ესაია წინასწარმეტყველი, თავი 21
ზღვის უდაბნოს განაჩენი. სამხრეთში ამტყდარი გრიგალები, ის მოდის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან.
სასტიკი ხილვა გამომეცხადა: დამარბეველი არბევს და მძარცველი ძარცვავს. შეიმართე, ელამო, შემოადექ, მიდიავ! ბოლო მოვუღე ყოველ კვნესას.
ამიტომ მიცახცახებს ნაწლავები, მშობიარის ტკივილებმა შემიპყრო, კრუნჩხვისაგან არაფერი მესმის, შეშფოთებისგან ვერაფერს ვხედავ.
გული მითრთის, მზარავს შიში, სიამის საღამო ძრწოლად გადამექცა.
ტაბლა გაშლილია, დაგებულია საგებელი; ჭამენ და სვამენ. აღდექით, მთავარნო, გაპოხეთ ფარები!
რადგან ასე მითხრა უფალმა: მიდი, დააყენე დარაჯი. გამოაცხადოს, რასაც დაინახავს!
ხედავს ეტლიონს, დაწყვილებულ ცხენოსნებს, სახედართა ეტლიონს, აქლემების ეტლიონს. აკვირდება, გულისყურით აკვირდება.
იყვირა მჭვრეტელმა; საყარაულო კოშკზე ვდგავარ, უფალო, დღენიადაგ და ჩემს სადარაჯოზე ვარ მთელი ღამეები.
აჰა, მოდის ეტლიონი, დაწყვილებული ცხენოსნები! კვლავ თქვა: დაეცა, დაეცა ბაბილონი და ყველა კერპი მისი ღმერთებისა მიწას დაენარცხა.
ჩემო გალეწილო და განიავებულო, რაც ცაბაოთ უფლისგან, ისრაელის ღვთისგან, გავიგონე, ის გამოგიცხადეთ.
დუმას განაჩენი. მე მომძახიან სეყირიდან: ყარაულო, ღამის რომელია? ყარაულო, ღამის რომელია?
ამბობს ყარაული: დილა დგება და ღამეა მაინც. თუ კითხვა გინდათ, იკითხეთ; გაბრუნდით და ისევ მოდით!
არაბთა განაჩენი. არაბთა ტყეში გაათიეთ ღამე, დედანის ქარავნებო!
წყალი მიაგებეთ მწყურვალებს, თემას ქვეყნის მკვიდრნო, პურით დახვდით ლტოლვილებს.
რადგან მახვილებს გაექცნენ, გალესილ მახვილებს, მოჭიმულ მშვილდს და ბრძოლის სასტიკებას.
რადგან ასე მითხრა უფალმა: ერთ წელიწადში, ქარავნობის ვადაში, ბოლო მოეღება კედარის მთელ დიდებას.
მცირეღა იქნება მამაც კედარელ მშვილდოსანთა დანარჩომი, რადგან უფალს, ისრაელის ღმერთს აქვს ნაბრძანები.
ხილვაჲ უდაბნოსა ზღვისა, ვითარცა ნიავქარი უდაბნოსა განვიდეს უდაბნოდ მომავალისა ქვეყანისაგან საშინელისა, ხოლო საშინელ არს ჩუენებაჲ.
და ფიცხლად მომეთხრა მე: შეურაცხისმყოფელი შეურაცხ-ჰყოფს, უშჯულოქმნილი უშჯულოებს ჩემდამო. ელამიტელნი და მოციქულნი სპარსთანი - ჩემდამო მოვლენ. აწ სულთ-ვითქუნე და ნუგეშინის-ვიცე ჩემ ზედა.
ამისთჳს აღივსნეს წელნი ჩემნი დაჴსნისა მიერ და სალმობათა შემიპყრეს მე, ვითარცა მშობიერი. ვჰმძლავრე არასმენად, ვისწრაფე არახედვად.
გული ჩემი შეცთომილ არს, უშჯულოება ჩემი დაანთქამს. სული ჩემი განჰკრთა შიშად.
განამზადეთ ტაბლაჲ, განამსტურეთ სამსტუროჲ. სუთ, ჭამეთ. აღდგომილთა მთავართა განმზადეთ ფარები.
რამეთუ ესრეთ თქვა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე, თავი შენი დაადგინე მსტოარად და, რომელიცა იხილო, მიუთხარ.
და ვიხილენ მჴედარნი საჴედართა ორთა: მჴედარი ვირისა და მჴედარი აქლემისა. ისმინე სასმენელი მრავალი და მიხადე ურიას სამსტუროდ უფლისა, და თქვა:
დავდეგ სრულსა შინა დღესა საჴუმილავსა ზედა ჩემსა და ბანაკისა ზედა ჩემისა დავდეგ მე სრულსა ღამესა.
და აჰა, იგი მოვალს მჴედარი ორბისა. და მიმგებელმან თქვა: დაეცა ბაბილონი და ყოველნი ქანდაკებულნი მისნი და ჴელითქმნულნი მისნი შეიმუსრნეს ქვეყანად მიმართ.
ისმინეთ დაშთომილთა და სალმობიერთა ისმინეთ, რომელნი მესმნეს უფლისა საბაოთისაგან, რომელნი ღმერთმან ისრაელისამან მომითხრნა ჩვენ.
სიტყუა იდუმეასა: ჩემდამო ჴმობდ სიერით გამო: სცევდ არდაბაგთა, რასა ჰვალალაებ მცველი ღამითგან? ვთქუ:
მცველი მოვიდა განთიად და ღამეცა. უკეთუ ეძიებთ, მოიქეცით, მოვედით და ჩემ თანა დაემკვიდრენით მაღნარსა შინა.
სიტყვა არაბიასათჳს მაღნარსა: მაღნარსა შინა მწუხრი დაიძინონ გზასა ზედა დედანისსა, შემთხუევასა შინა.
წყურიელსა წყალი მოართვით, დამკჳდრებულთა სოფლისა შორის თემანისსა, პური მიაგებეთ მლტოლვარეთა,
სიმრავლისათჳს მლტოლვარეთასა და სიმრავლისათჳს ცთომილთასა და სიმრავლისათჳს მახჳლისა და სიმრავლისათჳს მორთხმულთა მშვილდვათაჲსა და სიმრავლისათჳს დაცემულთასა ბრძოლასა შინა,
რამეთუ ესრეთ მრქუა მე უფალმან: მერმეცა წელიწადი, ვითარცა წელიწადი მოსასყიდლისა, მოაკლდეს დიდება ძეთა კედარისა,
და ნეშტი მშჳლდვათა რისხვისა ძლიერთა ძეთა კედარისათა იყოს მცირე, რამეთუ უფალმან ღმერთმან ისრაელისამან ესრეთ ზრახა.