ლოცვანი
აპლიკაცია

იგავნი სოლომონისა, თავი 16

1

გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან მოდის.

2

კაცის ყოველი გზა სუფთაა მის თვალში, სულთა ამწონი კი უფალია.

3

შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები.

4

უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა, ასევე ურჯულოც ავი დღისათვის.

5

ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე; გჯეროდეს, დაუსჯელი ვერ გადარჩება.

6

სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი.

7

თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან.

8

უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით.

9

კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს.

10

მეფის ბაგეზე მისნური სიტყვაა, მისი პირი არ შესცოდავს სამსჯავროზე.

11

სწორი სასწორი და საწყაო უფლისაა, ქისის ყველა საწონი მისი საქმეა.

12

ბოროტის ქმნა მეფეთათვის სიბილწეა, რადგან ტახტი სიმართლით მტკიცდება.

13

მართალი ბაგეები სათნოა მეფეთათვის და უყვართ მათ სიმართლის მთქმელი.

14

მეფის რისხვა სიკვდილის მაცნეა, ხოლო ბრძენკაცი აცხრობს მას.

15

მეფის ნათელი სახე სიცოცხლეა და მისი წყალობა გაზაფხულის წვიმის ღრუბელივითაა.

16

სიბრძნის შეძენა ოქროზე უკეთესია, ჭკუის მოხვეჭა ვერცხლზე - უმჯობესი.

17

მართალთა გზა-კვალი ბოროტებას გვერდს უქცევს; ვინც თავის გზას აკვირდება, თავის სულს იცავს.

18

დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა.

19

ბეჩავ ხალხთან თავმდაბლობა გერჩიოს ქედმაღლებთან ნადავლის გაყოფას.

20

საქმეში გონიერი სიკეთეს ნახავს, უფალს მინდობილი ბედნიერია.

21

გულბრძენი გონივრად იწოდება და ტკბილი ბაგეები ცოდნას ჰმატებს.

22

სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, ბრიყვთა სასჯელი კი სიბრიყვეა.

23

ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას ჰმატებს.

24

ამო საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება.

25

არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.

26

მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს.

27

უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია.

28

უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.

29

მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცთუნებს და უკეთური გზით ატარებს.

30

ვინც თვალებს ჭუტავს, უკუღმართს ფიქრობს; ვინც ბაგეებს კუმავს, სიავისთვის მზად არის.

31

დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება.

32

სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს.

33

წილს უბიდან ყრიან, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის.

1

კაცისა მიერ წარმართებაჲ გულისაჲ, ხოლო უფლისა მიერ მიგებაჲ ენისაჲ (რაოდენცა დიდ იყო, ესოდენ დაიმდაბლე თავი თჳსი და წინაშე უფლისა ღმრთისა ჰპოო მადლი).

2

ყოველნი საქმენი მდაბლისანი ცხად არიან წინაშე ღმრთისა და განამტკიცნის სულნი მათნი უფალმან.

3

მიაგორვენ და მიაქციენ უფლისა მიმართ საქმენი შენნი, რათა დაემტკიცნენ გულისსიტყუანი შენნი.

4

ყოველივე ქმნა უფალმან თავით თჳსით, ხოლო უღმრთონი დღესა ბოროტსა წარწყმდენ.

5

არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა; რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უბრალო იყოს, დასაბამი გზისა კეთილისა საქმე სიმართლისა და სათნო არს წინაშე უფლისა უფროჲს ვიდრე შეწირვაჲ მსხუერპლისაჲ.

6

რომელი ეძიებდეს ღმერთსა, პოოს მეცნიერებაჲ სიმართლესა თანა და, რომელი მართლ ეძიებდეს მას, პოოს მშჳდობაჲ.

7

ყოველნი საქმენი ღმრთისანი სიმართლით არიან; ხოლო დაიმარხი უღმრთოჲ დღედ ბოროტისა.

8

უმჯობეს არს მცირედი მისაღებელი სიმართლით, ვიდრე მრავალ ნაყოფი სიცრუჲთ.

9

გული კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რათა ღმრთისა მიერ სლვანი მისნი წარემართნენ.

10

მეცნიერებაჲ არს ბაგეთა მეფისათა და სარჩელსა შინა არა სცთეს პირი მისი.

11

წამი სასწორი უფლისა მიერ, რამეთუ საქმენი მისნი სასწორ სიმართლისაჲ.

12

საძაგელ არს მეფისა მოქმედი ბოროტისა, რამეთუ სიმართლით განემზადების საყდარი მთავრობისა მისისა.

13

სათნო არიან წინაშე მეფისა ბაგენი მეცნიერნი და სიტყუანი მართალნი უყუარან.

14

გულისწყრომაჲ მეფისა ანგელოზი მაკუდინებელი, ხოლო კაცმან გონიერმან ულხინოს მას.

15

ნათელსა შინა ცხორებისასა ძე მეფისაჲ; ხოლო რომელნი სათნო არიან მისა, ვითარცა ღრუბელი მცხუედი.

16

მართუენი სიბრძნისანი უფროჲს და უმეტეს ოქროჲსაჲ, ხოლო მართუენი გონიერებისანი ურჩეულეს უფროჲს ვეცხლისა.

17

ალაგთა ცხორებისათა მოაქციიან ბოროტისაგან, ხოლო სიგრძე ჟამთა (გზანი სიმართლისანი, რომელმან შეიწყნარის სწავლაჲ იგი, კეთილსა შინა იყოს, და, რომელმან დაიმარხოს მხილება, იგი განბრძნდეს, რომელმან დაიმარხნეს გზანი უფლისანი, მან დაიცვნეს სულნი თჳსნი, და, რომელსა უყუარდეს ცხორებაჲ, იგი ერეოდის პირითა თჳსითა);

18

უწინარეს შემუსრვისა ძღჳს გინებაჲ, უწინარეს დაცემისა სახე ბოროტებაჲ.

19

უმჯობეს არს მშჳდი გონებითა სიმდაბლესა თანა, ვიდრე რომელი განიყოფდეს ნატყუენავსა მაგინებელთა თანა.

20

გულისხმის-მყოფელი საქმეთა შინა მპოვნებელი არს კეთილისაჲ, ხოლო, რომელი ესვიდეს უფალსა, სანატრელ იყოს.

21

ბრძენთა და გონიერთა გულისხმის-მყოფელ ჰრქჳან, ხოლო ტკბილნი იგი სიტყჳთა უმეტეს სასმენელღა იყვნენ.

22

წყაროჲ ცხორებისა გონიერებაჲ, რომელთა მოუგიეს იგი; ხოლო სწავლაჲ უგუნურთა - ბოროტ.

23

გულმან ბრძნისამან ცნის თჳსისაგან პირისა და ბაგეთა ჰმოსიეს მეცნიერებაჲ.

24

გოლი თაფლისაჲ სიტყუანი კეთილნი, ხოლო სიტკბოებაჲ მისი სმენაჲ და კურნებაჲ სულისაჲ.

25

არიან გზანი, რომელნი მართალ საგონებელ არიან წინაშე კაცთა, ხოლო უკუანაჲსკნელი მათი ჰხედავს ფსკერსა ჯოჯოხეთისასა.

26

კაცი სალმობათა შინა შურებინ თავით თჳსით და აიძულებს წარწყმედასა თჳსსა, ხოლო გულარძნილსა მას პირსა თჳსსა ჰმოსიეს წარსაწყმედელი თჳსი.

27

კაცმან უგუნურმან ითხარის თავისა თჳსისა წარსაწყმედელი და ბაგეთაგან თჳსთა ცეცხლი დაიუნჯის.

28

კაცი გულარძნილი გამოიღებნ ბოროტსა და ნაბერწყალი ზაკვისა ცეცხლებრ შეუდვის უკეთურთა და განაშორნის მეგობარნი.

29

კაცი უშჯულო გამოცდილ იქმნის მეგობართაგან და მიიყვანნის იგინი გზასა არაკეთილსა.

30

განიმტკიცებნ თუალთა თჳსთა და განიზრახავნ გულარძნილსა და მოიახლის ბაგეთა თჳსთა და იტყჳნ ყოველსა ბოროტსა; ესე საჴუმილი არს უკეთურებისაჲ.

31

გჳრგჳნ სიქადულისა სიბერე, ხოლო გზათა შინა სიმართლისათა იპოების.

32

უმჯობეს არს კაცი სულგრძელი ძლიერებისაგან, ხოლო რომელმან დაითმინის გულისწყრომაჲ, უფროჲს მისსა არს, რომელმანცა დაიპყრას ქალაქი ძნელი.

33

წიაღადვე თჳსად მიუჴდეს ყოველი ცრუთა მათ, ხოლო უფლისა მიერ ყოველი სამართლად.

12345678910111213141516171819202122232425262728293031