ესაია წინასწარმეტყველი, თავი 24
აჰა, გააპარტახებს უფალი მიწას და გააცამტვერებს, დაკრუნჩხავს მის ზედაპირს და გაფანტავს მის მცხოვრებთ.
რა ერი და რა მღვდელი მაშინ, რა ყმა და რა მისი ბატონი, რა მოახლე და რა მისი ქალბატონი, რა მყიდველი და რა გამყიდველი, რა მოვალე და რა მევალე, რა მსესხებელი და რა მევასხე!
მთელი ქვეყანა გაპარტახდება და პირწმინდად გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა.
დამწუხრდა, დაღონდა ქვეყანა; დაჭკნა, დაღონდა სოფელი, დაჭკნენ ქვეყნიერთა დიდებულნი.
წაიბილწა მიწა მის მკვიდრთა ქვეშ, რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღვიეს კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა.
ამიტომ წყევლა ჭამს მიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ გადაიბუგნენ მიწიერნი და მცირენიღა გადარჩნენ.
გამწარდა მაჭარი, დაჭკნა ვაზი, კვნესის ყველა გულმხიარული.
გაცუდდა დაფდაფთა მხიარულება, შეწყდა მოზეიმეთა ყიჟინა, გაცუდდა ქნარის მხიარულება.
აღარ მღერიან ღვინის სმისას, გაუმწარდა თაფლუჭი მის მსმელს.
დაინგრა ნარბევი ქალაქი, გამოიკეტა ყველა სახლი, ვერავინ შედის.
ღვინოს მისტირიან ქუჩებში, ჩამწარდა ყოველი სიხარული, განიდევნა მხიარულება ქვეყნიდან.
უდაბურება დასადგურდა ქალაქში და ჩამოიქცა კარიბჭე.
რადგან ასე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხთა შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის დროს, როგორც მცვრევის დროს, როცა დამთავრებულია რთველი.
ხმას იმაღლებენ და ყიჟინებენ, ზღვიდან დასძახიან უფლის დიდებას.
ამიტომ ადიდეთ უფალი აღმოსავლეთში და უფლის, ისრაელის ღვთის სახელი - ზღვისპირეთში.
ქვეყნის კიდიდან გვესმის გალობა: დიდება მართალს! მაგრამ მე ვთქვი: ვაგლახ მე! ვაგლახ მე! ვაი მე! მზაკვარნი მზაკვრობენ, მზაკვარნი ზაკვით იმოსებიან.
შიში, ხარო და ხაფანგია შენს წინ, ქვეყნის მკვიდრო!
შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება; რადგან გაიღება ცათა სარკმელები და მიწის საფუძვლები შეზანზარდება.
ფეთქებით აფეთქდა დედამიწა, ნაფოტებად დანაფოტდა დედამიწა, დამხობით დაემხო დედამიწა.
მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა; ცოდვამ დაამძიმა, დაეცა და ვეღარ დგება.
მოვა ის დღე და დასჯის უფალი ცათა მხედრობას მაღლა ცაში და მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე.
შეიყრებიან ერთად ტუსაღებივით დილეგში, კლიტულებში გამოიმწყვდევიან და დიდი ხნის შემდეგ დაისჯებიან.
მაშინ გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე, რადგან გამეფდება ცაბაოთ უფალი სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე გამოაჩენს დიდებას.
აჰა, უფალი განჰხრწნის მკჳდროანსა და მოაოჴროს იგი და გამოაცხადოს პირი მისი და განთესავს დამკჳდრებულთა მის შორის.
და იყოს ერი, ვითარცა მღდელი, და ყრმა, ვითარცა უფალი, და მჴევალი, ვითარცა უფალა. და იყოს მსყიდელი, ვითარცა გამსყიდელი, და მოვასხე, ვითარცა მავასხებელი, და თანამდები, ვითარცა რომლისა თანა-ედვას.
ხრწნილებით განიხრწნას ქუეყანა და ტყუეობით წარიტყუენოს ქუეყანა, რამეთუ პირმან უფლისამან თქუნა ესენი.
იგლოვა ქვეყანამან და განიხრწნა მკჳდროანი, იგლოვეს მაღალთა ქუეყანისათა.
და ქუეყანამან იუშჯულოა დამკჳდრებულთა ზედა მისთა მით, რამეთუ თანაწარჰჴდეს შჯულსა და შეცვალნეს ბრძანებანი, განიქარვეს აღთქუმა საუკუნო.
ამისთჳს წყევამან შეჭამოს ქუეყანა, რამეთუ ცოდეს დამკჳდრებულთა მისთა. ამისთჳს გლახაკნი იყვნენ მკჳდრნი შორის ქუეყანისა და დაშთენ კაცნი მცირენი.
იგლოოს ღჳნომან, იგლოვოს ვენაჴმან, სულთ-ითქუნენ ყოველთა მოხარულთა სულითა.
დაცხრომილ არს სიხარული ბობღანთა, დაცხრომილ არს თავჴედობა და სიმდიდრე უთნოთა, დაცხრომილ არს ჴმა ქნარისა.
სირცხჳლეულ იქმნეს, არ სუმიდეს ღჳნოსა, მწარე იქმნა მსუმელთათჳს თაფლუჭი.
მოოჴრდა ყოველი ქალაქი, დაიკლიტნენ სახლებნი არშესლვად.
ვალალაებდით ღჳნისათჳს ყოვლით კერძო, დაცხრომილ არს ყოველი სიხარული ქუეყანისა, წარვიდა ყოველი შუება.
და დაშთომილ იქმნენ ქალაქნი ოჴერნი და სახლნი დატევებულნი წარწყმდენ.
ესე ყოველნი იყვნენ ქუეყანისა შორის საშუალ წარმართთასა, ვითარსახედ უკეთუ ვინ მოიკუფხლნენ იგინი და უკეთუ დასცხრეს მსთულებელი.
ესენიცა ჴმითა ყიოდიან, რამეთუ დაშთომილნი ქუეყანასა ზედა იშუებდენ ერთბამად დიდებითა უფლისათა, რამეთუ აღიმღრუეს წყალი ზღჳსა მის შორის.
ამისთჳს დიდება უფლისა ჭალაკთა შორის იყოს ზღჳსათა, მათ შორის სახელი უფლისაჲ დიდებულ იყოს. უფალო, ღმერთო ისრაილისაო!
ფრთეთაგან ქუეყანისათა ნიშნი გუესმნეს სასოებად კეთილმთნობისა. და თქვა: საიდუმლო ჩემი მე და ჩემთა. და იტყჳან: ვაჲ შეურაცხმყოფელთა, რომელნი შეურაცხ-ჰყოფენ შჯულსა.
შიში და მთხრებლი და მახე იყოს თქუენ ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანასა ზედა.
და იყოს, რომელი ევლტოდის შიშსა, შთავარდეს მთხრებლსა, ხოლო თანაწარსრული მთხრებლისაგან შეპყრობილ იქმნეს მახისა მიერ, რამეთუ სარკუმელნი ცისანი განეხუნენ და შეიძრნენ საფარველნი ქუეყანისანი.
შფოთებით შეშფოთდეს ქუეყანა და წარწირვით წარიწიროს ქუეყანა (მიდრკა).
და შერყევით შეირყიოს ქუეყანა, ვითარცა მთრვალი და მებრუე. და შეიძრას, ვითარცა ხილისსაცავი, ქუეყანა. და დაეცეს და ვერ ეძლოს აღდგომად, რამეთუ განძლიერდა მის ზედა უსჯულოება.
და იყოს მას დღესა შინა, მოაწიოს უფალმან სამკაულსა ზედა ცისასა ჴელი მისი და მეფეთა ზედა ქუეყანისათა.
და შეკრიბნენ და შეაწყუდინენ სიმაგრესა შინა შესაკრებელი მისი და საპყრობილესა შინა, მრავალთა ნათესავთა ძლით მოსახილავი იყოს მისი.
და დადნეს ალიზი და დაეცეს ზღუდე. და სირცხჳლეულ იქმნეს მთოვარე და კდემულ იქმნეს მზე, რამეთუ განმეფნეს უფალი სიონს შინა და იერუსალიმს შინა და წინაშე მოხუცებულთასა იდიდოს.