ესაია წინასწარმეტყველი, თავი 35
მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება.
აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს.
გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ!
უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ.
მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ.
მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე - ნიაღვრები.
დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა და ხრიოკები წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით გადამწვანდება.
შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ.
არ გამოჩნდება იქ ლომი და სასტიკი მხეცი არ დაადგება მას, არ გაჭაჭანდება იქ; მხოლოდ გამოხსნილნი ივლიან.
უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ.
იხარებდ, უდაბნო წყურიელი. და იშუებდინ უდაბნოჲ და ყუაოდენ, ვითარცა შროშანნი.
და აღყუავნენ და იშუებდენ მდინარენი იორდანისანი, და დიდებაჲ ლიბანისა მოეცეს მას და პატივი კარმელისა, და ერმან ჩემმან იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ და სიმაღლე ღმრთისაჲ.
გაძლიერდით ჴელნი დაჴსნილნი და მუჴლნი განრღუეულნი.
ნუგეშინის-ეცით სულმოკლეთა გონებითა: განძლიერდით, ნუ გეშინინ. აჰა, ღმერთი ჩუენი საშჯელსა ნაცვლად მიაგებს, და ნაცვალ-აგოს. თჳთ მოვიდეს და მაცხოვნეს ჩუენ.
მაშინ აღეხუნეს თუალნი ბრმათანი. და ყურთა ყრუთასა ესმოდის.
მაშინ ვლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი, და ცხად იყოს ენაჲ ძლით მზრახვალი, რამეთუ გამოეცა უდაბნოს შინა წყალი და ჴევი შორის ქუეყანასა წყურიელსა.
და ურწყული იყოს მწურნებად, და ქუეყანასა შინა წყურიელსა წყარო წყლისა იყო. მუნ სიხარული მფრინველთა, საყოფელი სამწყსოთა და მწყურნები ლელწმისა, და არა წარჰჴდეს მუნ არაწმიდაჲ.
იყოს მუნ გზა წმიდაჲ და გზად წმიდად ეწოდოს. არა წარვიდეს მიერ არაწმიდაჲ, არცა იყოს მუნ გზა არაწმიდა. ხოლო განთესულნი ვიდოდიან მას ზედა. არა შესცთეს.
და არა იყოს მუნ ლომი, არცა მჴეცთა ბოროტთაგანი, არა აღვიდეს მის ზედა, არცა იპოოს მუნ, არამედ ვიდოდიან მას ზედა გამოჴსნილნი და შეკრებულნი უფლისა მიერ.
მოიქცენ და მოვიდენ სიონად სიხარულისა თანა და სიხარული საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა, ქება და მხიარულება და შუება ეწიოს მათ. წარჴდა სალმობა და მწუხარება და სულთქმა.