპტეს შინა. და იყოს ისრაჱლი, ვითარცა დღესა, ოდეს გამოვიდა ქუეყანისაგან ეგჳპტისა.