იგავნი სოლომონისა, თავი 1
იგავები სოლომონისა, დავითის ძისა, იერუსალიმის მეფისა.
სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად;
ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად.
ბრიყვთათვის გამჭრიახობის, ყრმისათვის ცოდნისა და გონიერების მისანიჭებლად.
გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა.
რომ მიხვდეს იგავს და ანდაზას, ბრძენთა ნათქვამებს და მათ არაკებს.
უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.
ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
რადგან იგი ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და შენი ყელის სამკაულია.
შვილო, თუ ცოდვილნი ეცდებიან შენს შეცთენას არ დაჰყვე მათ ნებას.
თუ გეტყვიან: წამო ჩვენთან, მოსაკლავად ჩავუსაფრდეთ, უდანაშაულოს დავუდარაჯდეთო,
შავეთივით ჩავყლაპოთ ცოცხლები და ალალმართალნი სასიკვდილოდ განწირულთა მსგავსადო,
მოვჩხრიკოთ ყოველი ძვირფასეულობა და სახლები ნაძარცვ-ნაგლეჯით ავივსოთო,
წილი ჰყარე ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვქონდესო ყველას, -
შვილო, ნუ წახვალ მათ გზაზე, მოარიდე ფეხი მათ ბილიკებს,
რადგან მათი ფეხი საბოროტოდ გარბის და სისხლის დასაღვრელად იჩქარის.
ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ:
თავიანთი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან და საკუთარი თავის მოსაკლავად დადარაჯებულან.
ასეთია გზა ყოველი მძარცველისა: საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს.
სიბრძნე გარეთ მღერის, მოედნებზე გამოსცემს ხმას;
ხმაურიან ადგილებში ქადაგებს, კარიბჭეებთან, ქალაქში, აცხადებს თავის სიტყვას:
როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თვქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?
მოუბრუნდით ჩემს დარიგებებს: აჰა, გადმოგაღვრით ჩემს სულს, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.
ვინაიდან მე გეძახდით, თქვენ კი უარმყოფდით; ხელს აღვმართავდი, გამგონე კი არავინ იყო.
უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით.
და მეც გავიცინებ თქვენს უბედურებებზე, გავიხარებ, როცა თავზარი დაგეცემათ;
როცა დაგეცემათ შიში ქარტეხილივით და გრიგალივით დაგატყდებათ უბედურება, როცა მოვა თქვენზე ჭირი და ვაება.
მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან,
რაკი შეიძულვს ცოდნა და უფლის შიში არ ირ ჩიეს,
არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება,
იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან.
რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა.
ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება.
იგავნი სოლომონისნი, ძისა დავითისა, რომელი მეფობდა ისრაჱლსა ზედა,
ცნობად სიბრძნისა და სწავლულებისა, ცნობად სიტყუათა გონიერებისათა,
შეწყნარებად ქცევითა სიტყუათა, ცნობად სიმართლისა ჭეშმარიტებით და სასჯელისა წარმართებად,
რათა მისცეს უმანკოთა მეცნიერებაჲ და ყრმათა ჩჩჳლთა ცნობაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ.
რომელთა ესმეს ბრძენსა და უბრძნეს იყოს; მენავეთმოძღურობაჲ მოიპოოს, ხოლო მეცნიერმან მოღუაწებაჲ მოიპოოს,
ცნას იგავი და დაფარული სიტყუაჲ, თქმული ბრძენთაჲ, და უწყებანი მათნი.
და დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა. გულისჴმა კეთილ ყოველთა, რომელთა ყონ იგი, ხოლო კუალად მსახურებაჲ ღმრთისამიმართი, დასაბამ ცნობისა - სიბრძნე და სწავლულებაჲ უღმრთოთა შეურაცხ-ყვიან.
ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისაჲ, და ნუ განეშორები შჯულსა დედისა შენისასა,
რამეთუ გჳრგჳნი მადლისა დაიდგა თავსა შენსა, და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა შენსა.
შვილო, ნუსადა გაცთუნებენ შენ კაცნი უღმრთონი, ნუცა ინებებ სლვად გზათა მათთა.
გილოცვიდენ ღათუ და გეტყოდიან: მოედ ჩუენ თანა და მეზიარე სისხლსა დავარწყოთ ქუეყანად კაცი მართალი სიცრუვით,
და შთავნთქათ იგი, ვითარცა ჯოჯოხეთმან ცხოველი, და აღვიღოთ ქუეყანით საჴსენებელი მისი.
და მონაგები მისი მრავალსასყიდლისაჲ დავიპყრათ და აღვავსნეთ სახლნი ჩუენნი ნატყუენავითა.
ნაწილი შენ შემოჰრთე ჩუენ თანა და ზოგად პავასიკი მოვიგოთ ყოველთა და ვაშკარანი ერთი იყავნ ჩუენ ყოველთაჲ.
შვილო, ნუ ხვალ გზასა მათ თანა. მოაქციენ ფერჴნი შენნი ალაგთაგან მათთა,
რამეთუ ფერჴნი მათნი ბოროტისა მიმართ რბიან და მოსწრაფე არიან დათხევად სისხლისა,
რამეთუ არა ცუდად დაურწყიან მახე მფრინველსა,
რამეთუ იგინი, რომელნი კაცის-კლვასა თანამდებ არიან, იუნჯებენ თავისა თჳსისა ძჳრსა, ხოლო დაქცევაჲ კაცთა უშჯულოთაჲ ბოროტ არს.
ესე გზანი არიან ყოველთანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რამეთუ უღმრთოებითა სულნი მათნი წარიწყმიდნიან.
სიბრძნე გამოსავალთა იქებინ და უბანთა ზედა განცხადებულად იქცევის,
ზედა წუერთა ზღუდეთასაჲ იქადაგების, ბჭეთა ზედა ძლიერთასა დაადგრების, ბჭეთა ზედა ქალაქისათა კადნიერად იტყჳნ.
რაოდენ ჟამ უმანკონი იყვნენ, სიმართლესა შინა არა ჰრცხუენოდის, ხოლო უგუნურნი იგი გინებისა არიან გულისმთქუმელ: უღმრთო იქმნეს და მოიძულეს მეცნიერებაჲ,
და თანამდებ იქმნეს მხილებისა; აჰა, ესერა, მე წინაგიყოფ თქუენ სულისა ჩემისა თქუმულთა და გასწავლნე თქუენ სიტყუანი ჩემნი.
რამეთუ გიწოდე თქუენ და არა ისმინეთ ჩემი. და განვაგრძვენ სიტყუანი ჩემნი და არა მერჩდით მე.
არამედ შეურაცხ-ჰყვენით ზრახვანი ჩემნი და მხილებათა ჩემთა არა მომხედეთ.
აწ უკვე წარწყმედასა თქუენსა მეცა გეცინოდი და მომცხრებოდის.
რაჟამს მოიწიოს თქუენ ზედა ჭირი მომსრველი და ოდეს იგლოვდეს თქუენ ზედა მეყსეულად შფოთი, ხოლო დაქცევაჲ მსგავსად ნიავქარისა მოვიდეს, ანუ რაჟამს მოგიჴდეს თქუენ ჭირი და გარემოდგმაჲ.
რამეთუ იყოს, ოდეს მხადოდით მე, ხოლო მე არა ვისმინო თქუენი; მეძიებდენ მე უკეთურნი და არა მპოონ,
რამეთუ მოიძულეს სიბრძნე და შიში ღმრთისაჲ არა გამოიძიეს,
და არცა ინებეს ჩემთა ზრახვათა კრძალვაჲ და შეურაცხ-ყვნეს მხილებანი ჩემნი.
აწ უკუე ამიერითგან ჭამდენ თავისა თჳსისა გზისა ნაყოფსა და გულისთქუმითა თჳსითა განძღენ.
ამისთჳს, რამეთუ ავნებდეს ჩჩჳლთა და მოსწყუედდეს, და განკითხვამან უღმრთონი მოსრნეს,
ხოლო რომელმან ისმინოს ჩემი, და დაემკჳდროს სასოებით, და დაადგრეს უშიშად ყოვლისაგან ბოროტისა.