ლოცვანი
აპლიკაცია

იგავნი სოლომონისა, თავი 7

1

შვილო, დაიმარხე ჩემი ნათქვამი და ჩემი ანდერძი დაიუნჯე.

2

დაიმარხე ჩემი ანდერძი და იცოცხლებ, და ჩემი რჯული - თვალისჩინივით.

3

მიიბი შენს თითებზე და გულის ფიცარზე დაიწერე.

4

უთხარი სიბრძნეს: ჩემი და ხარ-თქო და ჭკუა-გონებას მეგობარი უწოდე.

5

რომ თავი დაიფარო უცხო ქალისგან, სხვისი ცოლისგან, მისი ლაქარდიანი ენისგან.

6

როცა სახლის სარკმლიდან, ცხაურს იქით გადავიხედე,

7

დავინახე ბრიყვთა შორის, გავარჩიე ყმაწვილებს შორის ერთი ბიჭი, ჭკუათხელი.

8

ქუჩაში მიდიოდა, იმის კუთხესთან, იმის სახლის გზით მიაბიჯებდა.

9

მიმწუხრზე, დღის მიწურულზე, ღამის ბნელში და უკუნეთში.

10

და აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი.

11

ხმაურიანია და თავნება, შინ ფეხი არ უდგება;

12

ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე - ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული;

13

აჰა, ჩაიჭირა იგი, კოცნის და ურცხვად ეუბნება:

14

სამადლობელი მსხვერპლი მქონდა შესაწირავი, დღეს გადვიხადეო საღმრთო.

15

ამიტომაც გამოვედი შენს შესახვედრად, შენის სასის საძებრად და აჰა, გიპოვე კიდეც.

16

ხალიჩები მაქვს დაფენილი ჩემს სარეცელზე, ეგვიპტური ჭრელი ნაქსოვი.

17

დავაფრქვიე მური ჩემს საწოლზე.

18

წამო, დილამდე დავთვრეთ სიყვარულით, ალერსით ვინეტაროთ.

19

რადგან შინ არ არის ქმარი, შორ გზაზეა წასული;

20

ვერცხლის ქისა წაიღო თან, სრულმთვარობისას დაბრუნდებაო შინ.

21

შეაცდინა თავისი ლაქლაქით, ლაქარდიანი ენით შეიტყუა.

22

იმწამსვე უკან გაჰყვა, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შებორკილი გიჟი დასასჯელად.

23

ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს.

24

ახლა მისმინეთ შვილებო, და ყური ათხოვეთ ჩემს ნათქვამს.

25

ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული, ნუ აერევა თავისი ბილიკები.

26

რადგან ბევრი დაეცა მისგან სასიკვდილოდ, ბევრი ძლევამოსილია მისგან დახოცილი.

27

მისი სახლი შავეთის გზაა, სიკვდილის სამყოფელში ჩამავალი.

1

შვილო, დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი და მცნებანი ჩემნი დაიფარენ შენ თანა.

2

შვილო, პატივ-ეც უფალსა და განსძლიერდე და მისსა გარეშე ნურავისსა გეშინის სხჳსა. დაიცვენ მცნებანი ჩემნი და სცხონდე და სიტყუანი ჩემნი, ვითარცა გუგანი თვალთანი.

3

და იგინი გამოიწერენ თითითა შენითა ფიცართა გულისა შენისათა.

4

მოხადე სიბრძნესა დად-ყოფად შენდა, და მოუწოდე გულისხმის-ყოფასა შემეცნებად შენდა.

5

შეიკრძალე თავი შენი დედაკაცისა უცხოსაგან და ბოროტისა, რაჟამს სიტყვითა საცთურსა შთაგთხევდეს.

6

არდაბაგითა სახლისათა იხედავნ უბანთა მიმართ,

7

რათამცა მოიხილნეს ჭაბუკნი უთმინონი და ყრმანი უგულისხმონი,

8

რომელნი ვლიედ უბანთა მიერ სიახლესა სახლისა მისისათა და ზრახავნ,

9

სიბნელესა ღამისასა, ოდესცა არღარა განსცხრებოდიან სიჴშოსაგან ბინდისა,

10

დედაკაცი იგი შეემთხვევა პირითა საროსკიპოთა, რომელმან შესულიბნის გულნი ჭაბუკთანი, ეითარცა მთრვალთა მოუძლურებულთანი,

11

ფრინვალობს უძღებად და სახლსა შინა თვისსა არა დააცადნის ფერჴნი თვისნი,

12

არამედ ოდესმე ვალნ უბანთა და ოდესმე ყოვლით კერძო იმსტრობნ,

13

რათამცა პოვა ჭაბუკი და დაიპყრას, აკოცებს ურცხვინოდ და ლიქნით ეტყჳნ:

14

მზეგრძელობისა შენისათვის მსხვერპლისა შეწირვად პაემანი და მეც აწ დღეს აღვასრულე პაემანი.

15

ამისთვის მოგეგებვი შენ ტრფიალი პირისა შენისა და სანატრელი გპოვე.

16

შემითხზნავს ცხედარი ჩემი და გარდამიგია ფიჩვითა ეგვიპტურებ ჭრელებულითა.

17

საგებელთა ჩემთა უკმიე მური, შტახსი და კასია.

18

მოვედ და ვიშვებდეთ სიყვარულითა განთიადამდე; მოვედ და განვსცხრებოდეთ ტრიობითა.

19

რამეთუ არა არს ქმარი ჩემი სახლსა შინა, არამედ წარსრულ არს გზასა შორესა.

20

ვაშკარანი ვეცხლითა წარიღო, აღიღო ჴელითა და შემდგომად დღეთასა მომავალ არს სახიდ თვისად.

21

მრავალმეტყველებითა და მაცთურითა ბაგითა რა შეაცთუნის,

22

შეუდგის, ვითარცა უსხი საკლველი და ვითარცა ვერძი მნერბავი და ვითარცა სულელი უმეცარი,

23

და იწყლა, ვითარცა ირემი ღვიძლგანგვრემული, და მოიფრინვა, ეითარცა ფრინველმან, მახედ და არა უწყის, წარწყმედად სულისა თჳსისად ვალს.

24

აწ, შვილო ჩემო, ისმინე ჩემი და ყურად-იხვენ სიტყვანი პირისა ჩემისანი.

25

ნუ მოსდრეკ გულსა შენსა გზათა მისთა, და ნუცა შეუდგები კვალთა მისთა,

26

ვინადგან მრავალნი იგვემნეს და მოიწყლნეს და უამრავნი მჴნენი შეიმუსრნეს მის მიერ,

27

რამეთუ სახლი მისი გზა არს ჯოჯოხეთისა, რომელი შთაიყვანებს საუნჯედ სიკუდილისად.

12345678910111213141516171819202122232425262728293031