ლოცვანი
აპლიკაცია

ესაია წინასწარმეტყველი, თავი 62

1

სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა.

2

დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს - და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ.

3

იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში.

4

აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას - დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას პატრონი ეყოლება.

5

როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს, ასე დაგეპატრონებიან შენი შვილები; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი.

6

შენს გალავანზე, იერუსალიმო, დავაყენე ყარაულები; არასოდეს დადუმდებიან, არც დღისით, არც ღამით. უფლის გამახსენებელნო, ნუ დაიდუმებთ!

7

ნუ მოასვენებთ მას, ვიდრე არ დაამყარებს იერუსალიმს და არ გახდის მას სადიდებლად ქვეყანაზე.

8

დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და მკლავი თავის ძლიერების. თუ მივცე კვლავ ხორბალი საზრდოდ შენს მტრებს და თუ შესვან უცხოთა შვილებმა შენი ღვინო, შენი ჭირნახული!

9

რადგან მისი მომკალნი თავად შეჭამენ მას და იტყვიან უფლის ქებას; მისი მკრეფელნი თავად შესვამენ ჩემი საწმიდარის ეზოებში.

10

შედით, შედით, კარიბჭეებში, გაუმზადეთ სავალი ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაწმიდეთ ქვებისგან! დროშა აღუმართეთ ხალხებს.

11

აჰა, გამოუცხადა უფალმა ქვეყნის კიდეებს: უთხარით სიონის ასულს: აჰა, მოდის შენი ხსნა. აჰა, მასთანვეა მისი საზღაური და მის წანაა მისი გასამრჯელო!

12

დაარქმევენ მას: წმიდა ერი, უფლის გამოსყიდული. შენ კი დაგერქმევა: მოძებნილი ქალაქი, მიუტოვებელი.

1

სიონისათჳს არა დავდუმნე და იერუსალიმისათჳს არ დავაცადო, ვიდრემდისცა გამოვიდეს, ვითარცა ნათელი, სიმართლე ჩემი, ხოლო მაცხოვარება ჩემი, ვითარცა ლამპარი, აღენთოს.

2

და იხილონ ნათესავთა სიმართლე შენი და მეფეთა დიდებაჲ შენი, გიწოდის შენ სახელი შენი ახალი, რომელი უფალმან სახელ-სდვას მას.

3

და იყო გჳრგჳნ შუენიერების ჴელსა შინა უფლისასა და შარავანდ მეფობისა ჴელსა შინა ღმრთისა შენისასა.

4

და არღა მერმე გეწოდოს დატევებულ, და ქუეყანასა შენსა არა ერქუას ოჴერ, რამეთუ შენ გეწოდოს ნება ჩემი და ქუეყანასა შენსა მკჳდროანი, და სათნო იყოს უფალმან შენ შორის, და ქუეყანა შენი დამკჳდრებულ იქმნედ.

5

და ვითარცა ჭაბუკმან დამკჳდრებულმან ქალწულსა თანა, ეგრეთ დაიმკჳდრონ ძეთა შენთა შენ თანა. და იყოს, ვითარსახედ იხარებს სიძე სძალსა ზედა, ეგრეთ იხარებდეს უფალი შენ ზედა.

6

და ზღუდეთა შენთა ზედა, იერუსალიმ, დავადგინნე მცველნი სრულსა დღესა და სრულსა ღამესა, რომელნი სრულიად არა დადუმნენ, მომჴსენებელნი უფლისანი.

7

რამეთუ არა არს თქუენდა მსგავს, უკეთუ განჰმართო და ჰყო იერუსალიმი საქადულ ქუეყანასა ზედა.

8

ფუცა უფალმან დიდებისა მიმართ თჳსისა და ძალისა მიმართ მკლავისა თჳსისა, უკეთუ მერმე მივსცე იფქლი შენი და ჭამადნი შენნი მტერთა შენთა, და უკეთუ მერმე სუმიდენ ძენი უცხონი ღჳნოსა შენსა, რომელსა ზედა დაჰშუერ,

9

არამედ შემკრებელნი ჭამდენ მათ და აქებდენ უფალსა, და შემკრებელნი სუმიდენ მათ ეზოთა შინა ჩემთა წმიდათა,

10

განვედით ბჭეთა მიერ ჩემთა, და გზა-უყავთ ერსა ჩემსა, და ქვანი გზისაგან განასრიენით, აღიღეთ სასწაული წარმართთა მიმართ,

11

რამეთუ, აჰა, უფალმან ყო სასმენელ, ვიდრე დასასრულამდე ქვეყანისა. არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა, მაცხოვარი მოვიდა შენდა, მქონებელი სასყიდელსა თჳსსა, და საქმე მისი წინაშე პირსა მისსა.

12

და უწოდოს მას ერი წმიდაჲ. გამოჴსნილ უფლისა მიერ. ხოლო შენ გეწოდოს გამოძიებულ ქალაქ და არდატევებულ.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748495051525354555657585960616263646566