იგავნი სოლომონისა, თავი 5
ჩემო შვილო, ჩემს სიბრძნეს უსმინე, ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური,
რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენშა ბაგეებმა.
რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა.
ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება, ორლესული მახვილივით გაფხავდება;
მისი ფეხები სიკვდილისკენ ჩადის, შავეთში იდგმება მისი ნაბიჯები.
ვერ აგნებს სიცოცხლის გზას, არეული აქვს გზაკვალი, არ იცის სად მიდის.
ახლა, მისმინეთ, შვილებო, და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს:
შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს,
რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები - დაუნდობელს,
რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახულით - მტრის სახლში.
ივიშვიშებ ბოლოჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი.
იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება!
არ ვუსმენდი მოძღვრის ხმას და მასწავლებელს ყურს არ ვუგდებდიო.
რა ბოროტება არ ჩამიდენიაო ხალხში და კრებულშიო!
სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან,
გარეთ იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე - წყლის ნაკადები.
მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ,
კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან.
მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით;
რატომ გაბრუებს, შვილო, სხვა ქალი. და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს?
რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება.
საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება.
ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით დაიკარგება.
შვილო, სიბრძნესა ჩემსა ერჩდი და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი,
რათა დაიცვა გონიერებაჲ კეთილი. და მეცნიერებასა ბაგეთა ჩემთას გამცნებ შენ. ნუ ხედავ დედაკაცსა ბოროტსა,
რამეთუ თაფლი გარდამოსწუეთინ ბაგეთა დედაკაცისა მეძვისათა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასაჲ შენი,
ხოლო უკუანაჲსკნელ უმწარეს ნავღლისა ჰპოო და უმახჳლეს მახჳლის ორპირისა,
რამეთუ უგუნურებისა ფერჴთა შთაიყუნიან, რომელნი იჴუმევდენ მას, შემდგომად სიკუდილისა ჯოჯოხეთად შთაცჳვიან.
და კუალნი მისნი არა მტკიცე არიან, რამეთუ გზასა ცხორებისასა იგი არა მივიდეს; ცთომილ არიან ალაგნი მისნი და არა საცნაურ.
აწ, შვილო, ისმინე ჩემი და ნუ უგულებელს-ჰყოფ თქუმულთა ჩემთა.
შორს-ყვენ მისგან გზანი შენნი და ნუ მიეახლები კართა სახლისა მისისათა,
რათა არა წინაუყო უცხოთა ცხორებაჲ შენი და მონაგები შენი უწყლოთა,
რათა არა აღივსნენ უცხონი ძალითა შენითა და არა ნაშრომი შენ შევიდეს სახლსა სხუათასა.
და ინანდე უკუანაჲსკნელ, რაჟამს განჰკაფდენ ჴორცნი ძუალთა შენთანი.
და სთქუა, ვითარმედ: რად მოვიძულე სწავლულებაჲ და მხილებას მიჰრიდა გულმან ჩემმან.
არა მესმოდა ჴმაჲ მასწავლელისა ჩემისაჲ და მოძღუარსა ჩემსა არ მიუპყარ ყური ჩემი,
მცირედღადა ვიპოვემცა, ვიდრე მე ყოველსა შინა ბოროტსა შორის კრებულსა და შესაკრებელსა.
სუ წყალი ჯურღმულთაგან შენთა წყაროჲსა.
გარდამოეცემოდენ გარე წყალი შენისაგან წყაროჲსა და შენთა უბანთა შინა დიოდენ წყალნი შენნი.
იყავნ შენდა ხოლო მონაგებად და ნუ ვინ უცხოჲ გეზიარებინ შენ.
წყაროჲ იგი წყლისაჲ იყავნ შენდა თჳსად და თავად იხარებნ დედაკაცი სიჭაბუკესა შენსა.
ირემ სიყუარულის და ნუკრ მადლთა გზრახევდინ შენ და შენ თანა იყავნ ყოველსა ჟამსა, რამეთუ სიყუარულითა რაჲ მისითა მის თანა იქცეოდი, მრავალ იყო.
ნუ დაიყოვნებ უცხოსა თანა დედაკაცისა, ნუცა მოახუევ მკლავთა შენთა, რომელი არა შენი იყოს,
რამეთუ თუალთა წინაშე ღმრთისათა არიან გზანი კაცისანი და ყოველთა ალაგთა მისთა ხედავს.
უშჯულოებამან მოინადირის კაცი, და საბლითა ცოდვისა თჳსისათა კაცად-კაცადი შეიკრვის.
ესევითარი აღესრულოს უსწავლელთა თანა, და სიმართლისაგან სიპოხისა თჳსისა განვარდა და წარწყმდა უგუნურებითა თჳსითა.