ლოცვანი
აპლიკაცია

ესაია წინასწარმეტყველი, თავი 42

1

აჰა ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს.

2

ის არ იყვირებს და არ აუწევს ხმას, არავის გააგონებს თავის ხმას ქუჩაში.

3

გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს, სამართალს სიმართლით გააჩენს.

4

არ შედრკება და არ მოეშვება, ვიდრე ქვეყნად სამართალს არ დაამყარებს. მის რჯულს მოელიან ზღვისპირელნი.

5

ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და მათი გარდამთხმელი, მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის და სულისა - მასზე მავალთათვის:

6

მე, უფალმა, წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახვ და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის,

7

რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან - ბნელში მსხდომარენი.

8

მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას - გამოქანდაკებულ კერპებს.

9

აჰა, ამხდარია წინანდელნი და ამიერიდან ახალს გამოგიცხადებთ; ვიდრე აღმოცენდებოდეს, გაცნობებთ.

10

უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მისთა მკვიდრნო!

11

ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარი ცხოვრობს, იზეიმონ კლდეთა მცხოვრებლებმა, მთათა მწვერვალიდან იყიჟინონ!

12

მიაგონ უფალს პატივი და მისი სადიდებელი ზღვისპირელთა შორის გამოაცხადონ!

13

როგორც გმირი, გამოვა უფალი; როგორც მეომარი, შურით აღივსება, აგრგვინდება, ყიჟინასაც დასცემს, ძალას გამოაჩენს მტრების წინააღმდეგ.

14

დიდხანს ვდუმარებდი, ვჩუმდი, თავს ვიკავებდი; ახლა ავკივლდები მშობიარესავით, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად.

15

გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს და გადავახმობ მათ ყოველ სიმწვანეს, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ და ამოვაშრობ წყალსატევებს.

16

წავიყვან ბრმებს მათთვის უცნობი წებით და მათთვის უცნობ ბილიკებზე გავატარებ; ბნელს ნათლად ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღროებს - ვაკეებად. აი, ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.

17

უკან დაიხევენ, სირცხვილით შერცხვებიან ქანდაკთა მოესავნი, კერპებს რომ ეუბნებიან: ჩვენი ღმერთები ხართო.

18

ყრუებო, ისმინეთ! ბრმებო, იყურეთ, რომ დაინახოთ!

19

ვინ არის ჩემი მორჩილივით ბრმა და ყრუ ჩემი მოციქულივით, მე რომ გავგზავნე? ვინ არის ბრმა ჩემი გამოსყიდულივით და ბრმა უფლის მორჩილივით?

20

ბევრი გინახავს და არ შეგინახავს; სასმენელი ღია გაქვს და არ გესმის.

21

უფალმა ინება თავის სიმართლისთვის განედიდებინა და განეთქვა რჯული.

22

მაგრამ ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული, გამოქვაბულებში არიან ჩაყრილნი და საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის; იტაცებენ და არავინ ამბობს: დააბრუნე!

23

რომელმა თქვენგანმა გაიგონა ეს? ყური ვინ მიაპყრო და ვინ მოისმინა მოწევნადი?

24

ვინ მისცა დამარბეველს იაკობი და ისრაელი - მძარცველებს? განა ეს უფალი არ იყო, რომელსაც შევცოდეთ, არ ვიარეთ მის გზებზე და მისი რჯული არ შევისმინეთ?

25

გადმოაფრქვია მათზე თავისი რისხვის ცეცხლი და ომის სისასტიკე გიზგიზებდა მის ირგვლივ და ვერ მიმხვდარიყო, წვავდა და გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო.

1

იაკობ, ყრმა ჩემი, შევეწიო მას. ისრაილ, რჩეული ჩემი, შეიწყნარა იგი სულმან ჩემმან. მივეც სული ჩემი მის ზედა. სამართალი წარმართთა გამოართუას.

2

არ ღაღადებდეს, არცა დააცადოს, არცა სასმენელ იქმნეს გარვ ჴმაჲ მისი.

3

ლელწამი განტეხილი არა შემუსროს და პატრუკი მკუმოლვარე არა დაშრიტოს,

4

არამედ ჭეშმარიტებად გამოიღოს მშჯავრი. განაბრწყინვოს და არ მოესრულოს, ვიდრემდის დადვას ქუეყანასა ზედა მშჯავრი, და სახელისა მიმართ მისისა წარმართნი ესვიდენ.

5

ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ და დაამტკიცა იგი და დაამყარა იგი და მისშორისნი და მისცა ერსა მისსა სამშჳნველი, რომელი არს მას ზედა, და სული ყოველთა მთრგუნველთა მისთა.

6

მე, უფალმან ღმერთმან, გიწოდე შენ სიმართლისა მიერ, და გიპყრა ჴელისა შენისა, და განგაძლიერო შენ. და მიგცე შენ აღთქუმად ნათესავსა, ნათლად წარმართთა,

7

განხუმად თუალებსა ბრმათასა და გამოყვანებად საკრველთაგან შეკრულთა, და სახელისაგან საპყრობილისა მსხდომარეთა ბნელსა შინა.

8

მე ვარ უფალი ღმერთი, ესე არს სახელი ჩემი. დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცე, არცა სათნოებანი ჩემნი წახნაგებულთა.

9

დასაბამისანი, აჰა, მოვიდეს და ახალთა მე მიუთხრობ, და პირველ მითხრობისა განგეცხადა თქუენ.

10

უგალობეთ უფალსა გალობა ახალი, მთავრობა მისი ადიდეთ, სახელი მისი კიდითგან ქუეყანისათ შთამავალთა ზღუად და მცურვალეთა მისთა, ჭალაკთა და მკჳდრთა მათთა.

11

იშუებდინ უდაბნოჲ, არვე და დამკჳდრებულნი კიდარისანი, იშუებდენ დამკჳდრებულნი კლდისანი, მწუერვალისაგან მთათასა ჴმა-ყონ,

12

მისცენ ღმერთსა დიდებაჲ, სათნოებათა მისთა ჭალაკთა შორის მიუთხრობდენ.

13

უფალი ღმერთი ძალთა გამოვიდეს და შემუსროს ბრძოლაჲ, აღადგინოს შური. და ჴმა-ყოს მტერთა მისთა ზედა ძალისათა:

14

დავდუმენ ნუ მარადისცა ვდუმნე და თავს-ვიდვა, მოვითმინე, ვითარცა მშობიერმან, განვაცჳბრო და განვაჴმო ერთბამად.

15

და დავსხნე მდინარენი ჭალაკებად და მწყურნებნი განვაჴმნე.

16

და მოვიყვანნე ბრმანი გზასა ზედა, რომელსა არა იცნობდეს, და ალაგნი, რომელნი არა იცნოდეს. მთრგუნველ-ვყვნე იგინი, ვყო ბნელი მათი ნათლად და გულარძნილნი წრფელად; ესე სიტყუანი ვყუნე და არ დაუტევნე იგინი.

17

ხოლო იგინი გარემიიქცეს მართლუკუნ, შერცხუედ სირცხჳლი მოსავთა ქანდაკებულთა მიმართ, რომელნი ეტყჳთ გამოდნობილთა: თქუენ ხართ ღმერთნი ჩუენნი.

18

ყრუთა ისმინეთ და ბრმათა აღიხილენით ხედვად.

19

და ვინ არს ბრმა, არამედ ყრმანი ჩემნი და ყრუ, არამედ რომელნი ეუფლებიან მათ? და დაბრმეს მონანი ღმრთისანი.

20

ხოლო იხილეთ მრავალგზის, და არა დაიცევით. განხმულ არიან ყურნი და არა ისმინეთ.

21

უფალსა ღმერთსა ენება, რაჲთა განმართლდეს და განადიდოს ქება.

22

და ვიხილე და იყო ერი წარტყუენულ და მიმოდატაცებულ, რამეთუ საბრჴე საუნჯეთა შინა ყოვლით კერძო და სახლთა შინა ერთბამად, სადა დამალნეს იგინი, იქმნა საიავროდ და არა იყო განმარინებელი ნატაცები, და არა იყო, რომელმან თქვას: უკუნეც.

23

ვინ არს თქვენ შორის, რომელმან ყურად-იხუნეს ესენი? შეისმინეთ ზედმომავალთა შინა.

24

ვინ მისცა დასატაცებელად იაკობი და ისრაელი წარმტყუენველთა მისთა? არა ღმერთმან, რომელსა შესცოდეს მას და არა ინებებდეს გზათა შინა მისთა სლვასა, არცა სმენასა სჯულისა მისისასა?

25

და მოაწია მათ ზედა რისხვა გულისწყრომისა მისისა და განაძლიერა მათ ზედა ბრძოლა და თანადმომწუველნი გარემო მათსა, და არა ცნეს თითოეულმან მათმან, არცა დაიდვეს გულისა ზედა.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566