ლოცვანი
აპლიკაცია

ესაია წინასწარმეტყველი, თავი 59

1

აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი რომ ხსნა არ შეეძლოს, და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ვერ ისმინოს.

2

მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას,

3

რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შებღალული და თითები თქვენი - უკეთურებით; თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს.

4

არავინ მოითხოვს სიმართლით და არავინ განიკითხვის ჭეშმარიტებით; ფუჭია მათი საესავი და ცრუობენ; ჩაესახვით ამაოება და ტყუილს ბადებენ.

5

ასპიტის კვერცხებს ჩეკავენ და ობობას აბლაბუდას ქსოვენ; მათი კვერცხების მჭამელი კვდება და, თუ გატყდა, უნასი იჩეკება.

6

მათი აბლაბუდა სამოსელისთვის არ ვარგა და თავიანთ ნაკეთებს ვერ ჩაიცვამენ; მათი ნაკეთები უკეთური ნაკეთებია და ძალადობაა მათ ხელებში.

7

ფეხები სიავისკენ გაურბით და უბრალო სისხლის დასაღვრელად მიიჩქარიან; მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და პარტახია მათ გზებზე.

8

მშვიდობის გზები მათ არ უწყიან და მათ ბილიკებზე არ არის სამართალი; თავადვე გაიმრუდეს გზა-სავალი და მასზე მავალმა არავინ იცის მშვიდობა.

9

ამიტომაც განგვშორდა სამართალი და ვერ გვწვდება სიმართლე. მოველით ნათელს და, აჰა, წყვდიადია! გაბრწყინებას - და ბნელში დავდივართ!

10

ბრმებივით ვეპოტინებით კედლებს და ხელებს ვაცეცებთ, თითქოს თვალები არ გვქონდეს; ვფორხილობთ შუადღისას როგორც ბინდში, როგორც მკვდრები უკუნეთში.

11

დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და მტრედებივით ვკვნესით; მოველით სამართალს და არ ჩანს, ხსნას და შორს არის ჩვენგან.

12

რადგან გამრავლდა ჩვენი დანაშაულები შენს წინაშე და ჩვენი ცოდვები ჩვენს წინააღმდეგ მოწმობენ; რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაულები და ჩვენი შეცოდებანი ჩვენვე ვუწყით:

13

უფლის ღალატი და უარყოფა, ჩვენი ღვთისაგან განრიდება, ავის და უკუღმართის ზრახვა, სიცრუის ჩაფიქრება და გულიდან აღმოთქმა.

14

უკუიქცა სამართალი და სიმართლე შორს გადგა, რადგან წაფორხილდა ქუჩაში ჭეშმარიტება და სიწრფელე ვეღარ შემოდის.

15

გამქრალია ჭეშმარიტება და სიავეს განრიდებული ძლეულია; უფალი ხედავს და თვალში ავად უჩანს, რომ არ არის სამართალი.

16

ხედავს, რომ არ არის კაციშვილი, და უკვირს, რომ არავინაა ქომაგი. მაშინ მისი მკლავი ეშველება და მისი სიმართლე განამტკიცებს მას.

17

ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაირქვა თავზე; ნაცვალგების სამოსელი ჩაიცვა და მოსასხამივით მოისხა შური.

18

საქმეთაებრ მიუზღავს ყველას: მტრებს - რისხვას, მოძულეთ - საქმეთაებრ, ზღვისპირელებს, საქმეთაებრ მიუზღავს.

19

შეუშინდებიან დასავლეთში უფლის სახელს და მზის აღმოსავლეთში - მის დიდებას, რადგან ნიაღვარივით მოვა მტერი, უფლის ქარი გამორეკავს მათ.

20

მოუვა გამომსყიდველი სიონს და მათ, ვინც ცოდვას განერიდნენ იაკობში, ამბობს უფალი.

21

აჰა, ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, ამბობს უფალი: ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში, არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის ბაგეებს, შენი ნაშიერის ნაშიერის ბაგეებს, ამბობს უფალი ამიერიდან და უკუნისამდე.

1

ნუ ვერშემძლე არსა ჴელი უფლისაჲ ცხოვნებად შენდა? ანუ დაამძიმა ყური თჳსი არსმენად.

2

არამედ ცოდვანი თქუენნი განსწვალებენ შორის თქუენსა და ღმრთისა, და ცოდვათა თქუენთათჳს მიიქცია პირი თჳსი თქუენგან არშეწყალებად,

3

რამეთუ ჴელნი თქუენნი შებღალულ არიან სისხლითა და თითნი თქუენნი ცოდვათა შინა, ხოლო ბაგეთა თქუენთა თქუეს უსჯულოებაჲ და ენაჲ თქუენი სიცრუესა იწურთიდა.

4

არც ერთი იტყჳს სიმართლეთა, არცა არს სასჯელი ჭეშმარიტი. მოსავ იქმნეს ამაოთა მიმართ და ზრახვენ ცუდთა, რამეთუ მიუდგებიან ტკივილსა და შობენ უსჯულებასა.

5

კუერცხნი ასპიტთანი განტეხნეს და ქსელსა დედაზარდლისასა ქსოენ, და მგულებელმან კუერცხთა მათთა ჭამისამან შე-რა-მუსრნა, ღრიაკალი პოვა და მას შინა ვასილისკოსი.

6

ქსელი მათი არ იყოს შესამოსლად, არცაღა გარემოისხან საქმეთაგან მათთა, რამეთუ საქმენი მათნი საქმე უსჯულოებისა,

7

ხოლო ფერჴნი მათნი უკეთურებასა შინა რბიან, მალენი დათხევად სისხლსა უმიზეზოსა, და გულისსიტყუანი მათნი გულისსიტყუანი უცნობოთანი, შემუსრვაჲ და საარსებულება გზათა შორის მათთა.

8

და გზაჲ მშჳდობისა არა უწყიან და არა არს მსჯავრი გზათა შინა მათთა, რამეთუ ალაგნი მათნი გულარძნილ არიან, რომელთა მოგზაურობენ და არა უწყიან მშჳდობაჲ.

9

ამისთჳს განეყენა სამართალი მათგან და არა ეწიოს მათ სიმართლე. მორა-ელოდეს იგინი ნათელსა, იქმნა მათდა ბნელი. მომლოდენი ცისკრისანი უჟამოსა შინა ვიდოდეს.

10

ეძიებენ, ვითარცა ბრმაჲ, კედელსა და, ვითარცა არმქონებელნი თუალთანი. ეძიებენ. დაეცნენ შუასამხრის, ვითარცა შუაღამე, ვითარცა მოსიკუდიდნი, სულთითქუმენ,

11

ვითარცა დათჳ და ვითარცა ტრედი, ერთბამად ვიდოდიან. ვჰგებდით მსჯავრსა და არა არს მაცხოვარება, შორად განდგა ჩუენგან,

12

რამეთუ მრავალ არს უსჯულოება ჩუენი წინაშე შენსა, და ცოდვანი ჩუენნი აღმიდგეს ჩუენ, რამეთუ უსჯულოებანი ჩუენნი ჩუენ შორის და სიცრუენი ჩუენნი ვცნენით.

13

ვიუთნოეთ, ვეცრუენით უფალსა, განუდეგით წინაშედგომისაგან ღმრთისა ჩუენისა. ვზრახენით ცრუნი და ვიურწმუნოეთ, მიუდეგით და ვიწუართენით გულისაგან ჩუენისა სიტყუანი ცრუნი.

14

და განვდეგით უკანაგან მსჯავრისა, და სიმართლე შორად განგუწუართა, რამეთუ განკფდა გზათა შორის მათთა ჭეშმარიტებაჲ და უგულარძნილოსა მიერ ვერ ეძლო განვლად.

15

და ჭეშმარიტებაჲ მოეღო და გარდააქციეს გაგონება მათი გულისხმისყოფისაგან, და იხილა უფალმან და არა სთნდა მას, რამეთუ არა იყო მსჯავრი.

16

და იხილა და არა იყო მამაკაცი, და განიცადა და არა იყო შემწე, და მიაგო მათ მკლავითა თჳსითა და მოწყალება დაამტკიცა.

17

და შეიმოსა სიმართლე; ვითარცა ჭაჯუ-ჭური, და გარემოიდვა თავის გარემო, ჩაფხუტი მაცხოვარებისა თავსა ზედა მისსა, და მოიბლარდნა შესამოსელი შურისძიებისა და გარემოსასხმელი, ვითარცა შურის-გებაჲ,

18

და ყუედრება წინააღმდგომთა, და ჭალაკთა შური იძიონ შურის-გებითა.

19

და ეშიშვოდიან დასავალითნი სახელსა უფლისასა და მზისაღმოსავალითნი სახელსა დიდებულისასა, რამეთუ მოვიდეს, ვითარცა მდინარე მაიძულებელი, რისხვაჲ უფლისა მიმართ, მოვიდეს გულისწყრომისა თანა.

20

და მოვიდეს სიონისათჳს მჴსნელი და გარეწარაქციოს უთნოობაჲ იაკობისაგან, - იტყჳს უფალი.

21

და ესე არს ჩემ მიერ აღთქმა მათდა, - თქვა უფალმან, - სული ჩემი, რომელი არს შენ ზედა და სიტყუანი, რომელნი მივსცენ პირსა შენსა, არა მოაკლდენ პირისაგან შენისა და პირისაგან თესლისა შენისა, - თქუა უფალმან, - ამიერითგან და საუკუნოდმდე.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566