იგავნი სოლომონისა, თავი 10
იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის.
უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს.
ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს.
ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია.
მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულია პირი ძალადობით არის სავსე.
კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება.
გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება.
უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება.
თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება.
მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეუღთა პირი კი ძალადობით არის სავსე.
სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს.
გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი.
ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან.
მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი - მათი სიღატაკე.
მართლის შრომა სასიცოცხლოდ არის, ხოლო ბოროტეულთა მონახვეჭი ცოდვაა.
შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული დაეხეტება.
სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს, ჭორის გამავრცელებელი კი სულელია.
ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.
მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა.
მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან.
უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.
უგუნურის ხალისი ავის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.
რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.
როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ.
რაც ძმარია კბილთათვის და კვამლი თვალთათვის, იგივეა ზანტი კაცი თავისი მიმავლინებლისთვის.
უფლის მოშიშება ახანგრძლივებს დღეებს, ხოლო ბოროტეულთა წლები შემოკლდება.
მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი დაიღუპება.
უფლის გზა სიმტკიცეა უმწიკვლოსთვის და დაღუპვაა ბოროტმოქმედთათვის.
მართალი არასდროს წაბორძიკდება, ბოროტეულნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე.
მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება.
მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს.
ძემან ბრძენმან ახარის მამასა, ხოლო ძე უგუნური მწუხარებაჲ დედისა.
ვერ სარგებელ იყუნენ საუნჯენი უსჯულოთა, ხოლო სიმართლემან სიკუდილისაგან იჴსნას.
არა მოაკუდინოს სიყმილითა უფალმან სული მართლისაჲ, ხოლო ცხორებაჲ უღმრთოჲსა დაამჴჳს.
სიგლახაკემან კაცი დაამდაბლის, ხოლო ჴელთა მჴნეთა განამდიდრიან.
შვილი სწავლული ბრძენ იყოს, ხოლო უგუნური, ვითარცა მონაჲ, იმსახუროს. განერა სიცხისაგან შვილი გონიერი, ხოლო ხორშაკეულ იქმნა კალოთა ზედა შვილი უსჯულოჲ,
კურთხევაჲ უფლისა თავსა ზედა მართალთასა, ხოლო პირი უღმრთოთა დაფაროს გლოვამან უჟამომან.
ჴსენებაჲ მართლისა ქებით იყოს, ხოლო სახელი უღმრთოჲსა დაშრტეს.
ბრძენმან გულითა შეიწყნარნის მცნებანი, ხოლო უთმინოჲსა ბაგითა ბრკუმით შეუბრკუმეს.
რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით, ხოლო რომელი განსდრეკდეს გზასა თჳსსა, საცნაურ იყოს.
რომელი წამ-უყოფნ თუალითა ზაკვით, იგი შეუკრბნ კაცთა მწუხარებასა, ხოლო რომელი ამხილებნ განცხადებულად, იგი მშჳდობასა ჰყოფნ.
წყაროჲ ცხორებისა ჴელსა შინა მართლისასა, ხოლო პირი უღმრთოთა დაფაროს წარსაწყმედელმან.
სიძულილმან აღადგინოს ძლევა, და ყოველნი, რომელნი არა მახლობელ იყვნენ, დაფარნეს სიყუარულმან.
რომელი ბაგეთაგან წარმოიღებნ სიბრძნესა, კუერთხითა ჰგუემნ კაცსა უგულოსა.
ბრძენთა დაიფარიან მეცნიერებაჲ, ხოლო პირი წარმდებთა მიეახლოს შემუსრვასა.
მონაგები მდიდართა ქალაქი ძლიერი, ხოლო შემუსრვაჲ უძლურთა სიგლახაკე.
საქმემან მართალმან ცხორებაჲ ყვის, ხოლო ნაყოფ უღმრთოთა - ცოდვაჲ.
გზათა ცხორებისათა სცავს უფალი და სწავლულებაჲ უმხილებელი სცთების.
მტერობაჲ დაფარიან ბაგეთა მართალთა, ხოლო რომელნი წარმოიღებდენ გინებასა, იგინი უგუნურ არიან.
მრავლისმეტყუელებისაგან ვერ განერე ცოდვასა, ხოლო ერიდებოდი თუ ბაგითა, გონიერ იყო.
ვეცხლი არს გამოჴურვებული ენაჲ მართალი, ხოლო გულთა უღმრთოთასა მოაკლდეს.
ბაგეთა მართალთა იციან სიმართლე, ხოლო უგუნურნი ნაკლულევანებასა შინა აღესრულნენ.
კურთხევაჲ უფლისა თავსა ზედა მართლისასა და მან განამდიდროს და არღარა დაერთოს მას მწუხარებაჲ გულისა.
სიცილით იქმნ უგუნური ძჳრსა, ხოლო ბრძენი კაცი ზრახავნ გულისჴმის-ყოფასა.
წარსაწყმედელად იქცევინ უღმრთოჲ, ხოლო გულისთქუმაჲ მრავალთა სათნო არს.
მობერვასა ნიავქარისასა წარსწყმედს უღმრთოჲ, ხოლო მართალმან მოჰრიდოს და ცხონდეს უკუნისამდე.
ვითარცა კაწახი ავნებნ კბილთა და კუამლი თვალთა, ეგრეთვე უსჯულოებამან ავნის, რომელნი მას ზედა ვალნ.
შიშმან უფლისამან შესძინოს დღეთა, ხოლო წელნი უღმრთოთანი შემცირდენ.
ყოვნის სიხარულმან მართალთა ზედა, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს.
ზღუდე წმიდათა შიში უფლისაჲ, ხოლო შემუსრვაჲ მოქმედთა ძჳრისათა.
მართალი უკუნისამდე არა შეირყიოს, ხოლო უღმრთოთა ვერ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ.
პირსა მართლისასა გამოვალს სიბრძნე, ხოლო ენაჲ უწესოჲ შეიმუსროს.
ბაგეთა მართლისათა აღმოადინონ მადლი და პირნი უღმრთოთანი დაიყვნენ.