ლოცვანი
აპლიკაცია

ესაია წინასწარმეტყველი, თავი 1

1

ხილვა ესაიასი, ამოცის ძისა, იუდაზე და იერუსალიმზე რომ იხილა, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის და ხიზკიაჰუს დროს.

2

ისმინე, ცაო, ყური მიგდე, მიწავ! რადგან უფალი ლაპარაკობს. შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ.

3

ხარმა იცის თავისი მფლობელი და ვირმა თავისი პატრონის ბაგა, ისრაელმა კი არ იცის; ჩემს ერს არაფრის გაგება არა აქვს.

4

ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ!

5

სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.

6

ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი.

7

მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ.

8

დარჩა სიონის ასული, როგორც ქოხი ნავენახარში, როგორც ხულა ნაბოსტნარში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.

9

ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით!

10

ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!

11

რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!

12

რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა?

13

ნუღა მომიტანთ მაგ ფუჭ შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის საკმეველი, ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება და დღესასწაული?

14

თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით.

15

ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!

16

განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა.

17

სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ.

18

მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება.

19

თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;

20

თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.

21

როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან.

22

ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია.

23

შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ.

24

ამიტომ ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი, ისრაელის ძლიერი: ოჰ, როგორ ამოვიყრი ჩემს მოსისხლეთა ჯავრს, როგორც ვიძიებ შურს ჩემს მტრებზე!

25

მოვაქცევ შენკენ ხელს და, თითქოს ტუტეში გამეფეროს შენი ხენჯიანი ვერცხლი, ყოველგვარ მინარევს მოგაცილებ.

26

მოვაქცევ შენს მსაჯულებს, როგორც წინათ იყვნენ, და შენს მრჩეველებს, როგორც დასაწყისში იყვნენ; ამის შემდეგ სიმართლის ქალაქი დაგერქმეეა, უტყუარი სატახტო.

27

სიონი სამართლით გამოისყიდება და მისკენ მოცეულნი - სიმართლით!

28

დამნაშავენი და ცოდვილნი ერთად გაწყდებიან და უფლის მიმტოვებელნი დაიღუპებიან.

29

რადგან შერცხვენილნი იქნებიან მუხების გამო, რომელთაც შეჰხაროდით, და გაწბილდებიან ბაღების გამო, რომლებიც აირჩიეთ.

30

რადგან ფოთოლდამჭკნარ მუხასავით და ურწყავი ბაღივით შეიქნებით.

31

ძლიერი ძენძად იქცევა და მისი საქმე - ნაპერწკალად; ორივე ერთად აბრიალდება და ჩამქრობი არავინ იქნება.

1

ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, რომელი იხილა ძჳნად იუდეასა და ძჳნად იერუსალიმისა მეფობასა შინა ოზიაჲსასა და იოათამისა და აქაზ, და ეზეკიაჲსასა, რომელნი მეფობდეს იუდეას.

2

ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქვეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა: ძენი ვშვენ და აღვამაღლენ, ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე.

3

იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო.

4

ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა, თესლი ბოროტი, ძენი უსჯულონი! დაუტევეთ უფალი, განარისხეთ წმიდაჲ ისრაილისა, და უცხო ექმნენით და განსდექით.

5

რად მერმეცა იწყლვით დამრთველნი უშჯულოვებისა? ყოველი თავი ტკივილად და ყოველი გული მწუხარებად.

6

ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძჳლი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი.

7

ქვეყანა თქვენი ოჴერ, ქალაქნი თქვენნი ცეცხლით მომწუარ, სოფელსა თქვენსა წინაშე თქვენსა უცხონი მოშჭამენ მას და მოოჴრებულ არს გარდაქცეული ერისა მიერ უცხოთასა.

8

დატევებულ იქმნეს ასული სიონისა, ვითარცა კარავი ვენაჴსა შინა და ვითარცა ხილისსაცავი ნესოანსა შინა, ვითარცა ქალაქი გამოღებული.

9

და არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომიამცა ვიქმნენით და ვითარ გომორრასმცა ვემსგავსენით.

10

ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მთავართა სოდომისათა, ეკრძალეთ შჯულსა ღმრთისასა ერი გომორრაჲსა.

11

რად ჩემდა სიმრავლე მსხუერპლთა თქვენთა? _ იტყჳს უფალი, _ რამეთუ სავსე ვარ მე ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა მნებავს.

12

არცა მოხვიდეთ ჩვენებად ჩემდა. ვინ გამოიძინა ესენი ჴელთაგან თქვენთა, დათრგუნვად ეზოჲსა ჩემისა არა შესძინოთ?

13

უკეთუ მომართვათ სამინდოჲ ამაო, საკმეველი საძაგელ არს ჩემდა. ახალთთუენი თქვენნი და შაბათნი და დღე დიდი არა თავს-ვიდვა.

14

მარხვა და უქმობაჲ და დღესასწაულნი თქვენნი ძულან სულსა ჩემსა. მექმნენით მე სიმაძღრედ. არღა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა.

15

ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან და, უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი, რამეთუ ჴელნი თქვენნი სისხლითა სავსე.

16

განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა.

17

ისწავეთ კეთილსა ქმნაჲ გამოიძიეთ მშჯავრი, იჴსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი.

18

და მოვედით და შევიტყუნეთ, _ იტყჳს უფალი, _ და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო.

19

და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ.

20

ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ:

21

ვითარ იქმნა მეძავ ქალაქი სარწმუნოჲ სიონ, რომელსა შინა სიმართლემან დაიძინა მის შორის, ხოლო აწ კაცისმკლველთა.

22

ვეცხლი თქვენი გამოუცდელ, ხამარნი თქვენნი შერევენ ღვინოსა წყლითა.

23

მთავარნი თქვენნი ურწმუნო, ზიარებ მპარავთა, მოყუარე ძღვენთა, მდევარ მოსაგებელთა ობოლთა არა მშჯელ და მშჯავრსა ქურივთასა არ მიმხედველ.

24

ამისთვის ამათ იტყვის მეფჱ, უფალი საბაოთ ძლიერი ისრაჱლისა: ვაჲ ძლიერთა ისრაჱლისათა, რამეთუ არ დასცხრეს გულისწყრომაჲ ჩემი წინააღმდგომთა შორის, და მშჯავრი მტერთა ჩემთაგან ვყო.

25

და მოვაწიო ჴელი ჩემი შენ ზედა და გამოგაჴურვო შენ სიწმიდედ, ხოლო უსმნი წარვწყმიდნე, და მოვსპნე ყოველნი უშჯულონი შენგან და ყოველნი ამპარტავანნი.

26

დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და თანმზრახვალნი შენნი ვითარცა დასაბამსა და ამის შემდგომად გეწოდოს! ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ - სიონ.

27

რამეთუ მშჯავრისა თანა ცხოვნდეს ტყუეობაჲ მისი და მოწყალებისა თანა.

28

და შეიმუსრნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და დამტევებელნი უფლისანი მოესრულნენ

29

მით, რამეთუ სირცხჳლეულ იქმნენ კერპთა მათთა ზედა, რომელნი მათ ინებნეს, და ჰრცხუენეს გამოქანდაკებულთა მათთა ზედა, რომელნი მათ ქმნნეს. და კდემულ იქმნნეს მტილთა მათთა ზედა, რომელთა გული უთქმიდა,

30

რამეთუ იყვნენ, ვითარცა ბელეკონნი, განმყრელნი ფურცელთანი, და ვითარცა სამოთხე, არმქონებელი წყლისაჲ.

31

და იყოს ძალი მათი, ვითარცა ლელწამი სელისაჲ, და მოქმედებანი მათნი, ვითარცა ნაბერწყალი ცეცხლისაჲ. და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და არა იყოს დამშრეტელ.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566