ესაია წინასწარმეტყველი, თავი 43
ახლა ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ.
როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს - არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება.
რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მაცხოვარი; შენს გამოსასყიდად ეგვიპტეს გავიღებ, ქუშსა და საბას - შენს სანაცვლოდ.
რადგან შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, რადგან პატივდებული ხარ და მიყვარხარ; სხვა ხალხს გავიღებ შენს სანაცვლოდ და ტომებს - შენი სულისათვის.
ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ.
ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო! მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები - ქვეყნის კიდიდან.
ყველა, ვინც ჩემი სახელით არის წოდებული და ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი, გამოვსახე და გავაჩინე.
გამოიყვანონ ხალხი ბრმა, თუმცა თვალხილული, ყრუნი, თუმცა ყურთა მქონებელნი.
ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია!
თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.
მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!
მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ.
დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის?
ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.
მე ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის შემქმნელი, თქვენი მეფე.
ასე ამბობს უფალი, ზღვაში გზის მიმცემი და ბილიკისა ბობოქარ წყლებში;
ეტლთა და მხედრობის, ლაშქრისა და ძლიერ მეომართა გამომტყუებელი. ერთად დაწვნენ აღუდგომელად, დაილივნენ, სანთელივით ჩაქრნენ.
ადრინდელი არ გახსოვთ და გარდასულზე არ ფიქრობთ.
აჰა, ახალს მოვიმოქმედებ, ახლავე აღმოცენდება. ნუთუ ვერ შეამჩნევთ? გზას გავიყვან უდაბნოში, ტრამალში - მდინარეებს.
პატივს მომაგებენ ველური მხეცები - ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი გავაჩინე უდაბნოში, მდინარეები - ტრამალში, რომ დავარწყულო ჩემი ერი, ჩემი რჩეული.
ჩემთვის გამოვსახე ეს ერი, ჩემს სადიდებელს იტყვის.
შენ არ მოგიხმივარ, იაკობ, რომ ჩემთვის დამშვრალიყავ, ისრაელ!
არ მოგიყვანია ჩემთვის ცხვარი აღსავლენად და საკლავით არ გიცია პატივი; არ მიმსახურებიხარ ძღვენით და არ დამიღლიხარ საკმევლის კმევით.
არ გიყიდია ჩემთვის ვერცხლით სურნელებანი და არ გაგიძღივარ შენი საკლავების ქონით. შენ კი მამსახურებდი შენი ცოდვებით და მღლიდი შენი დანაშაულებით.
მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი.
გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო.
შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი შუამავლები ამიჯანყდნენ მე.
ამიტომ დავამდაბლე საწმიდარის მთავრები, დასარისხებლად გადავეცი იაკობი და ისრაელი - შესაგინებლად.
და აწ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ, იაკობ, რომელმან აღგზილა შენ, ისრაჱლ: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიჴსენ შენ, გიწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ შენ.
და უკეთუ განხჳდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არ წარგღუნიან შენ. და უკეთუ განხჳდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არ შეგწუას შენ,
რამეთუ მე, უფალი ღმერთი შენი, წმიდაჲ ისრაილისა, მაცხოვნებელი შენი, ვყავ შენდა ნაცვალ ეგჳპტე და ეთიოპია და სჳლინე შენ წილ.
ვინათგან პატიოსან იქმენ წინაშე ჩემსა, იდიდე და მე შეგიყვარო შენ და მივსცნე კაცნი მრავალნი შენ ძლით და მთავარნი თავისა წილ შენისა.
ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ, აღმოსავალთაგან მოვიყვანო თესლი შენი და დასავალთაგან შეგკრიბო შენ.
ვრქუა ბღუარსა: მოიყვანენ! და ჩრდილოსა: ნუ აყენებ, მოიყვანენ შვილნი ჩემნი ქუეყანისაგან შორიელისა და ასულნი ჩემნი მწუერვალისაგან ქუეყანისასა,
ყოველნი, რავდენნი ზედწოდებულან სახელითა ჩემითა! რამეთუ დიდებისა მიერ ჩემისა შევჰმზადე იგი და შევქმენ იგი.
და გამოვიყვანე ერი ბრმა და თუალნი მათნი, ვითარცა თჳთ იგინი, არიან ბრმა, ყურთა ყრუთა მქონებელნი.
ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი მათგან; ვინ მიუთხრნეს ესენი? ანუ დასაბამითგანნი ვინ მიგითხრნეს თქუენ? მოიყვანედ მოწამენი მათნი და განმართლდედ, და ისმინედ და თქუედ ჭეშმარიტი.
მექმნენით მე მოწამე. და მე მოწამე ვარ, - იტყჳს უფალი ღმერთი, - და ყრმა, რომელი გამოვირჩიე, რათა სცნათ და გრწმენესყე და გულისხმაჰყოთ, ვითარმედ მე ვარ. წინასწარ ჩემსა არა იყო სხვა ღმერთი და შემდგომად ჩემსა არა იყოს.
მე ვარ ღმერთი და არა არს თჳნიერ ჩემსა მაცხოვნებელი.
მე მიუთხარ და ვაცხოვნე, ვაყუედრე და არა იყოს თქუენ შორის უცხოჲ, თქუენ ჩემდა მოწამე.
და მე უფალი ღმერთი მერმეცა დასაბამითგან, და არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა. ვყო, ვინ გარემიაქციოს იგი.
ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მჴსნელი თქუენი, წმიდაჲ ისრაჱლისა: თქუენ ძლით მივავლინო ბაბილონდ, და აღვადგინნე მეოტნი ყოველნი და ქალდეველნი ნავებითა შეიკრნენ.
მე ვარ უფალი ღმერთი, წმიდაჲ თქვენი, რომელმან ვაჩუენე ისრაელი.
ესრეთ იტყჳს უფალი, რომელმან მისცა გზა ზღუასა ზედა და წყალსა ზედა ძლიერსა ალაგი,
გამომყვანებელი ეტლებისა და ცხენისა და ერისა ძლიერისა: არამედ დაიძინეს და არა აღდგენ, დაშრტეს, ვითარცა პატრუკი დაშრეტილი.
ნუ მოიჴსენებთ პირველთა და დასაბამისთასა ნუ ჰგულისსიტყუავთ.
აჰა, მე ვჰყოფ ახალთა, და აღმოჰჴდეს და სცნათ და ვყო უდაბნოს შინა გზა. და ურწყულსა შინა მდინარენი.
მაკურთხევდენ მე ნადირნი ველისანი, სირინოსნი და ასულნი სირთანი, რამეთუ მივეც შორის უდაბნოსა წყალი და მდინარენი შორის ურწყულისა სუმად ნათესავისა ჩემისა რჩეულისა,
ერისა ჩემისა, რომელი ვიღვაწე, სათნოებათა ჩემთა მიუთხრობდით.
და არა აწ გიწოდე შენ, იაკობ, არცა მემაშურალე-გყავ შენ, ისრაჱლ!
არა მომგუარენ მე ცხოვარნი ყოვლად დასაწუელისა შენისანი, არცა მსხუერპლთა მიერ შენთა გადიდებენ, არცა დაგამონე შენ მსხუერპლთა მიერ, არცა მემაშურალე-გყავ შენ გუნდრუკისა მიერ,
არცა მომიგე მე ვეცხლითა საკუმეველი, არცა ცმელსა მსხუერპლთა შენთასა გული მითქუმიდა, არამედ ცოდვათა შინა შენთა და უსამართლოებათა შინა შენთა წარმოსდეგ შენ.
მე ვარ, მე ვარ იგივე აღმჴოცელი უშჯულოებათა შენთა და ცოდვათა შენთა, და არა მოვიჴსენნე.
ხოლო შენ მოიჴსენენ და განვისაჯნეთ ერთბამად. იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რაჲთა განმართლდე.
მამათა შენთა პირველთა და მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო,
და შეაგინნეს მთავართა წმიდანი ჩემნი. და მივეც იაკობი წარსაწყმედელად და ისრაილი საყუედრელად.