ესაია წინასწარმეტყველი, თავი 41
იდუმეთ ჩემს წინაშე, ზღვისპირელნო! ხალხებმა განიახლონ ძალი, რომ ახლოს მოდგნენ და მაშინ ილაპარაკონ! ერთად მოვახლოვდეთ მსჯავრისათვის.
ვინ აღძრა აღმოსავლეთით იგი, ვისაც გამარჯვება ხვდება ყოველ ნაბიჯზე? მის წინაშე მიიყვანა ხალხები და მეფეები დაუმორჩილა. მან გაუცამტვერა მახვილი, ჩალასავით დაულეწა მშვილდი.
დაედევნება მათ, მშვიდობით ჩაივლის გზაზე, სადაც ფეხი არავის დაუდგამს.
ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხობმა დასაბამით. მე ვარ უფალი - პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი.
დაინახეს ზღვისპირელებმა და შეეშინდათ, ქვეყნის კიდეები შეძრწუნდნენ, მოახლოვდნენ და მოვიდნენ.
ერთმანეთს ეშველებიან, ერთი მეორეს ეუბნებიან: გამაგრდი!
მოქანდაკე ამხნევებს ჩამომსხმელს, უროთი მბეგველი - გვერდზე მცემელს; ეტყვის ნაწიბურზე, კარგიაო, და ამაგრებს ლურსმნებით, რომ არ ირყეოდეს.
შენ კი, ისრაელ, ჩემო მორჩილო, იაკობ, რომელიც ამოგარჩიე, ჩემი საყვარელი აბრაამის თესლო,
რომელიც წამოგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი შორი კუთხეებიდან გამოგიხმე, გითხარი: ჩემი მორჩილი ხარ შენ, ამოგარჩიე და არ უკუგაგდებ-მეთქი.
ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და დაიღუპებიან-მეთქი შენი მოდავენი.
ძებნას დაუწყებ მათ და ვერ იპოვნი, შენს მოშუღარ ხალხს; არარად იქცევიან შენს წინააღმდეგ ომის ამტეხნი.
რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი.
ნუ გეშინია მატლო იაკობ, ერთი შეწვა ისრაელო! მე შეგეწევი, ამბობს უფალი და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა.
აჰა, გაქცევ გალესილ, ახალთახალ, დაკბილულ კევრად; გალეწავ მთებს და დააქუცმაცებ, ბზესავით გახდი მთაგრეხილებს.
გაანიავებ და ქარი წაიღებს მათ, ქარიშხალი გაფანტავს; შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში განდიდდები.
ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ.
გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში; უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას - წყაროსთვალად.
დავრგავ უდაბნოში ნაძვს, ურთხელს, მურტსა და ზეთისხილს; აღვმართავ ტრამალზე ალვას ნეკერჩახლთან და ბზასთან ერთად.
რათა დაინახონ და გაიგონ, მიხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ უფლის ხელმა მოიმოქმედა და ისრაელის წმიდამ შექმნა ეს.
წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი, ამბობს უფალი. მოიტანეთ თქვენი საჩივრები, ამბობს იაკობის მეუფე.
მოდგნენ და გაგვიცხადონ მოწევნადი. გამოგვიცხადეთ დასაბამი, რომ განვჭვრიტოთ და მივხვდეთ მის დასასრულს, ანდა მომავალი გვამცნეთ.
გამოგვიცხადეთ მოსახდენი და მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ. ქმენით კეთილი, გინდა ბოროტი, რომ ვუყურებდეთ და ვხედავდეთ თქვენთან ერთად.
აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; სისაძაგლეს ირჩევენ თქვენით.
ჩრდილოეთიდან აღვძარი და მოვიდა; მზის აღმოსავლიდან უხმობს ჩემს სახელს და მოდის; მთავრები თითქოს თიხაა და მეთუნესავით დაჯეგავს აყალოს.
ვინ გამოაცხადა დასაბამით, რომ გვცოდნოდა? ადრიდანვე, რომ გვეთქვა: ის მართალია? მაგრამ არავის გამოუცხადებია, არავის უცნობებია, არავის გაუგია თქვენი ნათქვამი.
მე პირველმა სიონს: აჰა, აჰა, ისინი-მეთქი! და იერუსალიმს: მახარობელს მოგცემ-მეთქი!
გავიხედე და არავინ იყო, არ იყო მრჩეველი მათ შორის, რომ შევკითხოდი და პასუხი გაეცათ.
აჰა, არარანი არიან ყველანი, ფუჭია მათი საქმეები, მათი კერპები ქარია და სიცარიელე.
განახლდებოდეთ ჩემდა ჭალაკნი, რამეთუ მთავართა იცვალონ ძალი. მიეახლნედ და იტყოდენ, ერთბამად მაშინ მშჯავრსა მიუთხრობედ.
ვინ აღადგინა აღმოსავალთაგან სიმართლე? უწოდა მას? ფერჴისფერჴ მისსა ვიდოდის, მისცეს წინაშე მრავალთა ნათესავთასა და მეფენი განაცჳბრნეს და მისცნეს ქუეყანად მახჳლნი მათნი და, ვითარცა ქარქუეტნი, განყრილნი მშჳლდნი მათნი.
და დევნა-უყოს მათ და განვლოს მშჳდობით გზა ფერჴთა მისთა.
ვინ იმოქმედნა და ყვნა ესენი? უწოდა მას მწოდებელმან მისმან დასაბამითგან ნათესავთათ, მე ღმერთი პირველი და მომავალთა შინა მევე ვარ.
იხილეს წარმართთა და შეეშინა კიდეთა ქუეყანისათა, მოეახლნეს და მოვიდეს ერთბამად.
თითოეულნი მშჯელი მოყუასსა და ძმასა თჳსსა შეწევნად, და თქუეს:
განძლიერდა კაცი ხუროჲ და მჭედელი, მცემელი კუერისა, ერთბამად ჭედდეს, ოდესმე უკუე თქჳს: შებრძვინვა კეთილ არს, განაძლიერნეს იგინი სამსჭუალთა მიერ. დაჰსხმენ მათ და არა შეიძრნენ,
ხოლო შენ, ისრაილ, ყრმა ჩემი ხარ. იაკობ, რომელი გამოვირჩიე, თესლი აბრაჰამისი, რომელი შევიყვარე,
რომელსა შევეწიე, კიდეთაგან ქუეყანისათა და სამსტუროთაგან მისთა გიწოდე შენ და გარქუ: შენ ყრმა ჩემი ხარ, გამოგირჩიე შენ, და არ დაგიტეო შენ.
ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ. ნუ შესცთები, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან განგაძლიერე შენ, და შეგეწიე შენ, და მოგიკრძალე შენ მარჯუენითა მართლითა ჩემითა.
აჰა, ჰრცხუენეს და ჰკდემეს ყოველთა წინააღმდგომთა შენთა, რამეთუ იყვნენ, ვითარცა არმყოფნი, და წარწყმდენ ყოველნი წინმოსაჯულნი შენნი.
იძინე იგინი და ვერ ჰპოვნე კაცნი უცნობელქმნილნი შენდამი, რამეთუ იყვნენ, ვითარცა არმყოფნი, და არა იყვნენ წინააღმდგომ მბრძოლნი შენნი,
რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, მპყრობელი მარჯუენისა შენისა, რომელმან გარქუ შენ: ნუ გეშინინ, რამეთუ შეგეწიო შენ.
ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, იაკობ, შემცირებულო ისრაილ. მე შეგეწიე შენ, - იტყჳს ღმერთი, მჴსნელი შენი, წმიდაჲ ისრაილ.
აჰა, გყავ შენ, ვითარცა თვალნი ურმისანი, მლეწველნი ახალთანი ხერხისსახედ, და განჰლეწო მთაჲ და დააწულილნე ბორცუნი და, ვითარცა მტუერი, დასხნე.
და განჰფიწლნე, და ქარმან აღიხუნეს იგინი და ნიავმან განაბნიეს იგინი, ხოლო შენ იშუებდე წმიდათა შორის ისრაილისათა.
და იხარებდენ გლახაკნი ნაკლულევანნი, რამეთუ ეძიებდენ წყალსა, და არა იყოს; ენა მათი წყურილისაგან განჴმა. მე, უფალმან ღმერთმან, მე შევისმინო, ღმერთმან ისრაილისამან, და არ დაუტევენ იგინი,
არამედ აღვახუნე მთათა ზედა მდინარენი და საშუალ ველთასა წყარონი, შევქმნა უდაბნო მწყურნებად და ქუეყანა წყურიელი წყლისსადინელთა შორის.
დავდვა ურწყულსა ქუეყანასა ნაძჳ, და ბზაჲ მჳრსინი და კჳპაროსი და ვერხჳ,
რაჲთა იხილონ და ცნან და გულისხმა-ყონ და ზედმიიწინენ ერთბამად, ვითარმედ ჴელმან უფლისამან ქმნნა ესენი, და წმიდამან ისრაჱლისამან აჩუენნა.
მოახლებულ არს საშჯელი თქუენი, - იტყჳს უფალი ღმერთი, მოეახლნეს განზრახვანი თქუენნი, - იტყჳს მეფე იაკობისი.
მოგეახლნედ და მიგითხრნედ თქუენ, რომელნი შეგემთხჳნენ თქუენ, ანუ პირველნი რანი იყვნეს, თქუთ, და ზედმივაწიოთ გონებაჲ და ვცნათ, რანი უკუანასკნელნი და ზედმომავალნი?
მითხრენით ჩვენ, მიუთხრენით ზედმომავალნი უკანასკნელისა ზე და ვცნათ, ვითარმედ ღმერთნი ხართ, ქველის-მყოფლობდით და მეძჳრეობდით, და დაგჳკჳრდეს და ვიხილოთ ერთბამად, ვითარმედ ვინა ხართ თქუენ,
და ვინა საქმიერობანი თქუენნი? ქუეყანისაგან საძაგელნი გამოგირჩინა თქუენ.
ხოლო მე აღვადგინო ბღუარით გამო და მზისაღმოსავალთათ გამო, იწოდნენ სახელითა ჩემითა, მოვიდოდედ მთავარნი და, ვითარცა თიჴა მეკეცისა, და, ვითარცა მეკეცე დამრთგუნველი თიჴისა, ეგრეთ დაითრგუნნეთ,
რამეთუ ვინ მიუთხრობს დასაბამისათა? რაჲთა ვცნნეთ და წინასწარღა ეიტყოდით, ვითარმედ: ჭეშმარიტ არს. არა არს პირველ მეტყუელი, არცა მსმენელი თქუენთა სიტყვათა.
დასაბამი სიონსა მივსცე და იერუსალჱმსა ნუგეშინის-ვსცე გზასა ზედა,
რამეთუ წარმართთაგან, აჰა, არც ერთი, და კერპთაგან მათთა არა იყო მიმთხრობი. და უკუეთუ ვჰკითხო მათ: ვინ ხართ? არა მომიგონ მე,
რამეთუ არიან მოქმედნი თქუენნი და ამაოდ შემაცთუნებელნი თქუენნი.