ესაია წინასწარმეტყველი, თავი 20
იმ წელს მოადგა აშდოდს აშურის მეფის, სარგონის გამოგზავნილი დართანი, ბრძოლა გაუმართა აშდოდს და აიღო იგი.
მაშინ გამოუცხადა უფალმა სიტყვა ესაიას, ამოცის ძეს, და უთხრა: წადი, შეიხსენი ჯვალო წელიდან და ხამლები გაიძვრე ფეხზე. ასეც მოიქცა: ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული.
თქვა უფალმა: როგორც ჩემი მორჩილი ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ასე იქნება ნიშად და სასწაულად ეგვიპტისთვის და ქუშისთვის.
ასე წაასხამს აშურის მეფე ეგვიპტის ტყვეებს და ქუშის ლტოლვილებს - ჭაბუკებს და მოხუცებულთ, ტანშიშველთ და ფეხშიშველთ, უკანალგატიტვლებულთ ეგვიპტის შესარცხვენად.
შეეშინდებათ და შერცხვებათ ქუშის გამო, მათი იმედისა, და ეგვიპტის გამო, მათი მშვენებისა.
იტყვის ამ ზღვისპირეთის მცხოვრები იმ დღეს: აჰა, რის იმედზე ვყოფილვართ, შეწევნას რომ ვითხოვდით იქ აშურის მეფისგან თავის დასახსნელად! როგორ გადავრჩებით?
წელსა, რომელსა შევიდა ტანათან აზოტედ, მო-რა-ივლინა არნაჲს მიერ, მეფისა ასსურასტანელთასა და ებრძოლა აზოტესა და გამოიღო იგი.
მაშინ თქუა უფალმან ესაიას მიმართ, ძისა ამოსისა, მეტყუელმან: ვიდოდე და მოიძარცვე ძაძაჲ წელთაგან შენთა, და სანდალნი შენნი მოიხსნენ ფერჴთაგან შენთა. და ქმნა ეგრეთ ესაია, მავალმან შიშველმან და უჴამლიერომან.
და თქვა უფალმან: ვითარსახედ ვალს მონა ჩემი, ესაია, შიშუელი და უჴამლიერო, სამ წელ იყოს სასწაულებად და ნიშებად მეგჳპტელთა და ეთიოპიელთა.
ვითარმედ ესრეთ გულისხმა-ყონ და მიიყვანნეს მეფემან ასსურასტანელთამან ტყუედ მეგჳპტელნი და ვთიოპიელნი, ჭაბუკნი და მოხუცებულნი, შიშველნი და უჴამლიერონი და გამომაცხადებელნი სირცხჳლსა ეგჳპტისასა.
და სირცხჳლეულ იქმნენ ძლეულნი მეგჳპტელნი ეთიოპელთა ზედა, რომელთა მიმართ იყვნეს მოსავ მეგჳპტელნი, რომელნი იყვნეს დიდება მათდა.
და თქვან დამკჳდრებულთა ჭალაკსა ამას შინა მას დღესა შინა: აჰა, ჩუენ ვიყვენით მოსავ მათდა მიმართ შესაწევნელად. და იგინი ვერ შემძლებელ არიან განრომად მეფისაგან ასსურასტანელთასა, და ვითარ ჩუენ განვერნეთ?