ესაია წინასწარმეტყველი, თავი 5
ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს.
დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა. მაგრამ ხენეში ნაყოფი გამოიღო.
ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი.
კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი? რატომ გამოიღო ხენეში ნაყოფი, როცა სავსე მტევნებს ველოდი?
ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს.
გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე.
რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!
ვაი თქვენ, სახლების სახლებზე მიმდგმელნო და ყანების ყანებზე მიმჯრელნო, რომ ადგილი აღარსად დარჩა და თქვენს გარდა აღარავინ ცხოვრობს დედამიწაზე.
ყურში ჩამესმა ცაბაოთ უფლისგან: მრავალი სახლი გაუდაბურდება, დიდნი და კეთილნაგებნი გაუკაცრიელდებიან.
ნამდვილად, ათ ქცევა ვენახში ერთი ბათიც არ მოვა და ერთი ხომერი თესლიდან ერთი ეფაც არ მოვა!
ვაი მათ, დილაადრიანვე დასალევს რომ ეძებენ და გვიანობამდე ღვინით ხურდებიან!
ებანი, ქნარი, დოლი, სტვირი და ღვინო მათი ლხინია; არ უყურებენ ღვთის საქმეს და მისი ხელის ნამოქმედარს ვერ ხედავენ.
ამიტომ დატყვევდება ჩემი ერი უგუნურებისთვის; მისი დიდებულები შიმშილით გაწყდებიან და მის მდაბიორებს წყურვილი გაახმობს.
ამიტომაც გაფართოვდა შავეთი და ხახა უსაზომოდ დააფჩინა. ჩახდება იქ მისი დიდება და უხვება, მისი შვება და ლხენა;
მოდრკება ადამის ძე და კაცი დამცირდება, ამპარტავანთა თვალი დაიხრება.
მაგრამ აღზევდება ცაბაოთ უფალი სამსჯავროზე და წმიდა ღმერთი იწმიდებს სამართალში.
გაიკვებებიან ცხვრები თავიანთ ფარეხში და ნასუქალთა ნარჩენებს უცხონი შეჭამენ.
ვაი მათ, გარყვნილების თოკებით რომ იზიდავენ დანაშაულს და თითქოს ეტლის აღვირებით - ცოდვას.
რომ ამბობენ: ისწრაფოს, დააჩქაროს თავისი საქმე, რომ ვიხილოთ; მოახლოვდეს, მოვიდეს განგება ისრაელის წმიდისა, რომ მივხვდეთ.
ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ!
ვაი ბრძენებს თავიანთ თვალში და გონიერთ თავიანთი ჭკუით!
ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში!
ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისთვის და ალალმართლის გამამტყუნებელს!
როგორც ცეცხლის ენა ჭამს ჩალას და ალი ბუგავს თივას, ასე ჩალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, რადგან შეიძულეს ცაბაოთ უფლის რჯული და ისრაელის წმიდის შეგონება არად ჩააგდეს.
ამიტომ აინთო უფლის რისხვა თავისი ხალხის მიმართ, ხელი მოუღერა მათ და დაჰკრა, შეიძრნენ მთები და მათი გვამები ნაგავივით ეყარა ქუჩებში; მაინც არ დაცხრა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
შორიდან აღუმართავს დროშას ხალხებს, სტვენით მოუხმობს ქვეყნის კიდიდან და ისიც ქარის უსწრაფესად გაჩნდება.
არავინ იქნება დამაშვრალი მათ შორის, არც შებარბაცებული; არ ჩათვლემს, არ დაიძინებს, სარტყელი არ შეეხსნება წელზე და ფეხსამოსის თასმები არ დაუწყდება.
წამახული აქვს ისრები და ყველა მშვილდი მოზიდული აქვს; კაჟივითაა მისი ცხენის ფლოქვები და მისი ეტლის ბორბლები ქარიშხალია.
მისი ღრიალი ლომის ღრიალია, ლომის ბოკვერებივით ბდღვინავს; დაიღრიალებს და მსხვერპლს დაეცემა, გაიტაცებს და ვერავინ იხსნის.
დაუღრიალებს იმ დღეს, როგორც ზღვა ღრიალებს; დახედავს მიწას კაცი და, აჰა, წყვდიადი და წუხილი! ნათელი დაბნელდება მისი ჯანღებისგან.
უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა.
ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა, და წინ სასაწნეხელე მოვთხარე მას შინა, და ველოდე ყოფად ყურძნისა, ხოლო ყუნა ეკალნი.
და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!
რაჲ უყო მერმე ვენაჴსა ჩემსა, და არა უყავ მას? მით, რამეთუ ვჰგებდი, რაჲთა ყოს ყურძენი, ხოლო ყვნა ეკალნი?
აწ უკვე მიგითხრა თქვენ, თუ რაჲ უყო მე ვენაჴსა ჩემსა: მოვძარცო ღობე მისი და იყოს დასატაცებელ, და დავარღჳო ზღუდე მისი და იყოს დასათრგუნველ,
და დაუტევო ვენაჴი ჩემი: და არა მოისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდენ, ვითარცა კორდსა შინა ეკალნი და ღრუბელთა ვამცნებ არა წჳმად მის ზედა წვიმაჲ.
რამეთუ ვენაჴი უფლისა საბაოთისი სახლი ისრაილისა არს და კაცი იუდაჲსაი - ახალნერგი შეყვარებული. ველოდე, რაჲთამცა ყო მშჯავრი, ხოლო ყო უშჯულოება; და არა სიმართლე, არამედ ღაღადება.
ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ, ნუ მარტონი დაემკჳდრნეთა ქვეყანასა ზედა?
რამეთუ ისმინეს ყურთა უფლისა საბაოთისთა ესენი: რამეთუ, უკეთუ იქმნენ სახლნი მრავალნი, საოჴრად იყვნენ დიდნი და კარგნი, და არა იყვნენ შორის მკვიდრნი,
რამეთუ სადა იქმოდის ათი უღელი ჴართაჲ, ქმნას ლაგვინი ერთი, და მთესველმან სათუელისა ექუსისამან ქმნას საწყაული სამი.
ვაჲ, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ, დაადგრებიან მწუხრამდე, რამეთუ ღვინომან შეწუნეს იგინი.
რამეთუ ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ და საქმეთა ჴელთა მისთასა არ განიცდიან.
ვინაჲცა ტყუე იქმნა ერი ჩემი არცნობისათვის მათგან უფლისა, და სიმრავლე მკუდართა შეიქმნა სიყმილისა მიერ და წყურილისა წყლისა.
განავრცო ჯოჯოხეთმან გუამი თვისი და აღაღო პირი მისი არა მოკლებად და შთავიდედ დიდებულნი და დიდნი და მდიდარნი და ბილწებანი მისნი და მოხარულნი მას შინა.
და დამდაბლდეს კაცი, და შეურაცხ იქმნეს მამაკაცი და თვალნი განმცხრომელნი დამდაბლდენ.
და ამაღლდეს უფალი საბაოთ საშჯელსა შინა და ღმვრთი წმიდა იდიდოს სიმართლესა შინა.
და ძოვდენ განთესულნი, ვითარცა კურონი, და უდაბნოთა და ქადებულთასა კრავნი ჭამდენ.
ვაჲ, რომელნი მოიზიდვენ ცოდვათა მათთა, ვითარცა საბლითა გრძელითა, და, ვითარცა უღლითა ევნითა დიაკეულისათა, უშჯულოებათა,
რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.
ვაჲ, რომელნი იტყჳან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ!
ვაჲ, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ!
ვაჲ, რომელნი გმძლავრობენ თქვენ, რომელნი ღჳნოსა სუმენ. ძლიერნი, რომელნი წდევენ თაფლუჭსა,
რომელნი განამართლებენ უთნოსა ქრთამისათვის და სამართალსა მართლისასა აღიღებენ!
ამისთვის, ვითარსახედ დაიწუების ლელწამი ნაკუერცხლისაგან ცეცხლისა, და თან დაიწვას ალისაგან აღტყინებულისა ძირი მათი, ვითარცა ნაცარი იყოს; და ყუავილი მათი, ვითარცა მტუერი, აღვიდეს, რამეთუ არა ინებეს შჯული უფლისაჲ საბაოთისი, არამედ სიტყვა წმიდისა ისრაჱლისა განაძვინეს.
და გულმწყრალ იქმნა რისხვა უფლისა საბაოთისი ერსა მისსა ზედა. და მიყო ჴელი მისი მათ ზედა და დასცნა იგინი. და განძვინდეს მთანი და იქმნეს მძორნი მათნი, ვითარცა სკორე, შორის გზასა,. და ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.
ესრეთ უკუე აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ შორიელთა და მოზიდნეს იგინი კიდით ქუეყანისათ, და, აჰა, მსწრაფლ სუბუქად მოვლენ.
არა შიისყე, არცა დაშურებიან, არცა ჰრულის, არცა დაიძინებენ, არცა განიჴსნიან სარტყელთა მათთა წელთა შინა მათთა, არცა მოერღუნენ ბაწარნი ჴამლთა მათთანი,
რომელთანი ისარნი მახჳლ არიან და მშჳლდნი მათნი გარდაცმულებ. ფერჴნი ცხენთა მათთანი, ვითარცა მყარი კლდე შეირაცხნეს, ეტლისთვალნი ეტლთა მათთანი - ვითარცა ნიავქარი.
მიიმართებენ ვითარცა ლომნი, და წარმოდგენ, ვითარცა ლეკუნი ლომისანი, და შეიპყრას და ჴმა-ყოს, ვითარცა მჴეცმა და განჴადოს და არა იყოს მჴსნელი მათი.
და ჴმა-ყოს მის მიერ მას დღესა, ვითარცა ჴმაჲ ზღვისა მღელვარისა, და მიიხილონ ცად მიმართ ზე და ქუეყანად დამართ ქუე. და, აჰა, ბნელი ფიცხელი სლვასა შინა მათსა.