ესაია წინასწარმეტყველი, თავი 38
იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო.
კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს:
უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ, მეტყველი:
წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს.
დაგიხსნი შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან და დავიფარავ ამ ქალაქს.
ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აღასრულებს უფალი იმ სიტყვას, რომელიც თქვა:
აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია ახაზის საფეხურებზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით საფეხურებზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა.
წერილი ხიზკიაჰუსი, იუდას მეფისა, როცა სნეული იყო და განიკურნა სნეულებისგან:
ვიფიქრე, შავეთის ბჭეებს მივადექი-მეთქი ჩემი ცხოვრების შუაძალზე, წამერთვა-მეთქი დარჩომილი წლები;
ვიფიქრე, ვერ ვიხილავ-მეთქი უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაზე, ვეღარ ვნახავ-მეთქი ადამიანს წუთისოფლის მცხოვრებთა შორის;
აიყარა-მეთქი ჩემი ყოფა და გამეცალა, როგორც მწყემსის კარავი; დავახვიე-მეთქი ჩემი სიცოცხლის ძაფი და, აჰა, ძირში მომკვეთს-მეთქი. დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი.
დილამდე ველოდი, რომ ლომივით შემიმუსრავდა ძვლებს; დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი.
როგორც წერო, როგორც მერცხალი, ისე ვჭყიოდი. მტრედივით მოვთქვამდი; თვალები მაღლა მქონდა აპყრობილი: უფალო, გამიჭირდა, მიშველე-მეთქი!
რა მეთქმის? მითხრა და აასრულა: სულგამწარებული გავათრევ ჩემს წლებს.
უფალო, ამით ცოცხლობს კაცი და ამ ყველაფერშია ჩემი სულის სიცოცხლე. შენ აღმადგინე და გამაცოცხლე.
აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე და შენ ამოზიდე ჩემი სული არარაობის ორმოდან, რადგან შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ცოდვები.
რადგან შავეთი არ გმადლობს შენ, სიკვდილი არ დაგიწყებს დიდებას, ქვესკნელში ჩამავალთ აღარა აქვთ შენი სიმტკიცის იმედი.
ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალია, რომ გმადლობს შენ, როგორც მე დღეს; მამა აუწყებს შვილებს შენს სიმტკიცეს.
უფალი მყავს სახსრად და ჩვენც ავახმიანებთ ჩემს საკრავებს მთელი სიცოცხლე უფლის სახლში.
თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი, წყლულზე დაადეთ და მორჩება.
თქვა ხიზკიაჰუმ: რა იქნება იმის ნიშნად, რომ შევძლებ უფლის სახლში ასვლას?
და იყო მას ჟამსა შინა, მოუსუსურდა ეზეკია ვიდრე სიკუდიდმდე და მოვიდა მისსა ესაია, ძე ამოსისი, წინაწარმეტყუელი და თქუა მისდამი: ამათ იტყჳს უფალი: განაწესე სახლისათჳს შენისა, მოჰკუდები რამეთუ შენ, და არა სცხოვნდე.
და მიიქცია ეზეკიამან პირი თჳსი კედლად მიმართ და ილოცა უფლისა მიმართ,
მეტყუელმან: ჵ უფალო, მოიჴსენე, უფალო, ვითარ ვიდოდე წინაშე შენსა ჭეშმარიტებისა თანა გულისა მიერ ჭეშმარიტისა და სათნონი წინაშე შენსა ვყვენ. და ტიროდა ეზეკია ტირილსა დიდსა.
და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ესაიას მიმართ, მეტყუელი:
ვიდოდე და არქუ ეზეკიასა: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი დავითის, მამისა შენისა: მესმა ლოცვისა შენისა და ვიხილნე ცრემლნი შენნი. აჰა, შევსძინე ჟამსა ზედა შენსა წელიწადი ათხუთმეტი.
და ჴელისაგან მეფისა ასსურასტანელთასა გიჴსნა მე შენ, და მწედ ქალაქისა ამის შეწევნა-ვყო.
ხოლო ესე შენდა სასწაულ უფლისა მიერ, ვითარმედ ყოს უფალმან სიტყვა ესე.
აჰა, მოვაქცევ აჩრდილთა აღსავალთასა, რომელთა შთავიდა მზე ათთა ხარისხთა სახლისა მამისა შენისათა უკუნქცევად მზე ათთა ხარისხთა. და აღმოვიდა მზე ათთა აღსავალთა, რომელთა შთავიდა აჩრდილი.
ლოცვაჲ ეზეკია მეფისა, რაჟამს დასნეულდა და აღდგა:
მე ვთქუ სიმაღლესა შინა დღეთა ჩემთასა: წარვიდე ბჭეთა მიმართ ჯოჯოხეთისათა, დაუტევნე წელიწადნი ნეშტნი.
ვთქუ: არღა მერმე არ ვიხილო მაცხოვარება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა ცხოველთასა, არღა მერმე არ ვიხილო კაცი მერმე დამკჳდრებულთა თანა.
მოვაკლდი ნათესაობისაგან ჩემისა, დაუტევე ნვშტი ცხორებისა ჩემისა, განვიდა და წარვიდა ჩემგან, ვითარცა დამშლელი კარავსა აღმართებულსა, სული ჩემი იქმნა ჩემ თანა, ვითარცა ქსელი მიზდურისა მიახლებულისა გამოკუეთად.
მას დღესა შინა მივეცი ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ლომსა, ეგრეთ შემუსრნა ყოველნი ძუალნი ჩემნი,
რამეთუ დღისაგან ვიდრე ღამისამდე მივეცი, ვითარცა მერცხალმან, ეგრეთ ჴმა-ვყავ, და ვითარცა ტრედმან, ეგრეთ ვიწუართე, რამეთუ მოაკლდეს თუალნი ჩემნი მიხედვასა ჩემსა ცად უფლისა მიმართ, რომელმან განმარინა მე და მომისპო ჩემი სალმობა სულისა.
რასა ვიტყოდე, ანუ რასა მეტყოდეს, ოდესცა იქმოდეს, რამეთუ მან განაგო ყოველნი წელიწადნი ჩემნი სიმწარით სულნი ჩემნი.
უფალო, რამეთუ მისთჳს მიგეთხრა შენ და აღადგინე ცხორება ჩემი და ნუგეშინისცემული ვცხონდი.
აჰა, მშჳდობა ჩემი მიიქცა სიმცირედ, ულხინე სულსა ჩემსა, რაჲთა არა წარწყმდეს, და განჰყარენ უკუანაგან ჩემსა ყოველნი ცოდვანი ჩემნი,
რამეთუ არა ჯოჯოხეთისშინანი გაქებდენ შენ, არცა მომკუდარნი გაკურთხევდენ შენ, არცა ესვიდენ ჯოჯოხეთისშინანი მოწყალებასა შენსა.
ცოცხალნი გაკურთხევდენ შენ ვითარსახედ და მე, რამეთუ დღესითგან ყრმანი ვქმნნე, რომელნი მიუთხრობდენ სიმართლესა შენსა.
უფალო მაცხოვარებისა ჩემისაო; და არა დავსცხრე მაკურთხეველი შენი საფსალმონისა თანა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა წინაშე სახლისა ღმრთისა.
და თქუა ესაია ეზეკიას მიმართ: მოიღე კუერი ლეღუთაგან, და დაგალე და იცხე და მრთელ იყო. და თქუა ეზეკიამან: ესე სასწაული, რამეთუ აღვიდე მე სახიდ უფლისა ღმრთისა?