ლოცვანი
აპლიკაცია

იგავნი სოლომონისა, თავი 8

1

განა სიბრძნე არ მოუწოდებს? განა გონიერება არ გამოსცემს ხმას?

2

მაღალ მწვერვალებზე, გზასთან არის, გზათა შესაყარზე დგას იგი;

3

კარიბჭეებთან, ქალაქის პირთან, ღია კარებში მღერის იგი:

4

თქვენ მოგიხმობთ, კაცნო ჩემი ხმა ადამის ძეთ მიმართავს.

5

შეიგნეთ, ბრიყვებო, საზრიანობა, შეიგნეთ, სუსგონო, გონიერება.

6

მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები;

7

ვინაიდან ჭეშმარიტებას გააცხადებს ჩემი ენა და სიბილწეა ჩემი ბაგეებისთვის უკეთურება.

8

ჩემი პირის ყოველი სიტყვა მართალია და მზაკვრობა და ცბიერება არ არის მათში;

9

ყოველი მათგანი სანდოა გამგებისთვის და ყველა სწორია ცოდნის მპოვნელთათვის.

10

მიიღეთ ჩემი შეგონება და არა ვერცხლი, ცოდნა მეტია ხალას ოქროზე;

11

რადგან სიბრძნე უკეთესია ძვირფას თვლებზე და ვერცერთი სანატრელი საგანი ვერ შეედრება მას.

12

მე, სიბრძნე, დავანებული ვარ შეგნებაში და ფიქრების ცოდნა მოვიპოვე.

13

უფლის მოშიშებას სძულს ბოროტება; მძულს მე ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი.

14

ჩემია თათბირი და საღი აზრი; მე ვარ გონიერება, ჩემია ძალა;

15

ჩემით მეფობენ მეფენი და ჩემით აწესებენ სამართალს მთავარნი;

16

ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი - ქვეყნის ყველა მსაჯული.

17

მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მიპოვნიან ჩემი მძებნელნი;

18

ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.

19

ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან.

20

სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები.

21

რათა დავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები.

22

უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით;

23

უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან.

24

როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო;

25

მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს;

26

როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი;

27

როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა,

28

როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა,

29

როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა,

30

მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი,

31

ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული.

32

ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ!

33

მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ.

34

ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს.

35

ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს.

36

ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.

1

ამისთჳს შენ სიბრძნესა ქადაგებდ, რათა გონიერებაჲ გერჩდეს შენ.

2

რამეთუ მაღალთა ზედა მწუერვალთა დგას და შორის ალაგთა იპოების.

3

ბჭეთა თანა ძლიერთასა დადგრომილ არს და შესავალთა გზათასა იქების.

4

თქუენ გლოცავ, ჵ, შვილნო, და წინაგიყოფ ჴმასა ჩემსა ძეთა კაცთა.

5

სცანთ უმანკოთა მეცნიერებაჲ და უსწავლელთა დაიდევით გულსა თქუენსა.

6

ისმინეთ ჩემი, რამეთუ კეთილსა გეტყჳ და აღვაღებ ბაგეთა ჩემთა მართლ,

7

რამეთუ ჭეშმარიტსა იწურთის პირი ჩემი; საძაგელ არიან წინაშე ჩემსა ბაგენი მტყუარნი.

8

სიმართლით არიან ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და არა არს მათ შინა გულარძნილ, არცა დრკუ.

9

ყოვლადვე წრფელ არს იგი, რომელთა უცნობიეს და მართალ, რომელთა უპოვნიეს მეცნიერებაჲ.

10

მიიღეთ სწავლაჲ და ნუ ვეცხლი და მეცნიერებაჲ უფროჲს ოქროჲსა რჩეულისა,

11

უმჯობეს არს სიბრძნე უფროჲს ანთრაკთა პატიოსანთა; ყოველივე პატიოსანი ვერ არს ღირს მისა.

12

მე, სიბრძნემან, დავიმკჳდრე მეცნიერებაჲ ზრახვისაჲ და გონიერებისაჲ და ცნობისა მოვხადე.

13

შიშსა უფლისასა სძულს უკეთურებაჲ, გინებაჲ და ამპარტავნებაჲ; და გზაჲ უკეთურთა და გულარძნილთანი და პირი ურწმუნოჲ მე მოვიძულენ.

14

ჩემი არს ზრახვაჲ, ჩემი არს კრძალულებაჲ, ჩემი არს გონიერებაჲ, ჩემი არს ძალი.

15

ჩემ მიერ მეფენი მეფობენ და ძლიერნი წერენ სიმართლესა.

16

ჩემ მიერ დიდ-დიდნი განდიდნებიან და მძლავრნი ჩემ მიერ იპყრობენ ქუეყანასა.

17

და მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან და, რომელნი მეძიებენ, მე მპოონ.

18

სიმდიდრე და დიდებაჲ ჩემი არს. და მონაგები მრავალი შეწირვად ჩემდა.

19

უმჯობეს არს უფროს ოქროსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა, ხოლო სიტყუანი ჩემნი უფროს ოქროჲსა რჩეულისა.

20

გზათა სიმართლისათა ვალ და შორის ალაგთა სიმართლისათა ვიქცევი,

21

რათა განუყო მოყუარეთა ჩემთა ნაყოფი და საუნჯენი მათნი აღვავსნე კეთილითა.

22

უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე,

23

დასაბამსა უწინარეს ქუეყანისა შესაქმისა,

24

და უწინარეს უფსკრულთა ყოფისა, ვიდრე გამოსლვადმდე წყაროჲსა წყალთასა,

25

ვიდრე მთათა დაფუძნებადმდე, უწინარეს ყოველთა ბორცუთა მშვა მე.

26

უფალმან შექმნა სოფელი და უბენი და კიდენი სოფლისანი და რომელნი არიან ცასა ქუეშე,

27

რაჟამს განჰმზადებდა ცათა, მე მის თანა ვიყავ, და ოდეს განაჩინებდა საყდართა თჳსთა ქართა ზედა.

28

და ოდეს განაძლიერებდა ზესკნელთა ღრუბელთა ზედა, ვითარ-იგი კრძალულად დასდებდა წყაროთა ცასა ქუეშე,

29

ოდეს-იგი დაუდვა ზღუასა წესი მისი, რათა არა გარდაჴდენ წყალნი ზედა პირსა მისსა. და ოდეს დაამტკიცებდა საფუძველთა ქუეყანისათა,

30

ვიყავ მის თანა მომზავებელ, მე ვიყავ, რომლისა თანა უხაროდა უფალსა და დღითი დღედ ვიხარებდი წინაშე პირსა მისსა ყოველსა ჟამსა.

31

ოდეს იშვებდა ქუეყანისა განსრულებასა ზედა, შვებულ იქმნა ძე კაცისაცა.

32

შვილო, ისმინე ჩემი და ნეტარ იყვნენ, რომელთა გზანი ჩემნი დაიცვნენ.

33

ისმინეთ სწავლა, რათა ბრძენ იყვნეთ, და ნუ დაიყოფთ სასმენელთა.

34

ნეტარ არს კაცი, რომელმან ისმინოს ჩემი, და კაცი, რომელმან გზანი ჩემნი დაიმარხნეს და იღჳძებდეს კართა ჩემთა ზედა მარადის, და სცვიდეს შესავალთა ზღურბლთა ჩემთასა,

35

რამეთუ გამოსავალნი ჩემნი გამოსავალ ცხორებისა, და განემზადების ნებაჲ უფლისა მიერ.

36

ხოლო რომელნი ცოდვენ ჩემდამო, უღმრთოებენ თავისა თჳსისა სულთა და რომელნი მე მძულობენ, უყუარს მათ სიკუდილი.

12345678910111213141516171819202122232425262728293031