ლოცვანი
აპლიკაცია

ესაია წინასწარმეტყველი, თავი 28

1

ვაი, ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა პოხიერი მინდვრების თავზე!

2

აჰა, უფლის ძლიერი და მაგარი, როგორც სეტყვის თქეში, დამქანცველი ქარიშხალი, როგორც წყალდიდობის ნიაღვარი, მიწას დაანარცხებს თავისი ხელით.

3

ფეხით გაითელება ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინი!

4

მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი სახიერი მინდვრების თავზე იქნება როგორც ნაადრევი ხილი, ზაფხულამდე მოუწევნელი, რომელსაც თვალს მოჰკრავს თუ არა მნახველი, ხელთ იგდებს და იმწამსვე ყლაპავს.

5

იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება დიდების გვირგვინი და ბრწყინვალე ჯიღა თავისი ერის ნარჩომისათვის.

6

და სამართლის სულად სამსჯავროში მჯდომელისთვის, ძლიერებად - მომხდურთა უკუმქცეველისათვის კარიბჭიდან.

7

მაგრამ ესენიც ბარბაცებენ ღვინისაგან და ირხევიან თაფლუჭისგან; მღვდელი და ქადაგი ბარბაცებენ თაყლუჭისგან, ჩანთქმული ღვინით, ირხევიან თაფლუჭისგან, ბარბაცებენ ხილვების დროს, მერყეობენ სამართლის განკითხვისას.

8

რადგან ყოველი სუფრა სავსეა ნარწყევით, სუფთა ადგილი აღარ დარჩა.

9

ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი? - რძეს მოწყვეტილთ, ძუძუანასხლეტთ?

10

რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ;

11

რადგან ლუღლუღა ბაგეებით და უცხოთა ენით დაელაპარაკება ამ ხალხს.

12

მან უთხრა მათ: აჰა, საშვებელი, მიეცით შვება მაშვრალს! აჰა, განსვენება! მაგრამ მოსმენა არ უნდოდათ.

13

მაშინ უფლის სიტყვად იქცევა მათთვის რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ, რომ იარონ და გულაღმა გადაყირავდნენ, დაილეწონ, მახეში მოექცნენ და შეპყრობილ იქნენ.

14

ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მაგინებელნო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში!

15

რადგან ამბობთ: აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით შავეთთან; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - საფარველად.

16

ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება.

17

დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს.

18

გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და თქვენი კავშირი შავეთთან ვერ გაძლებს; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით.

19

როგორც კი ჩამოივლის, შეგიპყრობთ თქვენ; რადგან ყოველ დილით ჩამოივლის, დღისით და ღამით. მისი ამბის გაგონებაც კი ზარდამცემი იქნება.

20

რადგან მოკლე იქნება საწოლი ფეხის გასაშლელად და ვიწრო იქნება საბანი გადასახურავად.

21

რადგან აღიმართება უფალი როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის როგორც გიბყონის ველზე თავისი საქმის, უცხო საქმის აღსასრულებლად და თავისი ქმედების, საოცარი ქმედების ჩასადენად.

22

ახლა მოეშვით შეგინებას, რომ არ მოგიჭიროთ თქვენმა საკვრელებმა, რადგან გავიგე რომ გადაწყვეტილია მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგან მთელი ქვეყნის განადგურება.

23

ყურადიღეთ და ისმინეთ ჩემი ხმა, გაიგონეთ და შეისმინეთ ჩემი სიტყვა:

24

განა სულმუდამ ხნავს მხვნელი დასათესად? განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს თავის მიწას?

25

განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მიმოფანტავს სოინჯს და თესავს კვლიავს, ჩადებს ხორბალს ხნულში და ქერს თავის ადგილზე და ასლს ყანის კიდეებზე?

26

ესა აქვს წესად დადებულთ, მისმა ღმერთმა დამოძღვრა იგი.

27

რადგან კევრით არ ლეწავენ სოინჯს და ურმის ბორბალს არ ატარებენ კვლიავზე, რადგან სოინჯი კეტით იცეხვება და ჯოხით - კვლიავი.

28

პური ილეწება, მაგრამ ბოლომდე არ ინაყება; გრიალებენ ურმის ბორბალი და ცხენები, მაგრამ არ ნაყავენ მას.

29

ესეც ცაბაოთ უფლისგან მოდის; საკვირველია მისი რჩევა და სიბრძნე მისი - დიდებული.

1

ვაჲ გჳრგჳნსა გინებისასა, მიზდურნი ეფრემისნი, ყუავილი დამოვრდომილი დიდებისა თხემსა ზედა მთისა ზრქელისასა, მთრვალნი თჳნიერ ღჳნისა.

2

აჰა, ძლიერი და ფიცხელი უფლისა მიერ, გულისწყრომაჲ უფლისაჲ და რისხვა, ვითარცა სეტყუა გარდამომავალი, არმქონებელი სართულსა, იძულებით გარდამომავალი. ვითარცა წყლისა ფრიადისა სიმრავლემან წარმღებმან სოფლისამან, შორის ქუეყანისა ყვის განსუენება ჴელთა და ფერჴთა.

3

და დაითრგუნოს გჳრგჳნი გინებისა, მიზდურნი ეფრემისნი.

4

და იყოს ყუავილი დამოვრდომილი სასოებისა დიდებისა მისისა მწუერვალსა ზედა მთისა მაღლისასა, ვითარ წინამორბედი ლეღჳსა, რომლისა მხილველმან მისმან პირველ ჴელითა თჳსითა პყრობამდე ინების შთანთქმა მისი.

5

მას დღესა ეყოს უფალი საბაოთ გჳრგჳნ სასოებისა, შეთხზულ დიდებისა დაშთომილსა ერისასა ეგჳპტეს შინა.

6

და დაშთეს სულითა საშჯელისათა, საშჯელისა მიერ და ძალისა მაყენებელი მოკლვად,

7

რამეთუ ესენი ღჳნითა შეცთომილნი არიან, შესცთეს თაფლუჭისა მიერ, მღდელი და წინასწარმეტყუელი განჰკრთეს ღჳნისა მიერ, შეირყინეს მთრვალობისაგან თაფლუჭისასა, შესცთეს, ესე იგი არს - განკრთეს.

8

განზრახვასა ამას სადმე წყევასა ჭამდენ, რამეთუ ესე განზრახვა ანგაჰრებისათჳს არს.

9

ვის მიუთხრენით ძჳრნი და ვის მიუთხარით ჰამბავი განსძღებულთა სძისაგან, განყენებულთა ძუძუსაგან?

10

ჭირი ჭირსა ზედა შეიწყნარე, სასოებასა ზედა სასოებაჲ. მერმე მცირედღა შემწიკულება ბაგეთა.

11

ენისა მიერ სხვისა, რამეთუ ეზრახებოდიან ერსა ამას

12

მეტყუელნი მათნი: ესე განსუენებაჲ მსუმელისა, და ესე შემუსრვა, და არა ინებეს სმენად.

13

და იყოს მათდა სიტყუა იგი უფლისაჲ: ჭირი ჭირთა ზედა შეიწყნარეთ, სასოებაჲსა ზედა სასოება. მცირედღა მერმე მცირედ, რაჲთა წარვიდენ და დაეცნენ მართლუკუნ და შეიმუსრნენ, დაზღვეულ იქმნენ და წარწყმდენ.

14

ამისთჳს ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ კაცთა შეიწრებულთა და მთავართა ერისა ამისთა იერუსალჱმს შინა,

15

რამეთუ სთქუთ: ვყავთ აღთქუმა ჯოჯეხეთისა თანა და სიკუდილისა თანა ზავნი, გრიგალი მოღებული უკეთუ მოვიდეს, არა თქუენ ზედა მოვიდეს, დავდევით ტყუილით სასოება ჩუენი, და ტყუილითა დავეფარნეთ?

16

ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ჩუენი: აჰა, ესერა, დავსდებ საფუძველთა სიონისათა, ლოდსა ფრიად პატიოსანსა, რჩეულსა თავსაკიდურსა პატიოსანსა საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუანეს.

17

დავდვა სასჯელი სასოებად, ხოლო მოწყალება სასწორით, რომელნი ესვენ ამაოდ ტყუვილსა, არა თანაწარგუჴდეს ჩუენ გრიგალი.

18

ნუუკუე მიგჳღოსცა ჩუენ აღთქმა იგი სიკუდილისა და სასოება ჩუენი, არა ჯოჯოხეთსა თანა დაადგრეს; გრიგალმან მომავალმან უკეთუ წარვლოს, იყოს იგი დასათრგუნველად.

19

ოდეს წარვლოს, აღგიხუნეს თქუენ, განთიად წარჴდეს დღე და ღამესა შინა იყოს სასოება ბოროტი; ისწავეთ სმენად, შეიწრებულნო,

20

ვერ ძალ-გჳც ბრძოლად, ხოლო ჩუენ უძლურებთ შეკრებად ჩუენდა.

21

ვითარცა მთა უთნოთა, და აღდგეს უფალი და იყოს ჴევსა შინა გაბაონისასა. გულისწყრომისა თანა ყვნეს საქმენი მისნი, სიმწარისა საქმე, ხოლო გულისწყრომა მისი უცხომან იჴუმიოს. და სიმწარე მისი გაუცხოებულმან.

22

და თქუენ ნუ იხარებთ, ნუცა განძლიერდებიან საკრველნი თქუენნი მით, რამეთუ შესრულებულნი და შემოკლებულნი საქმენი მესმნეს უფლისაგან საბაოთისა, რომელნი ყვნეს ყოველსა ზედა ქუეყანასა.

23

ყურად იღეთ და ისმინეთ ჴმისა ჩემისა, მოიხილეთ და ისმინენით სიტყუანი ჩემნი.

24

ნუ სრულსა დღესა ჰგულავს მჴნველსა ჴნევაჲ, ანუ წინგამზადება თესლისა პირველ ქვეყანის მოქმნისა.

25

არა ოდეს მოაწრფელის პირი მისი, მაშინ დასთესის მცირედ სონიჯი, ანუ ძირაკი. და კუალად დასთესის იფქლი და ქრთილი და ფეტჳ და ასლი საზღვართა შინა შენთა.

26

და განისწავლო მშჯავრითა ღმრთისა შენისათა და განიშუა,

27

რამეთუ არა სიფიცხით განიბერტყების სონიჯი, არცა თუალი ურმისა მოავლის ძირაკსა ზედა, არამედ კუერთხითა განიბერტყების სონიჯი,

28

ხოლო ძირაკი პურისა თანა იჭამოს, რამეთუ არა უკუე განგირისხნე თქუენ, არცა ჴმამან სიმწარისა ჩემისამან დაგთრგუნნეს თქუენ.

29

და ესე უფლისაგან საბაოთისა განვიდა ნიშები. ზრახეთ და აღამაღლეთ ამაო ნუგეშინის-ცემა.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566