ლოცვანი
აპლიკაცია

ესაია წინასწარმეტყველი, თავი 34

1

ახლოს მოდით, ერებო, რომ გაიგონოთ! ყურადღებით იყავით, ხალხებო! გაიგონოს მიწამ და მისმა სავსებამ, ქვეყანამ და ყოველმა მისმა აღმონაცენმა!

2

რადგან უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლება მთელს მათ მხედრობაზე; შერისხა ისინი, დასახოცად გასწირა.

3

მათი დახოცილები გადაიყრებიან, მათი გვამები სიმყრალეს აუშვებენ და მთები დალბებიან მათი სისხლისგან.

4

დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს.

5

რადგან დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის ედომზე და ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად.

6

უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გაპოხილია ქონით, კრავთა და თიკანთა სისხლით, კერძების თირკმელთა ქონით; რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე.

7

კამეჩები დაეცემიან მასთან ერთად და ხბორები ხარებთან ერთად, დაითრობა სისხლით მიწა და ქონით გაიპოხება მისი მტვერი.

8

რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის.

9

მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება.

10

არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე; უკუნისამდე იდინებს კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და არავინ იქნება იქ გამვლელი სამარადისოდ.

11

ჭოტი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუკიოტი და ყორანი დაიბუდებენ მასში; გასჭიმავს მასზე უსახურობის ლარს და უდაბურობის შვეულს.

12

მისი აზნაურნი სამეფოს ვერ გამოაცხადებენ იქ; მისი მთავარნი გადაშენდებიან.

13

მის დარბაზებში ეკალი ამოვა, ქაცვი და ძეძვი - მის ციხე-სიმაგრეებში, ტურების სადგომად იქცევა და სირაქლემათა საცხოვრებლად.

14

ყოველი ჯურის მხეცი შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს დაუწყებს ხმობას; აქ დაიბუდებს ალი და იპოვის სადგურს.

15

აქ მოიკალათებს გველი, დაყრის კვერცხეხს, გამოჩეკავს და თავის ჩრდილში მოუყრის თავს; აქ მოიყრიან თავს ძერები სათითაოდ.

16

მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, სათითაოდ საძებარნი არ იქნებიან, რადგან თავად მისმა ბაგემ ბრძანა და მისმა სულმა თავი მოუყარა.

17

მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა დაუდგინა საზღვარი; საუკუნოდ დაიმკკიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე იქ იცხოვრებენ.

1

შემოკრიბენით ნათესავნი და ისმინეთ, მთავარნო! ისმინეთ ქუეყანამან და დამკჳდრებულთა მას შინა, მკჳდროანმან და ერმან მისშორისმან.

2

მით, რამეთუ გულისწყრომაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა წარმართთა და რისხვა რიცხუსა ზედა მათსა წარწყმედად მათდა და მიცემად მათდა მოსასრველად,

3

ხოლო წყლულნი მათნი დაცჳვენ და მკუდარნი. და აღვიდეს საყნოსი მათი, და დასოვლდენ მთანი სისხლისაგან მათისა.

4

და დადნენ ყოველნი ძალნი ცისანი, და წარიგრაგნოს ცაჲ, ვითარცა წიგნი. და ყოველნი ვარსკულავნი დამოცჳვენ, ვითარცა ფურცელნი ვენაჴისაგან და ვითარცა დაცჳვიან ფურცელნი ლეღჳსაგან.

5

დაითრო ჴრმალი ჩემი შორის ცისა, აჰა, იდუმეასა ზედა გარდამოვიდეს და ერსა ზედა წარწყმედისასა მშჯავრისა თანა.

6

მახჳლი უფლისაჲ აღივსო სისხლითა, განზრქა ცმელისაგან კრავთასა და ცმელისაგან ვაცთა და ვერძთასა, რამეთუ მსხუერპლი უფლისაჲ ბოსორს და დაკლვა დიდი იდუმეას შინა.

7

და დაეცნენ მდიდარნი და ვერძნი და კურონი, და დაითროს ქუეყანა სისხლისა მიერ და განძღეს მიწა ცმელითა მათითა.

8

რამეთუ დღე სასჯელისა არს უფლისა და წელიწადი კუალად-გებისა საშჯელისა სიონისა წარმოდგა.

9

და გარდაიქცენ ჴევნებნი მისნი ფისად და ქუეყანა მისი წუნწუბას. და იყოს ქუეყანა მისი, ვითარცა ფისი მგზებარე

10

ღამე და დღე, და არ დაშრტეს საუკუნესა ჟამსა. და აღვიდეს კუამლი მისი ზემო ნათესავთამი და ჟამსა შინა მრავალსა მოოჴრდეს.

11

დაემკჳდრნენ მას შინა მფრინველნი, და გრძღაბნი, და ძერანი და ყორანნი, და დადებულ იქმნეს მის ზედა საბელი ქუეყანისსაზომელი ოჴრებისა, და ვირკენტავროსნი დაემკჳდრნენ მის შორის.

12

მთავარნი მისნი არა იყვნენ, რამეთუ მეფენი მათნი და მთავარნი და დიდებულნი მისნი იყვნენ წარსაწყმედელად.

13

და აღმოსცენდენ ქალაქთა შინა მათთა საეკლენი ხენი და სიმაგრეთა შორის მისთა. და იყოს საყოფელ სირინოსთა, და ეზოებ სირაქლემთა,

14

და შეემთხჳნენ ეშმაკნი ვირკენტავროსთა, და ჴმობდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ. მუნ განისუენებდენ ვირკენტავროსნი, რამეთუ პოვეს თავთა თჳსთა განსუენებაჲ.

15

მუნ დაიბუდა გრძღაბმან, და დაჰმარხნა ქუეყანამან ყრმანი მისნი კრძალულებით. მუნ შეიმთხჳნეს ირემნი და იხილნეს პირნი ურთიერთასნი,

16

რიცხუეულად წარვლეს და ერთი მათგანი არ წარწყმდა. მოყუასმან მოყუასი არა გამოიძიეს, რამეთუ უფალმან ამცნო მათ და სულმან მისმან შეკრიბნა იგინი.

17

და მან დააგდოს მათ ზედა წილი, და ჴელმან მისმან განნაწილნა ძოვნად საუკუნედმდე ჟამად, დაიმკჳდრნედ ნათესავთამდე ნათესავთასა, განისუენებდენ მის ზედა.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566