ლოცვანი
აპლიკაცია

იგავნი სოლომონისა, თავი 20

1

ღვინო კაცს ამასხრებს, ლუდი შფოთს ატეხინებს, ვინც მათ ეტანება, უგუნურია.

2

მეფის მუქარა ლომის ბრდღვინვასა ჰგავს, მისი განმარისხებელი თავს დაიღუპავს.

3

შუღლის აღკვეთა კაცის ღირსებაა, ყველა უმეცარი კი შფოთის ამტეხია.

4

ზარმაცს სიცივეში ხვნა ეზარება, სთვლობას კი მოიკითხავს, მაგრამ არაფერი ექნება.

5

კაცის გულის ზრახვები ღრმა წყალია, გონიერი კაცი იქიდან ხაპავს.

6

ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვის?

7

მართალი თავის უმწიკვლოებით დადის, ბედნიერნი არიან მისი შვილები მის შემდეგ!

8

მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე ყოველ ბოროტებას საკუთარი თვალებით ფანტავს.

9

ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმიდეო?

10

მტყუანი საწონი და მტყუანი საწყაო - ერთიც და მეორეც სიბილწეა უფლისათვის.

11

ყმაწვილსაც კი შეიცნობ თავისი საქციელით, თუ წრფელად აკეთებს, რასაც აკეთებს.

12

ყურს ესმის და თვალი ხედავს - ერთიც და მეორეც უფალმა შეჰქმნა.

13

ძილი ნუ გეყვარება, თორემ გაღატაკდები. თვალები გაახილე და პურით დანაყრდები.

14

ცუდია, ცუდიაო, ამბობს მყიდველი. როცა კი წავა, ქებას მოჰყვება.

15

მრავლად არის ოქრო და მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი საჭურჭლე კი ცოდნის ბაგეა.

16

აიღე მისი სამოსელი, რადგან უცხოს დაუდგა თავდებად. უცხო ქალის სანაცვლოდ გამოართვი ნახუთევი.

17

სიცრუის პური ეტკბილება კაცს, მერე კი მისი ღორღით აევსება პირი.

18

გეგმები ბჭობაში მტკიცდება; გონივრულად გაემზადე საომრად.

19

ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები.

20

დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი.

21

თავიდან იოლად შეძენილი ქონება საბოლოოდ კურთხეული აღარ იქნება.

22

ნუ იტყვი, ბოროტებას სანაცვლოს მივაგებო, უფალს მიენდე და ის გიშველის.

23

უთანასწორო საწონები სიბილწეა უფლის წინაშე და მატყუარა პინები არ არის კარგი.

24

უფლისგან არის კაცის ნაბიჯები; როგორღა გაიგნოს კაცმა თავისი გზა-კვალი?

25

კაცისთვის ხაფანგია დაუფიქრებლად რაიმეს სიწმიდედ შერაცხვა და აღთქმათა მიცემის შემდეგ გამოჩხრეკა.

26

ბრძენი მეფე ფანტავს ბოროტეულთ და მათ თავზე ბორბალს ატრიალებს.

27

კაცის ხელი უფლის ლამპარია, მისი შიგანის გამომკვლეველი.

28

მადლი და ჭეშმარიტება იცავს მეფეს და სიმართლით უპყრია მას თავისი ტახტი.

29

ჭაბუკთა დიდება მათი ჯანია, მოხუცთა პატივი კი - ჭაღარა.

30

ნაცემის ჭრილობა მოაქცევს უკუღმართს და დარტყმები განწმედს მის შიგანს.

1

უძღებ არს ღვინო და შემაგინებელ სიმთრვალე, ხოლო ყოველნი უგუნურნი ეთანადებიან.

2

ზახილი ლომთა აშინებს პირუტყვთა და რისხვა მეფისა კაცთა, ხოლო რომელმან გახარისხოს, ავნოს სულსა თვისსა.

3

დიდება კაცისა არს შორს-ყოფა შფოთთაგან, ხოლო უგუნურნი ყოველნი აღერევიან.

4

მცონარი კაცი არა შვრებინ ჴნულსა. და გაზაფხულ ითხოვნ იფქლსა და არავინ მისცის.

5

წყალი ღრმა არს გონება კაცისა, ხოლო ბრძენმან კაცმან აღმოწბას იგი.

6

დიდ არს კაცი და პატიოსან კაცი მოწყალე, ხოლო კაცი სარწმუნო ძნიად იპოოს.

7

რომელი იქცევინ სამართალსა უბიწოდ, სანატრელნი შვილნი დაუტევნის;

8

რამეთუ, რაჟამს მეფჱ მართალი დაჯდეს საყდართა სასჯელისათა, არა დამდგომ არს წინაშე თუალთა მისთა ყოველი უკეთური.

9

ვინმე იქადოს გულითა წმიდა-ქონებად? ანუ ვინმე იკადროს თქმად, ვითარმედ: წმიდა ვარ ცოდვისაგან?

10

სასწორი დიდი და მცირე და საწყაული ორი საძაგელ არს წინაშე უფლისა (და რომელთა ყონ იგი, მითვე უბრკუმეს და შებრკოლდეს კაცი).

11

ჭაბუკი, რომელი სიწმიდით ხოლო ვალნ, მართალ არიედ ეზონი მისნი.

12

ყურთა ესმინ, თუალთა ხედავნ. და უფალსა შეუქმნიან ორნივე.

13

ნუ გიყუარნ ძჳრისსიტყუაჲ, რათა არა შეიმუსრო; აღიხილენ თუალნი შენნი და განსძღე პურითა.

14

ძჳრსა უკეთურად იტყჳნ, რომელი ვალნ მას შინა, და წარმდებებით იქადინ.

15

არს ოქროჲ სიღრმე უფსკრულთა, ხოლო ჭურ პატიოსან არიან ბაგენი მეცნიერნი.

16

განეშორე მისგან, რომელი თავს-მდებ ექმნეს უცხოსა და სტუმართათჳს დაწინდულ იქმნას.

17

დაუტკბნა კაცსა პურნი სიცრუვისანი და აღავსო პირი მისი შანთითა მჴურვალითა.

18

გულისზრახვანი შეკრებულთაგან განირჩევიან და ბრძოლანი სიბრძნით განემზადებიან.

19

რომელი განმცხადებელ არს ხვაშიადთა, ზაკვით ვალს და მაცთურობით აღახვამს ბაგეთა, ხოლო შენ ნუ მიახლები.

20

რომელმან განგმოს მამა-დედანი, დაუშრტეს ნათელი და გუგანი თვალთანი დაუბნელდეს.

21

ხვედრი, სურვილით აღებული, აღსასრულსა არა იკურთხოს.

22

ნუ იტყვი: რათა შურ-ვაგო მტერსა, არამედ მოითმინე უფლისათჳს, რათა შემწე გეყოს.

23

ბილწ არიან წინაშე უფლისა საწყავნი ორრიგნი და სასწორი ზაკული არა კეთილ მის წინაშე.

24

უფლისაგან არს წარმართება - სლვა კაცისა, ხოლო მოკვდავთა ვითარ ცნან გზანი თვისნი?

25

მახე იჩქითი არს განმწარება წმიდათა, ხოლო შემდგომად შეწირონ და ინანონ.

26

განბნევა უღმრთოთა არს მეფე ბრძენი, რომელი ავლინებს მათ ზედა ურმისთვალთა.

27

ნათელი უფლისა ბრწყინავს კაცთა ზედა, რომელი გამოიკვლევს საუნჯეთა გულისათა.

28

წყალობა და ჭეშმარიტება მცველ არს მეფეთა და გარეშემზღუდველ საყდართა მისთა სიმართლე.

29

სამკაული ჭაბუკთა - სიბრძნე თჳსი და დიდება მოხუცებულთა - მჴცოვანებანი.

30

კვეთა და წყლვა შეემთხვიოს ბოროტსა, ხოლო ტანჯვანი საუნჯეთა მუცლისა მისისათა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031