იგავნი სოლომონისა, თავი 17
ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი უთანხმოებაში.
გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს.
ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია.
ბოროტი კაცი ავ ბაგეებს უსმენს, ცრუ კაცი უკეთურ ენას უგდებს ყურს.
ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს; ვინც უბედურებაზე იცინის, სასჯელს ვერ გადაურჩება.
მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია.
უგვანს არ მოსდევს რჩეული სიტყვები, როგორც კეთილშობილს ყალბი სიტყვები.
ჯადოსნური თვალია ქრთამი მისი გამღების თვალში; საითაც არ უნდა მიბრუნდეს, წარმატება ექნება.
დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულის მძებნელია, ამბის შემხსენებელი კი მეგობარს იშორებს.
გონიერზე დატუქსვა უფრო სჭრის, ვიდრე უმეცარზე ასი დარტყმა.
უკეთური მხოლოდ შფოთს დაეძებს, ამიტომ მის წინააღმდეგ სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება.
უმჯობესია კაცს ბელებწაგვრილი დათვი შეეჩეხოს, ვინემ სულელი თავისი სიბრიყვით.
სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ გამოელევა.
დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა.
ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორთავე სიბილწეა უფლის წინაშე.
ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ ჭკუა არა აქვს?
მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება.
უჭკუო კაცი პირობას დებს და თავის თვისტომს თავდებად უდგება.
ცოდვის მოყვარულს შუღლი უყვარს, ხოლო საკუთარი კარის მაღლა ამწევი დაღუპვას ეძებს.
გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება.
ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს.
მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს.
გონიერი კაცი სიბრძნის პირისპირ დგას, ბრიყვის თვალები კი ქვეყნის ბოლოს აწყდება.
ბრიყვი შვილი მამის დარდია და დედის ნაღველი.
არ არის კარგი ალალმართლის დასჯა და კეთილშობილთა ცემა სიმართლისთვის.
მცოდნე კაცი სიტყვაძუნწია და გონების კაცი დიდსულოვანია.
მდუმარე სულელიც კი ბრძნად ითვლება, ხოლო პირმოკუმული - ჭკვიანად.
უმჯობეს არს ლუკმა ერთი ტკბილი სიმშვიდით უფროს, ვიდრეღა სახლსა სავსესა სანოვაგეთა, და შფოთითა.
მონა ბრძენი დაიპყრობს უფალსა უგულისხმოსა და, ვითარცა ძმანი, მიიღებნ ნაწილთა.
ვითარცა გამოსცადნის ვეცხლი და ოქრო ბრძმედმან, ეგრეთვე იცნის ღმერთმან გულნი კაცთანი.
ძჳრი მორჩილ არს ენისა ცრუჲსა, ხოლო მართალი არა მიხედავს ბაგეთა მტყუართა.
რომელმან განკიცხოს გლახაკი, განარისხებს შემოქმედსა მისსა, ხოლო, რომელი იხარებდეს შეჭირვებასა ზედა სხვისასა, მას მიუვლინოს ღმერთმან.
გვირგვინი მოხუცებულისა არს შვილისშვილი; ხოლო ქება შვილთა მამა მათი. მორწმუნეთათვის ქვეყანა უნჯ არს, ხოლო ურწმუნოთათვის არცაღა ფოლი ერთი.
არა შვენის უგუნურსა ბაგენი მართალი და არცა მართალსა ბაგენი ცრუნი.
უსასყიდლო მადლი არს წურთილება და, რომელნი ვლენან მაზედ, წარემართოს.
რომელმან დაფაროს ბოროტი სხვისა, განამრავლებს მეგობრობასა, ხოლო, რომელმან განაცხადოს, დაჴსნის მშვიდობასა.
ტუქსვამან შემუსრის გულნი ბრძენთანი, ხოლო უგულისხმონი პატიჟმან ვერ მოაქცივნის.
მჴდომმან აღადგინნის ყოველი ბოროტი და უფალმან მოუვლინის ანგელოზი უწყალო.
ზრუნვა კაცისა ბრძნისა მოიგებს კეთილსა, ხოლო უგუნური იგონებს ბოროტსა.
რომელმან ყოს კეთილისათვის ბოროტი, არ მოაკლდეს სახლსა მისსა ძვირი.
რომელმან მიუშვას წყალი დინებად, დამწყებელი არს შფოთისა, ხოლო პირველ გონებისა პყრობადმდე ბრძანებანი ლტოლვილ იქმნეს.
რომელმან შერაცხოს კეთილი ბოროტად და ბოროტი კეთილად, ორნივე საძაგელ იყოს წინაშე უფლისა.
რა სარგებელ არს უგუნურთათვის საუნჯე ფრიადი, ვინათგან ვერა მიჴდეს სიბრძნესა მცირესა.
ძმანი ჭირსა შინა საჴმარ არიან, ამისთჳსცა იშვნიან.
კაცი უგუნური ტყუელავნ და მოსცხრებინ თავისა თჳსისა, რაჟამს თავს-იდებნ თავს-დებასა თჳსთა მეგობართასა,
ხოლო ცოდვისმოყუარესა უხარინ ლალვაჲ,
ხოლო გულფიცხელი არა შეემთხჳოს კეთილსა; კაცი, რომელი გარდაიქცეოდის ენითა თჳსითა, შევარდეს იგი ძჳრსა.
გული უგუნურთა სალმობაჲ მომგებელისა თჳსისაჲ; არა იხარებნ მამაჲ ძესა ზედა უსწავლელსა; ხოლო შვილმან ბრძენმან მხიარულ-ყვის დედაჲ თჳსი.
გულმან მხიარულმან კეთილ და ბრწყინვალე ქმნის, ხოლო კაცისა მწუხარისაგან ჴმებიან ძუალნი.
რომელი მიიღებდეს ქრთამსა წიაღთა სიცრუვით, არა წარემართნენ მას გზანი, რამეთუ გარდაჰგულარძნის გზანი სიმართლისანი.
პირი კაცისა გულისჴმის-მყოფელისა ბრძენ, ხოლო თუალნი უგუნურთანი კიდეთა ქუეყანისათა.
ზღუევაჲ კაცისა მართლისა არა კეთილ არს, არცა ღირს ძჳრისხრახვაჲ ძლიერთა მართალთათჳს.
რომელი ერიდებოდის სიტყუასა ფიცხელსა წარმოღებად, იგი გონიერ არს და სულგრძელ კაცი ბრძენ.
ჰკითხეს რაჲმე უგუნურსა სიბრძნე, სიბრძნედ შეირაცხის, რამეთუ გონებაჲ მოკჳრნედ თავი თჳსი ყო და ჰგონია, ვითარმედ ბრძენ არს.