ესაია წინასწარმეტყველი, თავი 14
რადგან შეიწყალებს უფალი იაკობს და კიდევ გამოარჩევს ისრაელს, მათსავე მიწაზე დაასახლებს. უცხონი შეეთვისებიან მათ და მიემაგებიან იაკობის სახლს.
აიყვანენ მათ ხალხები და მიიყვანენ თავიანთ ადგილზე, დაისაკუთრებს მათ ისრაელი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, დაატყვევებენ თავიანთ დამატყვევართ და თავიანთ მჩაგვრელებზე იბატონებენ.
იმ დღეს, როცა ამოგასუნთქებს უფალი ჭირ-ვარამისგან და შფოთისაგან, და მძიმე სატანჯველისგან, რომლითაც იტანჯები.
წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას!
როგორ შემუსრა უფალმა უკეთურთა არგანი, ხელმწიფეთა კვერთხი,
რისხვით რომ სცემდა ხალხებს შეუსვენებლივ, ბრაზით რომ იმონებდა ტომებს, დაუოკებლად დევნიდა მათ!
დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს.
ალვები ხარობენ შენს გამო, ლიბანის ნაძვები: რა რომ შენ გდიხარ, ხის მჭრელი აღარ ამოსულა ჩვენთან.
ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი.
ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე.
შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს.
როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!
გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე.
მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!
მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში.
შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა?
ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?
ხალხთა ყოველი მეფე, ყველანი დიდებაში განისვენებენ, თავთავის სახლებში.
შენ კი უსაფლავოდ გდიხარ, როგორც საძულველი, უდროული ნაშობი, როგორც დახოცილთა, მახვილით განგმირულთა სამოსელი, ქვიან ორმოში ჩაგდებული, როგორც გათელილი გვამი.
ვერ შეუერთდები მათ საფლავში, რადგან დაღუპე შენი ქვეყანა და ამოწყვიტე შენი ხალხი; აღარ მოიხსენება ბოროტეულთა თესლი სამარადისოდ.
საკლავად განამზადე მისი შვილები მამების ცოდვებისთვის, რომ არ აღდგნენ და არ დაიმკვიდრონ ქვეყანა, მტრებით არ აავსონ. მიწის პირი.
აღვდგები მათ წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და აღმოვუფხვრი ბაბილონს სახელს და ნატამალს, მონაგარს და მისხისმისხს, ამბობს უფალი.
ზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ გავხდი და განადგურების ცოცხით გავხვეტავ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება.
შევმუსრავ აშურს ჩემს მიწაზე და გავთელავ ჩემს მთებზე, გადაიგდება ქედიდან უღელი და მხრებიდან ტვირთი ჩამოეხსნებათ.
აჰა, განაჩენი, მთელი ქვეყნისათვის გამოტანილი, და აჰა ხელი, ყოველ ხალხზე მოღერებული!
ცაბაოთ უფლის განაჩენს ვინ შეცვლის და მოღერებულ ხელს ვინ შეაბრუნებს?
ასეთი განაჩენი იყო მეფე ახაზის სიკვდილის წელს.
ნუ გიხარია, ფილისტიმის ქვეყანავ, რომ დაილეწა შენი მგვემელის კვერთხი, რადგან გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება.
უპოვართა პირმშონი გამოიკვებებიან და ღარიბ-ღატაკნი სამშვიდობოს დამყუდრდებიან; შიმშილით მოვკლავ შენს ფესვს და შენს ნარჩომს ამოვწყვიტავ.
მოთქვამდე, კარიბჭევ, გოდებდე, ქალაქო, ძრწოდე, ფილისტიმის ქვეყანავ, რადგან ჩრდილოეთიდან წამოვა კვამლი და გაიფანტება მისი ბანაკი.
რას იტყვიან ხალხის მოციქულები? - რომ უფალმ აფუძნა სიონი და რომ იქ არის მისი ერის ჩაგრულთა საესავი.
მსწრაფლ მოვალს და არა ჰყოვნის, და დღენი მისნი არ მოზიდულ იქმნენ. და შეიწყალოს უფალმან იაკობი და გამოირჩიოს მერმე ისრაილი; და განისუენებდეს ქუეყანასა ზედა მათსა და მექუეყანე შეეძინოს მათ თანა და შეეძინოს სახლისა მიმართ იაკობისსა.
და მიიხუნენ იგინი ნათესავად, და შეიყვანნენ ადგილად მათდა და დაამკჳდრნენ და განმრავლდენ და განიყოფდენ მათ ძენი ისრაილისანი ქუეყანასა ზედა ღმრთისასა მონებად და მჴევლებად. და იყვნენ ტყუებ ტყუემქმნელნი მათნი, და იუფლებოდინ უფლებულნი მათნი.
და იყოს მას დღესა შინა, რომელსაცა განგისუენოს შენ უფალმან სალმობისაგან შენისა და გულისწყრომისა შენისა და მონებისა შენისა ფიცხლისა, რომლითა ჰმონებდი მათ.
და მოიღო გოდება ესე მეფისა ზედა ბაბილონისასა და სთქვა მას დღესა შინა: ვითარ განსუენებულ არს მიმჴდელი და განსუენებულ არს მოსწრაფე.
შემუსრა უფალმან უღელი ცოდვილთა, უღელი მთავართა.
დამცემელი ნათესავი გულისწყრომითა წყლულებითა უკურნებელისათა, მგუმელი ნათესავი გულისწყრომითა წყლვისათა, რომელსა არა ერიდა.
განისუენა მინდობით ყოველმან ქუეყანამან, და ჴმობს შუებულებით.
და ხეთა ლიბანისათა განიშუეს შენ ზედა და ნაძუმან ლიბანისამან თქვას: რაჲთგან შენ დაიძინე, არა აღვიდა მკაფელი ჩვენი.
ჯოჯოხეთი ქუე განმწარდა, შეგემთხჳა რა შენ, თანააღდგეს შენსა ყოველნი გმირნი მმთავრობნი ქუეყანისანი, რაჲთა აღადგინნეს საყდართაგან მათთა ყოველნი მეფენი წარმართთანი.
ყოველთა მოგიგონ და გრქუან შენ: და შენცა ტყუე იქმენ, ვითარცა ჩვენ, და ჩვენ თანა შეირაცხე.
ხოლო შთაჴდა ჯოჯოხეთად დიდება შენი და მრავალი შუებულება შენი, ქუეშე შენსა დაგირეცონ დალპოლვაჲ და სავანე შენდა მატლი.
ვითარ განვარდა ცისაგან მთიები განთიად აღმომავალი? შეიმუსრა ქუეყანასა ზედა განმავლენელი ყოველთა წარმართთა.
ხოლო შენ სთქუ გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაჲთ ვარსკულავთა ცისათასა დავდგა საყდარი ჩემი, დავჯდე მთასა ზედა მაღალსა. მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოთ.
აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მადლისა.
ხოლო აწ ჯოჯოხეთადმი შთაჰჴდე და საფუძველთა მიმართ ქვეყანისათა.
მხილველთა შენთა დაუკვირდეს შენ ზედა და თქუან შენთჳს: ესე კაცი განმაძჳნებელი ქუეყანისა, შემარყეველი მეფეთა,
დამდებელი მკჳდროვნისა სრულისა უდაბნოდ, და ქალაქთა მისთა დამარღუეველი, მოსაწევართაშინანი არ ჴსნილ-ყვნა სახლებთა შორის მათთა.
ყოველთა მეფეთა წარმართთასა დაიძინეს პატივით, კაცმან სახლისა შორის თჳსისა,
ხოლო შენ დაჰვარდე მთათა ზედა, ვითარცა მკუდარი მოძაგებული, მრავალთა თანა მომკუდართა და წერტგანგუმერილთა მახვილითა და შთამავალთა ჯოჯოხეთად; ვითარსახედ სამოსელი შებღალული სისხლითა არა არს წმიდა,
ეგრეთვე არცა შენ იყო წმიდაჲ მით, რამეთუ ქვეყანა ჩემი წარსწყმიდე, და ერი ჩემი მოჰსარ. არა ეგო საუკუნესა ჟამსა, თესლი ბოროტი.
განჰმზადენ შვილნი შენნი მოსრვად ცოდვებითა მამათა მათთათა, რაჲთა არა აღდგენ და დაიმკჳდრონ ქუეყანა და აღავსონ ქუეყანა ბრძოლათა მიერ.
და ზედააღუდგე მათ, - იტყჳს უფალი საბაოთ, და წარვწყმიდო სახელი მათი და ნეშტი და თესლი, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: და დავდვა ბაბილონი ოჴრად,
ვიდრემდის დაემკჳდრნენ გრძღაბნი ექინნი, და იყოს არარად. და დავდვა იგი თიჴისა მთხრებლად წარსაწყმედელად, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ:
ვითარსახედ ვთქუ, ეგრეთ იყოს, და ვითარსახედ განმიზრახავს,
ეგრეთ ეგოს წარწყმედად ასსურასტანელთა ქუეყანისა ზედა ჩემისა და მთათა ზედა ჩემთა. და იყვნენ დასათრგუნველ, და აღებულ იქმნეს მათგან უღელი მათი და ძალი მათი მჴართა მათთაგან აღებულ იქმნეს.
ესე განზრახვა, რომელსა განიზრახავს უფალი სრულსა ზედა მკჳდროანსა, და ესე ჴელი მაღალი ყოველთა ზედა წარმართთა,
რამეთუ, რომელთა განიზრახავს ღმრთისა წმიდაჲ, ვინ დაჴსნას? და ჴელი მისი მაღალი ვინ გარემიაქციოს?
წელსა, რომელსა მოკუდა აქაზ მეფე, იქმნა სიტყვა ესე წარმართთა ზედა:
ნუ განიშუებთ უცხოტომნი ყოველნი, რამეთუ შეიმუსრა უღელი მგუემელისა თქუენისა, რამეთუ თესლისაგან გუელისა გამოვლენედ შვილნი წულნი ასპიტთანი და შვილისწულად მათდა გამოვიდენ გუელნი მფრინვალენი.
და ძოვდენ გლახაკნი მის მიერ, ხოლო დავრდომილნი კაცნი მშჳდობით განისუენებდენ, ხოლო მოჰსრავს სიყმილითა თესლსა შენსა და დანაშთომსა შენსა მოსრავს.
ვალალაებდით ბჭენი ქალაქთანი და ღაღადებდენ ქალაქნი აღშფოთებულნი ყოველნი უცხოთესლნი, რამეთუ კუამლი ჩრდილოთ მოვალს და არა არს დადგომათ.
და რაჲ მიუგონ მეფეთა ნათესავთასა, რამეთუ უფალმან დააფუძნა ქუეყანა სიონისაჲ და მის მიერ ცხოვნდენ მდაბალნი ერისანი.