ლოცვანი
აპლიკაცია

ესაია წინასწარმეტყველი, თავი 48

1

ისმინე ეს, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო, იუდას წყლებიდან გამოსულნო, უფლის სახელის მოფიცარნო, ისრაელის ღმერთს რომ ახსენებთ, თუმცა არა ჭეშმარიტებით და არა სიმართლით!

2

რადგან წმიდა ქალაქის სახელით იწოდებიან და ისრაელის ღმერთს ემყარებიან - ცაბაოთ უფალია მისი სახელი.

3

თავიდანვე გავაცხადე წინანდელნი, ჩემი ძირიდან არის გამოსული. მე გამოვიტანე სააშკარაოზე; ანაზდად ვმოქმედებდი და სრულდებოდა.

4

რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.

5

მე გამცნე შენ თავიდანვე, გამოგიცხადე, ვიდრე ასრულდებოდა, რომ არ გეთქვა; ჩემმა კერპმა აასრულა ეს, ჩემს ბუთსა და ქანდაკს ჰქონდა ნაბრძანებიო.

6

შენ მოგისმენია; ახლა იხილეთ ეს ყველაფერი. ნუთუ არ აღიარებთ? ამიერიდან გიცხადებ ახალ ამბებს, დაფარულთ, რომლებიც არ იცოდი.

7

ახლა ასრულდნენ ისინი და არა წინათ; დღემდე არაფერი გსმენიათ მათზე, რომ არ თქვათ: აჰა, ხომ ვიცოდიო.

8

არც გსმენია და არც იცოდი, აქამდე ყურიც არ გქონია გახსნილი; რადგან ვიცოდი, რომ ღალატს ჩაიდენდი და შემცოდე გერქვა დედის მუცლიდანვე.

9

ჩემი სახელის გულისათვის ვაყოვნებ რისხკას და ჩემი დიდებისათვის გარიდებ მას, რომ არ მოგსპო.

10

აჰა, გამოგადნე, მაგრამ ვერცხლი არ გამოვიდა; სიმწრის ქურაში გამოგცადე.

11

ჩემი თავისთვის, ჩემი თავისთვის ვაკეთებ ამას, რადგან როგორ შევალახვინო ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ.

12

მისმინე, იაკობ და ისრაელ, ჩემო წოდებულო: ეს მე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც.

13

ჩემმა ხელმა დააფუძნა მიწა და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ცა. მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან.

14

შეიკრიბენით ყველანი და ისმინეთ: ვინ გამოაცხადა მათ შორის ეს ამბები? უფალმა შეიყვარა იგი. აასრულებს თავის ნება-სურვილს ბაბილონზე და ქალდეველებზე შემართავს მკლავს.

15

მე, მე ვიყავი, რომ ვილაპარაკე; მოვუწოდე კიდეც, მოვიყვანე და გზა წარვუმართე.

16

მომიახლოვდით, ისმინეთ ეს: საიდუმლოდ არც თავიდანვე მილაპარაკნია; რაც რომ ეს მოხდა, მე იქა ვარ. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა.

17

ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა; მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი.

18

ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე.

19

ქვიშასავით იქნებოდა შენი თესლი და მისი მარცვლებივით - შენი წიაღის ნაშიერი. არ ამოიკვეთებოდა მისი სახელი, არ გაქრებოდა ჩემს წინაშე.

20

გამოდით ბაბილონიდან, გაერიდეთ ქალდეველებს! მხიარული ხმით გამოაცხადეთ, ამცნეთ ეს, ქვეყნის კიდემდე მიაწვდინეთ, თქვით: იხსნა უფალმა, თავისი მორჩილი იაკობი!

21

არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა.

22

არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი, ბოროტეულთათვის.

1

ისმინენით ესენი სახლმან იაკობისმან, წოდებულთა სახელსა ზედა ისრაილისასა და წელისაგან იუდასსა გამოსრულთა, რომელნი ჰფუცავთ სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაილისასა, მომჴსენებელნი არა ჭეშმარიტებით, არცა სიმართლით

2

და მოსავნი სახელსა ქალაქისა წმიდისასა, და ღმრთისა მიმართ ისრაილისასა დამტკიცებულნი, უფალი საბაოთ, სახელი მისი.

3

პირველნი მერმე მიუთხრენ, და პირისაგან გამოვიდა და სასმენელ იქმნა, მეყსა შინა ვყავ და ზედ მოიწია.

4

უწყი მე, ვითარმედ ფიცხელ ხარ, და ძარღუ რკინისა - ქედი შენი და შუბლი შენი - რვალისა.

5

და მიგითხრა შენ ძუელადნი, პირველ მოსლვამდე შენ ზედა სასმენელ გიყავ, ნუ სადა სთქვან: კერპთა ჩემთა ყვეს ესე, არამედ რომელთა არა სთქვა: გამოქანდაკებულთა და გამომდნობელთა მამცნეს მე.

6

ისმინენით ყოველნი და თქუენ არა სცნენით, არამედ სასმენელ შენდა ვყვენ ახალნი ამიერითგან, რომელთა ეგულვების ქმნა.

7

და არა სთქვა: აწ იქმნების და არა ძუელად და არა პირველთა დღეთა ისმინენ იგინი, ნუ იტყჳ: ჰე, უწყნი იგინი.

8

არცა სცან, არცა უწყოდე, არცა დასაბამითგან განახუენ ყურნი შენნი, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შეურაცხ-მყოფელი შეურაცხ-ჰყოფ და უშჯულოდ მერმე მუცლითგანვე გეწოდოს.

9

სახელისათჳს ჩემისა გიჩვენო შენ გულისწყრომაჲ ჩემი და დიდებულნი ჩემნი მოვაწინე შენ ზედა, რაჲთა არა მოგასრულო შენ.

10

აჰა, განყიდე შენ ვეცხლისათჳს, ხოლო განგარინო შენ საჴუმილისაგან სიგლახაკისა.

11

თჳთ ჩემთჳს გიყო შენ, რამეთუ სახელი ჩემი შემწიკულებულ არს და დიდებაჲ ჩემი სხვასა არა მივსცე.

12

ისმინე ჩემი, იაკობ და ისრაილ, რომელსა მე გიწოდ. მე ვარ პირველი და მე ვარ უკუნისამდე.

13

და ჴელმან ჩემმან დააფუძნა ქუეყანაჲ და მარჯუენემან ჩემმან დაამყარა ცაჲ, უწოდო მე მათ და დადგენ ერთბამად.

14

და შეკრბენ ერთბამად ყოველნი და ისმინონ, ვინ მიუთხრნა მათ ესენი? სიყვარულითა შენითა ვყავ ნება შენი ბაბილონსა ზედა აღებად თესლი ქალდეველთა.

15

მე ვთქუ და მე უწოდე; მოვიყვანე იგი და წარვჰმართე გზა მისი.

16

მოიყვანენით და ისმინენით ესენი. არა დასაბამითგან დაფარულად ვიტყოდე, არცა ადგილსა შინა ქუეყანისა ბნელისასა. ოდეს იქმნა, მუნ ვიყავ. და აწ უფალმან მომავლინა მე და სული მისი.

17

ესრეთ იტყჳს უფალი მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილისა: მე ვარ ღმერთი შენი, გიჩუენე შენ პოვნად შენდა გზაჲ, რომელსა შინა ხჳდოდი მას ზედა.

18

და უკუეთუმცა გესმნნეს მცნებანი ჩემნი, ქმნილ იყომცა, ვითარცა მდინარე, მშჳდობაჲ შენი, და სიმართლე შენი, ვითარცა ღელვანი ზღჳსანი.

19

და იქმნამცა, ვითარცა ქჳშა, თესლი შენი და ნაშობნი შენნი, ვითარცა მიწა ქუეყანისა. არცა აწ არა მოისრას, არცა წარწყმდეს სახელი შენი წინაშე ჩემსა.

20

გამოვედ ბაბილონით, მლტოლვარე ქალდეველთაგან. ჴმაჲ სიხარულისა მიუთხართ და სასმენელ იქმენინ. ესე მიუთხართ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა და სასმენელ იქმენინ ესე. იტყოდეთ, ვითარმედ: იჴსნა უფალმან მონა თჳსი, იაკობი.

21

და უკეთუ სწყუროდის, უდაბნოთა მოიყვანნეს იგინი. წყალი კლდისაგან გამოიყვანოს მათდა. განიპოს კლდე და დიოდის წყალი. და სუმიდეს ერი ჩემი, არა არს სიხარული უთნოთა, - იტყჳს უფალი.

22

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566