ესაია წინასწარმეტყველი, თავი 18
ვაი, ქვეყანას, ფრთებმოშრიალეს, ქუშის მდინარეთა გაღმა!
ზღვით რომ აგზავნით მალემსრბოლებს წყალზე მოცურავე ლერწმის - ნავებით! გასწით, მკვირცხლთ მოციქულნო, მოჭიმულ და ალესილ ხალხთან, საშიშარ ერთან დასაბამიდან დღესამომდე, ხალხთა დამთრგუნველთან და გამთელავთან, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ!
ქვეყნიერების მკვიდრნო და მიწის ბინადარნო, თვალი გეჭიროთ, როცა დროშა აღიმართება მთებზე და ყური უგდეთ, როცა ბუკს დაჰკრავენ!
რადგან ასე მითხრა უფალმა: მე მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი სამყოფლიდან ხვატის კაშკაშივით მოწმენდილზე, ნამის ღრუბელივით მკის პაპანებაში;
რადგან რთველის წინ, როცა გადასული იქნება ყვავილობა და ნაყოფი დამწიფებული, დანით აკაფავს ლერწმებს და ყლორტებს მოაშორებს ვაზს.
ყველაფერი მთის ონავარ ფრინველებს და მიწის მხეცებს დარჩებათ; დაიზაფხულებენ იქ ონავარი ფრინველები და მიწის ყოველი მხეცი იქ დაიზამთრებს.
იმ დღეს ძღვენს მიართმევს ცაბაოთ უფალს ცაბაოთ უფლის სახელის ადგილზე, სიონის მთაზე, მოჭიმული და ალესილი ერი, დასაბამიდან დღესამომდე საშიშარი ერი, ხალხი დამთრგუნველი და გამთელავი, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ.
ვაჲ ქუეყანისა უმრავლესთა ნავთა ფრთეთა მიერ კერძო მდინარეთა ეთიოპიისათა,
რომელი მიავლენდა ყოველთა წარმართთა ზღჳსა შორის ომირაჲსსა და ეპისტოლეთა წიგნებთა ზედაკერძო წყლისა, რამეთუ ვიდოდიან ქადაგნი სუბუქნი ნათესავისა მიმართ განსაცხრომელისა და უცხოსა ერისა და უსახურისა, ვინ მისსა მიერ კერძო ნათესავი უსასო და დათრგუნვილი.
აწ დაიტაცეს მდინარეთა ქუეყანისათა ყოველთა, ვითარცა სოფელი დამკჳდრებული. დამკჳდრებულ იქმნეს სოფელი მათი, ვითარცა ნიშანი აღებულ იქმნეს მთისაგან, ვითარცა ჴმაჲ საყჳრისა სასმენელ იყოს
მით, რამეთუ ესრეთ მრქვა მე უფალმან: კრძალულება იყოს ქალაქსა შინა ჩემსა, ვითარცა ნათელი სიცხისა შუადღისა და ვითარცა ღრუბელი ცუარისა დღესა ლეწვისასა.
იყოს წინაწარ მკისა, ოდეს დასრულდეს ყუავილი და კაწახი აღყუავნეს, ყუავილი მკაწახობი და მიუხუნეს მტევნები მცირენი მანგალთა და რტოებნი მიუხუნეს და აღმოჭრნეს.
და დაუტევნეს ერთბამად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეაყანისათა და შეკრბენ მის ზედა მფრინველნი ცისანი და ყოველნი მჴეცნი ქვეყანისანი მას ზედა მოვიდენ.
მას ჟამსა შინა შესწირონ ძღუენი ღმერთსა საბაოთს ერისაგან შეიწრებულისა და განკაფულისა და ერისაგან დიდისა ამიერითგან და საუკუნომდე ჟამად; ერი მოსავი და დათრგუნვილი, რომელ არს ნაწილსა შინა მდინარისა სოფლისა მისისასა ადგილსა, რომელსა სახელი უფლისა საბაოთისი ზედწოდებულ არს - მთა სიონი.