ესაია წინასწარმეტყველი, თავი 26
იმ დღეს იმღერებენ ამ სიმღერას იუდას ქვეყანაში: მაგარი ქალაქი გვაქვს; ხსნას დაგვიდებს ზღუდედ და გალავნად.
გააღეთ ჭიშკრები, შემოვიდეს მართალი ერი, რწმენის შემნახველი!
ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.
რადგან დაამდაბლა მაღლის მკვიდრნი, აღზევებული ქალაქი; დაამხო იგი, მიწასთან გაასწორა, გააცამტვერა.
თრგუნავს მას ფეხი, ბეჩავის ფეხი, მათხოვართა ტერფები.
სწორია მართალთა გზა. შენ ასწორებ მართალთა სავალს.
შენი სამსჯავროს გზაზედაც, უფალო, შენ გესავდით; შენს სახელს და შენს სახსენებელს ელტვოდა სული.
ჩემი სამშვინველი გნატრობდა ღამღამობით, ჩემი სული გეძებდა ჩემს გულში დილით; რადგან, როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს.
შეწყალებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის; იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს.
უფალო, შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ. დაინახონ შენი შური შენი ხალხის გამო და შერცხვებათ; ცეცხლმა შეჭამოს შენი მტრები.
უფალო, შენ მოაფენ მშვიდობას ჩვენზე; შენ გვიკეთებ ყველა ჩვენ საქმეს.
უფალო, ღმერთო ჩვენო! შენს გარდა სხვა მეუფენი გვბატონობდნენ, მაგრამ მხოლოდ შენში ვახსენებთ შენს სახელს.
მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე.
შენ გაგიმრავლებია ხალხი, უფალო, გაგიმრავლებია ხალხი! განდიდებულხარ, განგივრცია ქვეყნის კიდეები.
უფალო, შენ გეძებდნენ გასაჭირში, გულში ლოცულობდნენ, შენ კი უმზადებდი სასჯელს.
როგორც ორსული ქალი, შობად მიწევნული, იტანჯება, კივის ტკივილისგან, ასე ვართ ჩვენ, უფალო, შენ წინაშე!
მუცლადვიღეთ, ტანჯვაში ვიყავით და აჰა, ქარი ვშობეთ; ქვეყანას ხსნა ვერ მოვუტანეთ, არ დაეცნენ ქვეყნიერების მცხოვრებნი.
გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას.
წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს.
რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს.
მას დღესა შინა გალობდენ გალობასა ამას ქვეყანასა ზედა იუდაჲსსა მეტყუელნი: აჰა, ქალაქი მტკიცე და საცხოვნებელი ჩუენი, მოსდგას ზღუდე და გარეზღუდე.
განახუენით ბჭენი, შევედინ ერი დამცველი სიმართლისა
და დამცველი ჭეშმარიტებისა, შემწე სიმართლისა და დამცველი მშჳდობისა,
რამეთუ შენდამი, უფალო, ვესევდით ვიდრე საუკუნოსამდე. ღმერთმან დიდმან საუკუნემან,
რომელმან დამდაბლებით შთაიყვანენ დამკჳდრებულნი მაღალთა შინა, ქალაქთა მტკიცეთა შთაამჴობ და შთაიხუამ, ვიდრე იატაკამდე.
და დასთრგუნვიდენ მათ ფერჴნი მშჳდთანი და მდაბალთა კუალნი დავრდომილთანი.
გზა კეთილ მსახურთა წრფელ იქმნა და განმზადებულ გზა კეთილ მსახურთა,
რამეთუ გზა უფლისაჲ განკითხვა. ვესევდით სახელისა მიმართ შენისა და საჴსენებელისა მიმართ, რომლისა გულისმთქუმელ იყო სული ჩემი.
ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, მით, რამეთუ ნათელ არს ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა. ისწავეთ სიმართლე დამკჳდრებულთა ქუეყანისათა,
რამეთუ დადუმნა უღმრთოჲ და რომელმან არა ისწაოს სიმართლე ქუეყანასა ზედა, ჭეშმარიტება არა ყოს, მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ.
უფალო! მაღალ შენი მკლავი და არა იცოდეს, ხოლო მცნობელნი სირცხჳლეულ იქმნენ. შურმან მიიღოს ერი უსწავლელი. და აწ ცეცხლმან შეჭამნეს წინააღმდგომნი.
უფალო, ღმერთო ჩვენო! მშჳდობა მომეც ჩუენ, რამეთუ ყოველნი მომაგენ ჩუენ.
უფალო, ღმერთო ჩუენო! მომიგენ ჩუენ, უფალო, თჳნიერ შენსა სხვა არა ვიცით, სახელსა შენსა სახელ-ვსდებთ,
ხოლო მკუდართა სიცოცხლე არა იხილონ, არცა მკურნალთა არა ვერ აღადგინონ. ამისთჳს მოჰჴადე და წარსწყმიდე და აღიღე ყოველი წული მათი.
დაჰრთენ მათ ძჳრნი, უფალო! დაჰრთენ ძჳრნი დიდებულთა ქუეყანისათა და დართენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი.
უფალო, ჭირსა შინა მოგიჴსენეთ შენ. ჭირსა შინა მცირესა, ანუ წურთა შენი ჩვენდა.
და ვითარცა ლმობილი მიეახლებინ შობად და სალმობასა მისსა ზედა ღაღადებნ, ეგრეთ ვექმნენით საყვარელსა შენსა შიშისა შენისათჳს, უფალო!
შორის მუცლისა მივიღეთ და ვილმეთ და ვშევით, სული მაცხოვარებისა შენისა ვყავთ ქუეყანასა ზედა. არა დავეცნეთ, არამედ დაეცნენ დამკჳდრებულნი ქუეყანასა ზედა.
აღდგენ მკუდარნი, და აღემართნენ საფლავთაშინანი და იშუებდენ შორის ქუეყანასა, რამეთუ ცუარი შენმიერი საკურნებელ მათდა არს, ხოლო ქუეყანა უთნოთა დაეცეს.
აბიჯე, ერო ჩემო, შევედ საუნჯეთა შენთა! დაჰჴშენ კარნი შენნი. დამიმალე მცირედ, რაბამ ვიდრემდისცა წარჴდეს რისხვა უფლისაჲ,
რამეთუ, აჰა, უფალი წმიდისაგან ადგილისა მოაწევს რისხვასა მისსა დამკჳდრებულთა ზედა ქუეყანისა შორის, მოხილვად უშჯულოებასა დამკჳდრებულთა ქუეყანისათასა ძჳნად მათდა და გამოაცხადოს ქუეყანამან სისხლი მისი, და არა დამალნეს მოკლულნი მერმე.