ესაია წინასწარმეტყველი, თავი 27
იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს.
იმ დღეს იმღერეთ სანატრელ ვენახზე:
მე, უფალი, მცველი ვარ მისი, ყოველწამს ვარწყულებ და ვიცავ დღითა და ღამით, რათა არავინ დააზიანოს.
რისხვა არ არის ჩემში; მაგრამ დამიყარონ ბრძოლაში ნარ-ეკალი! გადავთელავ მათ და ერთიანად გადავწვავ.
ან მოეჭიდოს ჩემს სიმტკიცეს, ზავი დამიდოს, დამიდოს ზავი!
დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელს ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით.
თუ უგვემია იგი მისთა მგვემელთა გვემით, თუ უხოცია იგი მისთა მხოცელთა ხოცვით?
უკიდურეს რისხვაში შენ სჯი მას გადახვეწით. აიტაცებდა თავისი ძლიერი ქროლვით აღმოსავლეთის ქარიან დღეს.
ამიტომ წარიხოცება ამით: იაკობის დანაშაული და, აჰა, ეს იქნება მისი ცოდვის მიტევების ნაყოფი; როცა კირის ნაფშხვენებივით აქცევს სამსხვერპლოს ლოდებს, როცა აღარ იდგებიან აშერები და მზის კერპები.
რადგან უდაბნოსავით გამარტოსულდა ციხე-სიმაგრე. მიაგდეს და მიატოვეს საცხოვრებელი, ხბო დაბალახობს იქ, იქ ბინავდება და მის ფოთლებს კორტნის.
როცა გახმება მისი ტოტები და ჩამოიმტვრევა, მივლენ ქალები, რომ ცეცხლი წაუკიდონ, რადგან უგუნურია ეს ხალხი, ამიტომ არ შეიბრალებს მისი შემქმნელი და მისი გამომსახველი არ შეიწყალებს.
იმ დღეს გალეწავს უფალი თავთავებს ევფრატიდან ეგვიპტის ხევამდე და თქვენც, ისრაელიანებო, სათითაოდ აიკრიფებით.
ამ დღეს ახმიანდება დიდი საყვირი და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანად გაგდებულნი, რომ თაყვანისცენ უფალს წმიდა მთაზე იერუსალიმში.
მას დღესა მოაწიოს უფალმან მახჳლი წმიდაჲ და დიდი და ძლიერი ვეშაპსა ზედა გუელსა მლტოლვარესა, ვეშაპსა ზედა გუელსა გულარძნილსა, და მოკლას ვეშაპი მას დღესა ზღვასა შინა.
მას დღესა შინა ვენაჴი კეთილი გულისსათქუმელი, მთავრობა მის ზედა.
მე, ქალაქი მაგარი, ქალაქი გარემოცვული, ამაოდ ვასუამ მას, რამეთუ გამოღებულ იქნეს ღამე, ხოლო დღისი დაეცეს ზღუდე.
არა არს, რომელი არ ზედდაესხა მას; ვინ დამდვას მე ცვად ლელწმისა ველსა შინა? ბრძოლისა ამისთჳს შეურაცხ-ვყავ იგი, აწ უკუე ამისთჳს ქმნნა უფალმან ყოველნი, რაოდენნი განაჩინნა.
დავიწუხენ, ჴმობდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მათ შორის, ვყოთ მშჳდობა მისსა. მშჳდობა ვყოთ მომავალთა.
შვილნი იაკობისნი გამორჩნენ და აღყუავნეს ისრაჱლ, და აღივსოს მკჳდროანი ნაყოფითა მისითა.
ნუ, ვითარცა მან დასცა, იგიცა იწყლასა ეგრეთ? ანუ ვითარცა მან მოკლა, იგიცა ეგრეთ მოიკლასა?
მბრძოლმან და მაყუედრებელმან განავლინნეს იგინი. არა შენ ხარა მწურთელი სულითა შენითა მძჳნვარედ მოწყუედისა მათისა სულითა გულისწყრომისათა?
ამისთჳს მოისპოს უშჯულოვებაჲ იაკობისი. და ესე არს კურთხევა მისი, ოდეს მოუსპო მას ცოდვაჲ, ოდეს დაისხნენ ყოველნი ქვანი ბომონთანი დაჭრილებად, ვითარცა მტუერი წულილი, და არა ეგნენ კერპნი მათნი
და ხენი მათნი მოკუეთილებ, ვითარცა მაღნარი შორიელი. დამკჳდრებული სამწყსოჲ განჭრილ იყოს, ვითარცა სამწყსო დატევებული, და იყოს მრავალ ჟამ საძოვნელად, და მუნ განისუენებდენ სამწყსონი.
და შემდგომად ჟამისა არა იყოს მისსა არარაჲ მწუანე განჴმობისათჳს, დედანი მომავალნი ხილვისაგან მოვედით, რამეთუ არა ერი არს მქონებელი გულისჴმის-ყოფისა. ამისთჳს არ შეიწყალნეს იგინი, რომელმან შექმნნა იგინი, არცა რომელმან აღზილნა იგინი, არ მოწყალე ექმნეს მათ.
და იყოს მას დღესა შინა, აღმოღობოს უფალმან დანახეთქით მდინარისათ, ვიდრე რინოკუსურომდე, ხოლო თქუენ შეკრიბენით ძენი ისრაჱლისანი თითოეულნი.
და იყოს მას დღესა შინა, დაჰბერონ საყჳრსა დიდსა, და მოვიდენ წარწყმედულნი სოფელსა შინა ასსურატანელთასა და წარწყმედულნი ეგჳპტეს შინა და თაყუანი-სცეს უფალსა მთასა ზედა წმიდასა, იერუსალჱმს.