ესაია წინასწარმეტყველი, თავი 12
შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე.
აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.
იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი.
უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი.
იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
და სთქუა მას დღესა შინა: გაკურთხევ შენ, უფალო, მით, რამეთუ განმირისხენ მე, და გარემიიქციე გულისწყრომა შენი ჩემგან და შემიწყალე მე.
აჰა, ღმერთი ჩემი, მაცხოვარი უფალი. და მოსავ ვიყო მისდამი და ვცხოვნდე მის მიერ. და არ შევიშინო მით, რამეთუ დიდებაჲ ჩემი და ქებაჲ ჩემი არს უფალი და მეყო მე მაცხოვარ.
აღმოივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხორებისათა.
სთქუა მას დღესა შინა: უგალობდით უფალსა, ჴმა-ყავთ სახელი მისი, მიუთხრენით წარმართთა შორის დიდებულნი მისნი, მოიჴსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი.
საგალობელ-ყავთ სახელი უფლისაჲ, რამეთუ მაღალნი ქმნნა. მიუთხრენით ესენი შორის ყოვლისა ქუეყანისა.
იხარებდით და იშუებდით დამკჳდრებულნი სიონს, რამეთუ ამაღლდა წმიდაჲ ისრაჱლისა, საშუალ მისსა.